შეიცვალა კვალიფიკაცია
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
56კოლ 23 იანვარი, 2007 წ.
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ზაზა მეიშვილი, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივან _ გ. ბუხრაშვილის
პროკურორების _ ნ. ნ-ის, ტ. კ-ას
ადვოკატების _ მ. ჯ-ის, ი. ჭ-ას, ნ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულების: ვ. მ-ის, შ. და გ. ა-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 1 მარტის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 1 მარტის განაჩენით:
1. გ. ა-ეს, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით, 19-109-ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (1995 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი), 228-ე მუხლის III ნაწილით (1960 წლის რედაქცია), 1331-ე მუხლის I ნაწილით (1960 წლის რედაქცია), 240-ე მუხლის I, II ნაწილებით (1960 წლის რედაქცია), 19-109-ე მუხლის “ა”, “გ”, “ზ”, “თ” ქვეპუნქტებით (2004 წლის 24 მარტის ეპიზოდი), 187-ე მუხლის I და II ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების თანახმად, სასჯელად განესაზღვრა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 24 მარტიდან.
2. შ. ა-ეს, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით, 19-109-ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (1995 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი), 1331-ე მუხლის I ნაწილით (1960 წლის რედაქცია), 240-ე მუხლის I, II ნაწილებით (1960 წლის რედაქცია), 19-109-ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით (2004 წლის 24 მარტის ეპიზოდი), 187-ე მუხლის I, II ნაწილებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების თანახმად, სასჯელად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2004 წლის 24 მარტიდან.
3. ვ. მ-ს, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II ნაწილებით, 187-ე მუხლის I, II ნაწილებით, 19-109-ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილების თანახმად, სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მსჯავრდებულ ვ. მ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში გატარებული დრო _ 2004 წლის 24 მარტიდან 2005 წლის 11 ივნისამდე და საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით, 9 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. იგი სასჯელს იხდის 2006 წლის 1 მარტიდან.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
გ. ა-ემ 1994-1995 წლებში გამოძიებით დაუდგენელი პირისაგან, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ტექნიკურად გამართული და მოხმარებისათვის ვარგისი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა _ ამავე ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო ვაზნები, რომლებსაც იგი ინახავდა და ატარებდა დროგამოშვებით, მართლსაწინააღმდეგოდ.
1995 წლის 24 ოქტომბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, დაბა მესტიიდან, მესტიის რაიონის სოფელ ---ის მიმართულებით, გაზ-469 მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდნენ ამავე რაიონის შს განყოფილების თანამშრომლები: განყოფილების უფროსის მოადგილეები _ გ. რ-ი და მ. მ--ი, სისხლის სამართლის სამძებრო ქვეგანყოფილების ინსპექტორი ა. კ-ი, მძღოლი -პოლიციელი მ. დ-ი. სოფელ ---ში, გზაზე, მგზავრთა მოსაცდელ ჯიხურთან, ავტომანქანებსა და მგზავრებზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების მიზნით ჩასაფრებულნი იყვნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებული ძმები _ გ. და ო. ა-ი. როდესაც მ. დ-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა მიუახლოვდა მოსაცდელ ჯიხურს, ჩასაფრებულებმა იცნეს პოლიციის მუშაკები და, მათი ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღების ხელში ჩაგდებისა და გატაცების მიზნით, განიზრახეს პოლიციის მუშაკებზე თავდასხმა. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, როგორც კი ავტომანქანა გასცდა მოსაცდელ ჯიხურს, მას ავტომატური იარაღებიდან სროლა დაუწყეს ძმებმა ა-მა. მასობრივი ცეცხლის ქვეშ მძღოლმა მ. დ-მა გაიარა რამდენიმე ათეული მეტრი, შემდეგ გააჩერა ავტომანქანა, რომლიდანაც გადმოვიდნენ პოლიციის მუშაკები და დაიწყეს თავშესაფრის ძებნა. გ. და ო. ა-ი მიუახლოვდნენ მათ და მოსთხოვეს იარაღის მათთვის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრნენ აფეთქებითა და მოკვლით, თანაც მათი მიმართულებით გადააგდეს ხელყუმბარა, რომელიც აფეთქდა ავტომანქანიდან 6-7 მეტრის მოშორებით. მიუხედავად მუქარისა და რეალური საფრთხისა, პოლიციის მუშაკებმა არ შეასრულეს მათი მოთხოვნა, პირიქით, მოსთხოვეს იარაღის დაყრა და დანებება. ამით განაწყენებულმა ო. და გ. ა-მა პოლიციის მუშაკებს, მათი განზრახ მოკვლის მიზნით, ავტომატური იარაღებიდან კვლავ გაუხსნეს ცეცხლი, რა დროსაც მ. დ-მა მიიღო სხეულის სასიკვდილო დაზიანება და შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ცოცხლად გადარჩენილი პოლიციის მუშაკები არ ნებდებოდნენ და განაგრძობდნენ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევას.
