დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-999-1250-05 10 თებერვალი, 2006 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
სხდომის მდივანი _ გურამ სუპატაშვილი
კასატორი და კერძო საჩივრის ავტორი _ ელისაბედ ტ-შვილის უფლებამონაცვლე ნიკოლოზ ტ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. გ-ნი და თ. ფ-ძე
წარმომადგენელი – ნ. დ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება და განჩინება _ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ ბინის ქირის გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1999 წლის 10 აგვისტოს ელისაბედ ტ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების _ ა. გ-ნის, ნ. ხ-შვილისა და თ. ფ-ძის მიმართ ბინის ქირის გადახდევინების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, 1995 წლის მარტში, მასსა და მის შვილს, ნიკოლოზ ტ-შვილს, თხოვნით მიმართა ე.გ-ნმა, რომ თვითონ და მისი ოჯახის წევრები (დედა _ ა.გ-ნი, ქალიშვილი _ ნ.ხ-შვილი და არარეგისტრირებული მეუღლე _ თ.ფ-ძე) ქირით შეეშვა ქ.თბილისში, ….. მდებარე ¹5 ბინაში.
მოპასუხეებმა ე.ტ-შვილს აჩვენეს ხელშეკრულება, რომელიც დადებული იყო მათ ოჯახსა და სამშენებლო კოოპერატივ «...-90-ს» შორის, რომლის თანახმად, ქ.თბილისში ….. შესახვევი ¹5-ში მდებარე სახლში სამოთახიანი ბინა ირიცხებოდა ა. გ-ნის სახელზე, რომელიც საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა „...-90-ის“ მიერ აღებულ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად.
საბინაო ამხანაგობამ „... 90“-მა ხელშეკრულებით იკისრა ვალდებულება, რომ ა. გ-ნის ოჯახს მშენებარე სახლში დააკმაყოფილებდა ოთხოთახიანი ბინით, ხოლო მშენებლობის დამთავრებამდე ქალაქის ცენტრში დაუქირავებდა სამოთახიან კეთილმოწყობილ ბინას.
ერთი წლის განმავლობაში ამხანაგობა „...-90-ის“ თავმჯდომარე ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, შემდგომში კი ა.გ-ნს შეუწყვიტა ბინის ქირის გადახდა.
1995 წლის აპრილიდან 1999 წლის ივლისამდე ა. გ-ნი, მისი ქალიშვილი ე. გ-ნი, შვილიშვილი ნ. ხ-შვილი და ე. გ-ნთან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში მყოფი თ. ფ-ძე ცხოვრობდნენ ქ.თბილისში, …. ¹105-ში ელისაბედ ტ-შვილის კუთვნილ ბინაში.
ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. გ-ნის სარჩელი ამხანაგობა „... 90-ის“ მიმართ ბინის ქირის გადახდევინების შესახებ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9040 აშშ დოლარის შესაბამისი კურსით ლარებში გადახდა.
1998 წლის დეკემბერში ა. გ-ნმა კვლავ შეიტანა სარჩელი ამხანაგობა „... 90-ის“ მიმართ მის სახელზე მშენებარე ოთხოთახიანი ბინის თ. წ-ზე გასხვისების ნებართვის მიცემისა და 1998 წლის 1 აპრილიდან ბინის ქირის _ თვეში 400 აშშ დოლარის გადახდევინების შესახებ.
მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა წ-ზე ბინის გასხვისების ნებართვის მიცემის ნაწილში, ხოლო ბინის ქირის დაკისრების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ამხანაგობა „...-მა“. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 25 მარტის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება, რომლის თანახმად ა. გ-ნმა უარი განაცხადა მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა „...-90-ზე“ დაკისრებული 9040 აშშ დოლარის და შემდგომი პერიოდის ბინის ქირის მიღებაზე. ა. გ-ნს ნება დაერთო, რომ მშენებარე ბინა გაესხვისებინა თ.წ-ზე. ამხანაგობა „...-90-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3000 აშშ დოლარის გადახდა.