პოლიციის მუშაკებზე თავდასხმისა და მ. დ-ის მკვლელობის შესახებ იმავე დღესვე ცნობილი გახდა შს მესტიის რაიონული განყოფილების უფროსის _ ე. ნ-ის, ამავე განყოფილების პოლიციელების _ რ. ა-ის, ბ. გ-სა და ---ის ქვეგანყოფილების უფროსის _ მ. გ-ის, რომლებიც ე. ნ-ის ხელმძღვანელობით მაშინვე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. როგორც კი ისინი მიუახლოვდნენ ჩასაფრების ადგილს, გ. და ო. ა-მა თავიანთი თანამებრძოლების დახსნის მიზნით მისულ პოლიციის მუშაკებს, განზრახ მოკვლის მიზნით, ავტომატური იარაღებიდან დაუწყეს მასობრივი სროლა. ოპერატიულმა ჯგუფმა, რომელიც რიცხობრივად საგრძნობლად ჭარბობდა დამხვდურებს, საპასუხო ცეცხლით უპასუხა მათ, მოაქციეს ისინი ალყაში და ცდილობდნენ მათ დაკავებას. პოლიციელების მიერ გ. და ო. ა-ის ალყაში მოქცევის ფაქტი რამდენიმე ხანში ცნობილი გახდა მათი მშობლის _ ე. ა-სა და ძმის _ შ. ა-თვის. ისინი, ასევე მათ ოჯახში მოსამსახურედ მყოფი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ა. დ-ვი, შეიარაღდნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით, საბრძოლო მასალით, ხელყუმბარებით და ალყაში მოქცეულთა დასახსნელად მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. სროლის შედეგად ფეხის არეში დაიჭრა პოლიციის უფროსი ე. ნ-ი, რომელმაც მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ამასთან, პოლიციის მუშაკების, მათ შორის _ ე. ნ-ის წინააღმდეგობის მიუხედავად, ე. და შ. ა-მა, მათმა თანამზრახველმა _ ა. დ-მა მოახერხეს მძევლად ხელში ჩაეგდოთ ე. ნ-ის ოპერატიული ჯგუფის წევრები, პოლიციის მუშაკები _ რ. ა-ი და მ. გ-ი, რომლებსაც წაართვეს ტაბელური იარაღები, რის შემდეგაც დანარჩენ პოლიციელებს მოსთხოვეს, შეეწყვიტათ სროლა და მიეცათ მათთვის შემთხვევის ადგილიდან უვნებლად გასვლის საშუალება. წინააღმდეგ შეთხვევაში, იმუქრებოდნენ მძევლად აყვანილ პირთა ფიზიკური განადგურებით. ბოროტმოქმედებმა დააღწიეს ალყას თავი და თან გაიტაცეს მძევლები, რომლებიც გარკვეული პერიოდის შემდეგ გაათავისუფლეს.
1996 წლის მაისში, დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, შს მესტიის განყოფილებაში მიავლინეს პოლიციის მუშაკთა ჯგუფი ზუგდიდისა და ქ.ფოთის შს სამმართველოებიდან. 28 მაისს სოფელ ---ის ტერიტორიაზე განთავსებულ შს ქვეგანყოფილებაში იმყოფებოდნენ ზემოთ დასახელებული სამმართველოების თანამშრომლები _ ჯ. ნ-ა, ზ. ხ-ა და სხვები, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ პოლიციის ადგილობრივ მუშაკებთან ერთად მოეხდინათ პატრულირება სოფელ ---სა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
იმავე დღეს სოფელ ---ში ტარდებოდა ადგილობრივ წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა, რასთან დაკავშრებითაც სოფლის ცენტრში შეგროვილი იყო ადგილობრივი მოსახლეობა. სამხედრო სამსახურში წვევამდელთა გაწვევის ჩაშლის მიზნით, დაახლოებით 16 საათზე სოფლის ცენტრში შეიჭრნენ სოფელ ---ში მცხოვრები, ცეცხლსასროლი იარაღებით, ტყვიამფრქვევებით, ავტომატითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული ძმები – ო. და გ. ა-ი, რომლებმაც უხეშად დაარღვიეს რა საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა საზოგადოებისადმი, რომელიც გამოირჩეოდა უაღრესად დიდი ცინიზმითა და განსაკუთრებული თავხედობით, წინააღმდეგობა გაუწიეს და ძალადობა გამოიყენეს პოლიციის მუშაკების მიმართ, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გ. ა-ემ ტყვიამფრქვევის კონდახი ჩაარტყა პოლიციის მუშაკ კ. გ-ს, ხოლო ო. ა-ემ ავტომატის კონდახი ჩაარტყა პოლიციის მუშაკ ვ. გ-ს. ძმები ა-ები იგინებოდნენ, პოლიციის მუშაკებს აყენებდნენ როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას. გ. ა-ემ ძალადობის გამოყენებით ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი წაართვა კ. გ-ს, რაც მაშინვე იქნა მისგან ამოღებული. რადგან რჩევითა და სიტყვიერი მოწოდებით შეუძლებელი გახდა გ. და ო. ა-ების დამშვიდება და იქიდან გაყვანა, პოლიციის მუშაკებმა ჰაერში რამდენჯერმე გამაფრთხილებლად ისროლეს. სროლის ხმაზე ძმები ჩასხდნენ „ნივის“ მარკის ავტომანქანაში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ამასთან, გაქცევის დროს გ. ა-ემ ხელყუმბარას მოაძრო დამცავი რგოლი და გადააგდო შს ქვეგანყოფილების ეზოში, სადაც იგი აფეთქდა,M მაგრამ დაზიანება იქ მყოფთ არ მიუღიათ.
2004 წლის 24 მარტს საქართველოს შს სამინისტროს გენერალ გ. გ-ს სახელობის შინაგანი ჯარების სპეციალური დანიშნულების რაზმმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოსა და საქართველოს უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა მესტიის რაიონის სოფელ ---ში ჩაატარეს ანტიკრიმინალური ოპერაცია განსაკუთრებით მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩამდენი პირების, ძებნილ ბრალდებულთა, მათ შორის _ ო. და გ. ა-ების ადგილსამყოფლის დადგენა-დაკავების მიზნით, რა დროსაც ე., ო., შ. და გ. ა-ებმა და მათთან შინამოსამსახურედ მყოფმა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ. მ-მა შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს ოპერაციაში მონაწილე პოლიციის მუშაკებს. სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და პოლიციის მუშაკების განზრახ მოკვლის მიზნით, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნიდა საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან და ტყვიამფრქვევიდან დამიზნებითი სროლებით დააზიანეს ოპერაციაში ჩართული შს სამინისტროს საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შვეულმფრენი „მი8 მტვ-1“, რომლის ბორტზე ამ დროს იმყოფებოდა 11 პოლიციის მუშაკი, კერძოდ: ხობის შს რაიონული განყოფილების უფროსი მ. ს-ი, საქართველოს შს სამინისტროს გენერალ გ. გ-ს სახელობის სპეცდანიშნულების სამმართველოს თანამშრომლები: ზ. ტ-ი, კ. შ-ე, გ. ჟ-ა, დ. ქ-ი, მ. წ-ი, ზ. ბ-ე, საქართველოს შს სამინისტროს სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის მოადგილე ე. კ-ე, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ დანიშნულებათა რაზმის მეთაური ბ. ჩ-ა და ამავე რაზმის ჯავშანტრანსპორტიორის ეკიპაჟის მეთაური კ. ხ-ა.