1997 წელს გარდაიცვალა ე. გ-ნი.
1999 წლის აგვისტოში ელისაბედ ტ-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ა. გ-ნის, ნ. ხ-შვილისა და თ. ფ-ძის მიმართ ბინის ქირის დაკისრების შესახებ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს საბინაო-სამშენებლო ამხანაგობა „... 90-ისაგან“ თანხების მიღების შემდეგ ბინის ქირის დავალიანების დაფარვის თაობაზე მიცემული დაპირება.
მოსარჩელემ მოითხოვა 14000 აშშ დოლარის გადახდევინება.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ საფუძვლით, რომ ბინაში შესახლდნენ ელისაბედ ტ-შვილის ვაჟიშვილის ნიკოლოზ ტ-შვილის თხოვნით, სანაცვლოდ მათ იკისრეს ვალდებულება, რომ მოუვლიდნენ ელისაბედ ტ-შვილს და ნიკოლოზ ტ-შვილის შვილს უფასოდ ჩაუტარებდნენ მუსიკის გაკვეთილებს.
სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე გარდაიცვალა ა. გ-ნი, რის შემდეგ მოპასუხეებად დარჩნენ ნ. ხ-შვილი და თ. ფ-ძე.
ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 11000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარების გადახდა.
მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელს ეთქვა უარი, ხოლო ამავე სასამართლოს 2005 წლის 14 აპრილის საოქმო განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე, ნ.ტ-შვილის სარჩელზე თ.ფ-ძის მიმართ ბინის ქირის გადახდის თაობაზე საქმის წარმოება შეწყდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1995 წლის აპრილის ბოლოს ა. გ-ნი, მისი ქალიშვილი ე. გ-ნი და შვილიშვილი ნ. ხ-შვილი (ამჟამად გ-ნი), აგრეთვე, ე. გ-ნის არარეგისტრირებული მეუღლე თეიმურაზ ფ-ძე შესახლდნენ ნიკოლოზ ტ-შვილის დედის _ ელისაბედ ტ-შვილის სახელზე რიცხულ ქ.თბილისში, …… მდებარე ¹5-ში ბინაში.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს 1964 წლის სამოქალაქო კოდექსი, რადგან მხარეთა შორის სადავო ურთიერთობა წარმოიშვა 1995 წელს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 270-ე მუხლის მეორე ნაწილით და არ გაიზიარა ნ.ტ-შვილის განმარტება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის არსებობდა ქირავნობის ხელშეკრულება, რომელიც ჩაკერებული იყო დღეისათვის დაკარგულ საქმეში ¹2/117. ვინაიდან, აღნიშნული სამოქალაქო საქმე შესწავლილ იქნა რაიონული სასამართლოს მიერ, რომელმაც დაადგინა, რომ მხარეთა შორის წერილობითი ხელშეკრულება არ არსებობს, რაც გაიზიარა სააპელაციო სასამართლომაც.
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 1995 წლის 5 ივლისის ხელწერილს, რომლის თანახმად ნ.ტ-შვილმა ნ.ხ-შვილისაგან მიიღო 1500 აშშ დოლარი ……. მდებარე ¹5-ში ბინაში ცხოვრების საფასურად, ხელს არ აწერს არც ნ.ტ-შვილი და არც ნ.გ-ნი. აღნიშნული ხელწერილით არ დგინდება, რომ ნ.გ-ნსა და ე.ტ-შვილს შორის არსებობდა გარიგება ბინის ქირავნობის თაობაზე, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელესა და ნ.გ-ნს შორის ქირავნობის ურთიერთობის არსებობას, მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და მიიჩნია, რომ ნ.ტ-შვილის მოთხოვნა ნ.გ-ნზე ბინის ქირის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ნ.გ-ნსა და მოსარჩელეს შორის გარიგება ბინით სარგებლობაზე იყო სასყიდლიანი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ქირის თანხა უნდა დაეკისროს ნ.გ-ნს, როგორც ა. გ-ნის უფლებამონაცვლეს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებიდან არ დგინდება, მიიღო თუ არა ნ. გ-ნმა გაყიდული ბინის საფასური, ასევე საქმის მასალებით არ დგინდება, რომ ა.გ-ნს დარჩა სამკვიდრო და იგი მიიღო ნ. გ-მა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ.ხ-შვილს ვერ დაეკისრება გარდაცვლილი ა.გ-ნის ვალების გასტუმრება აღნიშნულის არსებობის შემთხვევაშიც კი.
ამრიგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ნ.ტ-შვილის მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ქირის თანხა დაეკისროს ნ.გ-ნს, როგორც ა.გ-ნის უფლებამონაცვლეს, უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2005 წლის 21 აპრილს ნიკოლოზ ტ-შვილმა წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს შენიშვნები 2005 წლის 14 აპრილის სხდომის ოქმზე, რაც თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 25 აპრილის განჩინებით დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. ასევე 2005 წლის 21 აპრილს ნ.ტ-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, რომელიც ამავე სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ.ტ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ საქმეში წარმოდგენილია უამრავი მტკიცებულება და ახსნა-განმარტება, რაზედაც სასამართლოს არ უმსჯელია და არ გამოუტანია შესაბამისი გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ტ-შვილმა და მოთხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ძველი 1964 წლის სამოქალაქო კოდექსი, რადგან დავა მხარეებს შორის წარმოიშვა 1999 წლის 5 ივლისს.
ნ.ტ-შვილის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასათანადოდ შეისწავლა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და ისე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საკასაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის, 105-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების, 106-ე მუხლის «ბ» ქვეპუნქტის, 109-ე მუხლის, 111-ე მუხლის პირველი ნაწილის, 112-ე, 134-ე, 135-ე, 140-ე, 266-ე მუხლების მოთხოვნები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 1995 წლის აპრილის ბოლოს ა. გ-ნი, მისი ქალიშვილი ე. გ-ნი, შვილიშვილი ნ. გ-ნი (ხ-შვილი), აგრეთვე, ე. გ-ნის არარეგისტრირებული მეუღლე თეიმურაზ ფ-ძე შესახლდნენ ნიკოლოზ ტ-შვილის დედის – ელისაბედ ტ-შვილის სახელზე რიცხულ სახლში, მდებარე თბილისში, ...... ქ. ¹105-ში. ურთიერთობა მხარეთა შორის წარმოიშვა 1995 წელს. 1997 წელს გარდაიცვალა ე. გ-ნი, ხოლო სასამართლოში დავის გადაწყვეტამდე გარდაიცვალა ა. გ-ნი. ნ. გ-ნსა და ე.ტ-შვილს შორის გარიგება ქირავნობის თაობაზე არ დასტურდება. საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ ნ. გ-ნს სამკვიდრო არ მიუღია. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა სასამართლოსათვის, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ გარემოებებს.
სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ვინაიდან მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1995 წელს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსი, შესაბამისად, კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსი, ვერ იქნება გაზიარებული.
სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ქონების ქირავნობის ხელშეკრულება მოქალაქეთა შორის ერთ წელზე მეტი ვადით უნდა დაიდოს წერილობით. ამავე კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად, კანონით დაწესებული გარიგების მარტივი წერილობითი ფორმის დაუცველობა უსპობს მხარეებს უფლებას, რომ დავის შემთხვევაში გარიგების დასადასტურებლად დაეყრდნონ მოწმეთა ჩვენებებს, მაგრამ არ უსპობს მათ უფლებას წარმოადგინონ წერილობითი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
განსახილველ საქმეზე რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ე.ტ-შვილსა და ნ. გ-ნს შორის ქირავნობის ურთიერთობის არსებობას, მოსარჩელის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ მხარეთა შორის არსებობდა ქირავნობის წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც ჩაკერებული იყო დღეისათვის დაკარგულ საქმეში, ვინაიდან აღნიშნული დაკარგული საქმე შესწავლილი იყო რაიონული სასამართლოს მიერ, რომელმაც დაადგინა, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა ქირავნობის წერილობითი ხელშეკრულება.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას, რომ ქირის თანხა უნდა დაეკისროს ნ. გ-ნს, როგორც ა. გ-ნის უფლებამონაცვლეს, ასევე ვერ იქნება გაზიარებული, რადგან, სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეული წილის პროპორციულად. საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება, რომ ა. გ-ნს დარჩა სამკვიდრო და იგი მიიღო ნ. გ-ნმა. ამდენად, ნ. გ-ნს ვერ დაეკისრება გარდაცვლილი ა. გ-ნის ვალების გასტუმრება.