აღნიშნულით გ. ა-ემ და მისმა სხვა თანამზრახველებმა პოლიციის მუშაკების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეუქმნეს რეალური საფრთხე. ვ. მ-მა, ე., ო., შ. და გ. ა-ებმა თავიანთი განზრახვა _ პოლიციის მუშაკების განზრახ მკვლელობა _ სისრულეში ვერ მოიყვანეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. კერძოდ, ვერტმფრენის პილოტმა, საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის საავიაციო რაზმის მეთაურმა შ. ქ-ემ დიდი ძალისხმევისა და მაღალი ოსტატობის გამოჩენის შედეგად შეძლო, დაზიანებული საბრძოლო მანქანით განეხორციელებინა მანევრირება და მოეხდინა ავარიული დაშვება დაბა ---ის აეროდრომზე.
საქართველოს შს სამინისტროს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დაზიანებული ვერტმფრენის აღსადგენად საქართველოს შს სამინისტრომ საკუთარი სახსრებიდან გამოყო 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარი, რითაც აღნიშნულ სამინისტროს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საპასუხო სროლების შედეგად ადგილზე იქნენ ლიკვიდირებული ე. და ო. ა-ები, ხოლო ვ. მ-ი, გ. და შ. ა-ები, მიუხედავად მათი მხრიდან გაწეული შეიარაღებული წინააღმდეგობისა, დააკავეს და განაიარაღეს სპეცოპერაციაში მონაწილე პირებმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 1 მარტის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა: ვ. მ-მა, გ. და შ. ა-ებმა.
მსჯავრდებული ვ. მ-ვი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მას არ ჩაუდენია დანაშაული, სდევნიან მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრობდა ა-თან და არის რუსი. საქმეში არ დევს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები, არც მათ მიერ შვეულმფრენის დაზიანების ბრალდებაა ობიექტური, რადგან ასეთი დაზიანების დროს შვეულმფრენი ხდება სრულიად უმართავი და დაზიანებული შვეულმფრენის დათვალიერების ოქმიც შედგენილია ამ ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ამდენად, იგი ითხოვს უკანონო და დაუსაბუთებელი განაჩენის გაუქმებასა და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.
მსჯავრდებულები _ გ. და შ. ა-ები საჩივარში აღნიშნავენ, რომ წინასწარი სასამართლო გამოძიება ჩატარდა საპროცესო კანონის უხეში დარღვევებით, რამაც ხელი შეუშალა კანონიერი, საფუძვლიანი, სამართლიანი განაჩენის დადგენას და, ამდენად, იგი უნდა გაუქმდეს, რადგან განაჩენი ემყარება კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. მსჯავრდებულებს, მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, დაუნიშნეს სახაზინო ადვოკატი, რომელიც არ იცნობდა საქმის მასალებს და ფაქტობრივად დარჩნენ დაცვის გარეშე, მათ არ მისცეს საბოლოო სიტყვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ ითხოვეს საქმის განსახილველად გადაცემა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისათვის, განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა ტ. კ-მ აღნიშნა, რომ განაჩენი დასაბუთებულია და გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან, მასში გაანალიზებულია როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიების დროს შეკრებილი მტკიცებულებები, სასჯელი განსაზღვრულია მათი პიროვნების მახასიათებელი მონაცემებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მიხედვით, რის გამოც ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 1 მარტის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულების _ გ. და შ. ა-ების ადვოკატებმა _ მ. ჯ-მა და ი. ჭ-ამ აღნიშნეს, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და ითხოვეს განაჩენის გაუქმება, საქმის დაბრუნება სასამართლოში ხელახლა განსახილველად და მსჯავრდებულების გათავისუფლება. მათ აღნიშნეს, რომ როგორც წინასწარი, ისე სასამართლო განხილვის დროს უხეშად იქნა დარღვეული სს საპროცესო კანონის მოთხოვნები, კერძოდ:
წინასწარი გამოძიების დროს გ. და შ. ა-ების მიმართ საპროცესო კანონის არსებითი დარღვევები გამოიხატა შემდეგში:
2004 წლის 24 მარტს მესტიის რაიონის სოფელ ---ში შს და უშიშროების სამინისტროების მიერ ჩატარებულ იქნა ერთობლივი ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდა ---მდე ვერტმფრენი და ასეულობით სპეცრაზმელი. ოპერაცია დაიწყო დაახლოებით 6 საათსა და 30 წუთზე და გაგრძელდა თითქმის ერთ საათს. თვითმხილველთა გადმოცემით, სპეცოპერაციის დროს სნაიპერის მიერ იქნა მოკლული აივანზე გამოსული და დანებების ნიშნად ხელებაწეული ე. ა-ძე. დაკავებულ იქნენ შ., ო. და გ. ა-ები, ასევე მათ ოჯახში მცხოვრები ვ. მ-ვი. დაკავების შემდეგ დახვრეტილ იქნა ხელბორკილდადებული ო. ა-ძე, ხოლო ასევე ხელბორკილდადებულ გ. ა-ეს სპეცრაზმელებმა მიაყენეს ორი გამჭოლი ჭრილობა ზურში, რის შემდეგაც მძიმედ დაჭრილი გ. ა-ძე გადაყვანილ იქნა ქ. ქუთაისის საავადმყოფოში, იქედან კი _ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში.
გ. ა-ძე ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იყო მიცემული 1998 წლის 1 ივლისს საქართველოს სსკ-ის 238-ე, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით; 2091 და 104-ე მუხლებით _ დაუსწრებლად, თუმცა არავითარი დოკუმენტი საქმეში არ არსებობს, რომ იგი როდესმე დაბარებულ იქნა ან პოლიციაში ან პროკურატურაში და არ გამოცხადდა.
1999 წლის 25 ივნისს მესტიის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ჯ. ი-მა გასცა ბრძანება გ. ა-ის მიმართ ძებნის გამოცხადებისა და მისი დაპატიმრების შესახებ. დაკავების შემდეგ გამოძიება ვალდებული იყო, სსსკ-ის 24-ე მუხლის მე-6 და 383-ე მუხლის 1-ლი ნაწილების მოთხოვნათა შესაბამისად, არაუგვიანეს 24 საათში წაეყენებინა მისთვის ბრალი და სსსკ-ის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 48 საათის განმავლობაში თვითონ გ. ა-ძე წარედგინათ მოსამართლისათვის, დაპატიმრების შესახებ ბრძანების დასადასტურებლად. მოსამართლე ვალდებული იყო, შეემოწმებინა, რეალურად ჰქონდა თუ არა გ. ა-ეს ბრალი წაყენებული, იყო თუ არა დაკითხული და ამასთან, გაერკვია, ჰქონდა თუ არა დაცვის მხარეს შუამდგომლობა სხვა სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
საქმეში წარმოდგენილია ე.წ. „დახურული სასამართლო სხდომის ოქმი“, რომელიც შედგენილია 2004 წლის 30 მარტს (ტ. 2 სფ 72-74), მესტიის რაიონული მოსამართლის მოვალეობის შემსრულებლის _ ნ. ბ-ის მიერ. აღნიშნულ ოქმში მითითებულია, რომ „გ. ა-ეს წარედგინა ბრალდება გასაცნობად 2004 წლის 30 მარტს და დაიკითხა ბრალდებულის სახით“, რაც აშკარა სიყალბეა, რადგან მოსამართლესთან წარდგენისას გ. ა-ეს ბრალი ჯერ წაყენებული არ ჰქონდა და არც დაკითხული იყო, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი ცნობა (ტ. 2 სფ 75), რომლის თანახმად, 2004 წლის 30 მარტს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ იყო გ. ა-ის დაკითხვა. გარდა აღნიშნულისა, მოსამართლე ნ. ბ-მა