არასწორია კასატორის მტკიცება, რომ მას უარი არ უთქვამს სარჩელზე თ. ფ-ძის მიმართ, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ თანხა უნდა დაეკისროს ნ. გ-ნს და არა თ. ფ-ძეს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ელისაბედ ტ-შვილი სასარჩელო განცხადებით მოპასუხეებისაგან მოითხოვდა თანხის გადახდევინებას. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. ფ-ძეს დაეკისრა 10 800 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ტ-შვილმა, რომელიც საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ ქირავნობის თანხის გადახდა უნდა დაეკისროს ნ.გ-ნს და არა თ.ფ-ძეს. საკასაციო სასამართლოს 2004 წლის 30 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხ-ხლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საქმის ხ-ხლა განხილვის დროს. ნ. ტ-შვილმა დააზუსტა თავისი მოთხოვნა და მოითხოვა, რომ ქირის თანხა დაეკისროს ნ. გ-ნს და არა ფ-ძეს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან განსახილველ საქმეზე სარჩელის საგანია ქირის თანხის გადახდევინება, მოსარჩელემ კი უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნაზე თ.ფ-ძისათვის ქირის თანხის დაკისრებაზე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეწყვიტა საქმის წარმოება. ამასთან, 2005 წლის 14 აპრილის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე ნ. ტ-შვილს არ გაუსაჩივრებია და იგი კანონიერ ძალაშია.
რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებს, აღნიშნულის არსებობის შემთხვევაშიც, ვერ გახდება გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გამოტანილია სწორი გადაწყვეტილება, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ასევე ნ. ტ-შვილის კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 3 ივნისის განჩინებაზე. ნ. ტ-შვილი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ უმსჯელია საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და არ გამოუტანია შესაბამისი გადაწყვეტილება. ნ. ტ-შვილი განმარტავდა, რომ მას უფლება აქვს მოითხოვოს თანხის გადახდა ნ. გ-ნისაგან, თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ ცალკე ნ. გ-ნზე თანხის დაკისრება დაუშვებელია, მაშინ არსებობს სოლიდარული ვალდებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის პირობებს, კერძოდ, დამატებითი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იქნეს გამოტანილი, თუ ამ საქმეზე გამოტანილი ძირითადი გადაწყვეტილება არ შეიცავს პასუხს მხარის ისეთი მოთხოვნის მიმართ, რომელიც, მართალია, იყო განხილვის საგანი, მაგრამ გადაწყვეტილება არ გამოტანილა. განსახილველ საქმეზე გამოტანილი ძირითადი გადაწყვეტილება შეიცავს პასუხს მხარის მოთხოვნაზე (ნ. გ-ნზე თანხის დაკისრება), ნიკოლოზ ტ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნაზე თ. ფ-ძის მიმართ, საქმის წარმოება შეწყდა ნ.ტ-შვილის მიერ მასზე უარის თქმის გამო. სხვა სასარჩელო მოთხოვნა ნ.ტ-შვილს არ ჰქონია. ამდენად, არ არსებობდა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის მიზეზები, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველიც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ტ-შვილის კერძო საჩივარი და საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება და 3 ივნისის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.