დაუშვა სხვა უხეში დარღვევებიც, კერძოდ, მოსამართლეს უნდა შეედგინა ოქმი დაპატიმრების შესახებ ბრძანების დადასტურების თაობაზე და არა _ დახურული სასამართლო სხდომის ოქმი. სხდომის ოქმის თანახმად, სხდომაში მონაწილეობდა ადვოკატი ვ. პ-ი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა საპატიმრო ღონისძიებას და დააყენა შუამდგომლობა გ. ა-ის მიმართ სხვა არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების შესახებ, რომელიც საქართველოს სსსკ-ის 160-ე მუხლის თანახმად უნდა განეხილა მოსამართლეს და გამოეტანა დადგენილება, რაც მას არ გაუკეთებია. მოსამართლე ასევე ვალდებული იყო, გაერკვია, ხომ არ არსებობდა აცილებები, რაც არ გაუკეთებია, კერძოდ, ადვოკატი ვ. პ-ი სხვა საქმეზე (იხ. დ-ის საქმე) იცავდა ბრალდებულს, რომელიც პოზიტიურად დაპირისპირებული იყო გ. ა-თან. ამდენად, მას არ ჰქონდა უფლება განეხორციელებინა გ. ა-ის დაცვა. გ. ა-ის მიმართ უხეშად იქნა დარღვეული სსსკ-ის 24-ე, 283-ე, 160-ე, მე-11, 76-ე, 84-ე, 107-ე, მე-12, 159-ე და ა.შ. მუხლების მოთხოვნები. რეალურად გ. ა-ეს ბრალი წაეყენა მხოლოდ 2004 წლის 9 ივლისს (იხ. ტ. 2. სფ 113-114), დაკავებიდან თითქმის 4 თვის შემდეგ, რითაც უხეშად დაირღვა არა მარტო საპროცესო კანონის, არამედ _ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლების მოთხოვნები. რაც შეეხება გ. ა-ის დაკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ მას დუმილის უფლებით არ უსარგებლია და დღემდე სურვილი აქვს მისცეს ჩვენება _ არ მომხდარა, არც წინასწარი გამოძიების დროს და არც სასამართლოს პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას.
2004 წლის 24 მარტს, პოლიციის მიერ დაკავებისას, უხეშად დაირღვა შ. ა-ის უფლებებიც, კერძოდ, რეალურად მისი დაკავება მოხდა სოფ. ---ში უშუალოდ ოპერაციის დამთავრებისთანავე. ე.ი. დილის შვიდიდან რვა საათამდე მონაკვეთში, მაგრამ მისი დაკავების ოქმი შედგენილია 15 საათსა და 30 წუთზე, მესტიის რაიონის პროკურორის თანაშემწის _ ი. წ-ას მიერ თბილისის შს მთავარი სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში (ტ. 2 სფ 6), სადაც, მიუხედავად იმისა, რომ მას არც დაკავების ოქმზე და არც ერთ სხვა დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია ( იმ მოტივით, რომ უდანაშაულო იყო), მასთან არ მისულა პროკურორი, რითაც უხეშად დაირღვა სსსკ-ის 288-ე მუხლის მოთხოვნები. მხოლოდ ზუგდიდში გადმოყვანის შემდეგ, 2004 წლის 27 მარტს, მასთან მივიდა პროკურორი ნ. მ-ი და ერთდროულად შეადგინა სამი ოქმი (ტ. 2 სფ. 43, 44, 45). აღნიშნული ოქმებიდან ვგებულობთ, რომ დაკავების ოქმი შ. ა-ეს გამომძიებელმა ი. წ-ამ წარუდგინა მხოლოდ 25 მარტს (ტ. 2 სფ. 45).
2004 წლის 27 მარტს მესტიის რაიონული მოსამართლის მოვალეობის შემსრულებელმა ნ. ბ-მა გასცა ბრძანება შ. ა-ის 3 თვით დაპატიმრების შესახებ. შ. ა-ეს ამ დროისათვის ბრალი წაყენებული ჰქონდა სსკ-ის 236-ე მუხლის I და II ნაწილებითა და 253-ე მუხლის II ნაწილით, თუმცა გამოძიებას არავითარი მტკიცებულება, რომ მან აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა, არ გააჩნდა და არც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილებაში არ არის მითითებული, თუ რის საფუძველზე წაეყენა მას აღნიშნული ბრალდება. მოსამართლემაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გასცა ბრძანება და ამისათვის არავითარი მტკიცებულება საჭიროდ არ ჩათვალა (ტ. 2 სფ. 18-9, 47-48).
რამდენადაც, რეალურად შ. ა-ძე დაკავებულ იქნა 24 მარტს, არაუგვიანეს დილის 8 საათისა, მოსამართლემ კი მისი დაკავების დრო ათვალა 15 საათისა და 30 წუთიდან, მან დაარღვია ბრძანების გაცემის 72 _ საათიანი ვადა, რაც კიდევ ერთი საფუძველია შ. ა-ის უკანონო პატიმრობისა.
როგორც აღნიშნული იყო, გ. ა-ის დაკავების დროს მიყენებული ჭრილობების გამო საჭირო გახდა მისი ქუთაისის საავადმყოფოში მოთავსება, მაგრამ, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, იგი გადაყვანილ იქნა შს სამინისტროს დროებითი დაკავების იზოლატორში. ფაქტობრივად გ. ა-ის მიმართ დაკავებისთანავე უხეშად დაირღვა ევროპული კონვენციის მე-2, მე-3, მე-5, მე-6 მუხლების მოთხოვნები. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დროებითი დაკავების ადმინისტრაცია იძულებული გახდა, იგი სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვანა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე დღით, რის შემდეგაც იგი გადაყვანილ იქნა ¹7 საპყრობილეში, სადაც, როგორც ადვოკატებისათვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, მის მიმართ ხორციელდებოდა როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური ზეწოლა.
ასევე არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე; გ. ა-ის მიერ საქმის გაცნობის თაობაზე.
დაირღვა საპროცესო კანონის მოთხოვნები გამწესრიგებელი სხდომის ჩატარებისას, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა გამწესრიგებელ სხდომას და დაეყენებინა შუამდგომლობები.
გამოძიების ბოლო ეტაპზე დაცვის მხარის ყველა მოთხოვნა უარყოფილ იქნა, რის საფუძველზედაც დაცვის მხარის მიერ დროის გაჭიანურება სახელდებოდა. სინადმვილეში კი, 2004 წლის 24 მარტიდან 2004 წლის 22 დეკემბრამდე ვ. მ-ის, გ. და შ. ა-ების საქმეზე არავითარი გამოძიება არ ჩატარებულა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოშიც საქმის განხილვა მიმდინარეობდა საპროცესო კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევებით, კერძოდ, რადგან ვ. მ-სა და გ. და შ. ა-ებს შორის არსებობდა წინააღმდეგობები, ხოლო ვ. მ-ის ინტერესებს იცავდა ადვოკატი, სასამართლო ვალდებული იყო, ა-ები დაცვით უზრუნველეყო, რაც მან არ გააკეთა და დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 76-ე, 81-ე, 83-ე, 84-ე, 422-ე მუხლების მოთხოვნები.
სასამართლო კოლეგიამ ასევე არ დააკმაყოფილა ადვოკატთა შუამდგომლობა გ. ა-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის, მის სხეულზე არსებული დაზიანების სიმძიმის ხარისხისა და ხასიათის განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის ჩატარების შესახებ, რაზეც სასამართლომ გამოიტანა არამარტო ტენდენციური, არამედ _ ცინიკური განჩინება, სადაც მითითებული იყო, რომ გ. ა-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევა და მის სხეულზე არსებული დაზინების ხარისხის დადგენა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, დაცვის მხარე იძულებული გახდა ჩაეტარებინა ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი, საჭირო გახდა ოპერაცია, რათა გ. ა-ეს არ დაეკარგა მხედველობა მეორე თვალშიც (ერთ თვალში მხედველობა აღარ ჰქონდა), რაც პროტეზირების აუცილებლობას გამოიწვევდა.
ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ჩატარდა სსსკ-ის მე-20, 440-ე, 447-ე, მე-18, 481-ე და სხვა მუხლების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რადგან პროცესზე არ გამოცხადდა დაზარალებულთა და მოწმეთა აბსოლუტური უმრავლესობა. სასამართლო კოლეგია კი, პირველივე შემთხვევაში განცხადების მიღებისთანავე, დაცვის მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად, აქვეყნებდა მათ ჩვენებებს, რითაც უხეშად არღვევდა კანონთა მოთხოვნებს.
სასამართლო კოლეგიამ განაჩენი ისე გამოიტანა, რომ დაცვის მხარეს საერთოდ არ მიეცა მტკიცებულებათა წარდგენის შესაძლებლობა, რითაც უხეშად დაირღვა შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ: სსსკ-ის მე-15, 49-ე, 439-ე მუხლები, ასევე _ სსსკ-ის მე-18, 76-ე, 84-ე, 474-ე, 475-ე და სხვა მუხლების მოთხოვნები, დარღვევულ იქნა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის მოთხოვნები. განსაჯელები დატოვებულ იქნენ დაცვის გარეშე.
დაცვის მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, დაეყენებინა შუამდგომლობები მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის შესახებ, რამდენადაც საქმეზე წინასწარი გამოძიება ჩატარებულია უაღრესად უხეში დარღვევებით და თითქმის ყველა მტკიცებულება დაუშვებელი ხასიათისაა.
სხვადასხვა ეპიზოდზე გამოძიება ჩაატარეს დაინტერესებულმა, ა-თა მიმართ მტრულად განწყობილმა და არაუფლებამოსილმა პირებმა.
დაცვის მხარეს ასევე არ მიეცა შესაძლებლობა, დაეთვალიერებინა ნივთიერი მტკიცებულებები და გამოეთქვა თავისი მოსაზრებები მათი მოპოვების კანონიერებაზე; მონაწილეობა მიეღო სასამართლო კამათში, მოესმინა საბრალდებო სიტყვა და შემდეგ ჩამოეყალიბებინა დაცვითი სიტყვა.
სხდომის ოქმი გაყალბებულია იმ ნაწილშიც, რომ თითქოსდა გ. და შ. ა-ები თანახმა არიან მათი ინტერესები დაიცვას ადვოკატმა ნ. ძ-მა, რომელიც სასამართლო კოლეგიის მიერ 2006 წლის 27 თებერვალს ზუგდიდიდან იქნა მოწვეული სახაზინო წესით ა-ების დასაცავად.
სსსკ-ის მე-80 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „დაცვა დანიშვნით გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეჭვმიტანილს ან ბრალდებულს არ მოუწვევია დამცველი შეთანხმებით”. რამდენადაც გ. და შ. ა-ების ინტერესებს მოცემულ საქმეზე იცავდა რამდენიმე ადვოკატი, ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული სახაზინო ადვოკატის მოწვევა, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნები. როგორც გ. ისე შ. ა-ბმა უარი განაცხადეს აღნიშნულ ადვოკატზე და მან დატოვა სხდომა, ამასთან, გააკეთა განცხადება, რომ აღარ მიიღებდა მონაწილეობას აღნიშნულ საქმეში.
1 მარტს კი ნ. ძ-ლი კვლავ გამოცხადდა სხდომაზე უკვე მომზადებული „დაცვითი სიტყვით“, და ეს მაშინ, როდესაც მისთვის საქმის მასალები ცნობილი არ იყო. ადვოკატი ძ-ლი არცერთხელ არ შეხვედრია განსასჯელ ა-ებს და საერთოდ არ შეუთახმებია მათთან პოზიცია. აღსანიშნავია ისიც, რომ 1 მარტს ა-ების „დასაცავად“ ჩამოსულ ნ. ძ-ლს აღმოაჩნდა ორდერი ვ. მ-ზე, რომელიც პროცესზე მოგვიანებით იძულებით იქნა მიყვანილი. საინტერესოა ის ფაქტიც, თუ რამდენიმე წუთში როგორც გაეცნო მ-ის ნაწილში საქმეს, როგორ შეათანხმა პოზიციები და მოასწრო დაცვითი სიტყვის ჩამოყალიბებაც.
თუ იგი საქმეს იცნობდა, უნდა სცოდნოდა, რომ ა-ებსა და მ-ვს შორის იყო პოზიციური წინააღმდეგობა და მას არ ჰქონდა უფლება, ერთდროულად განეხორციელებინა სამივეს დაცვა. რეალურად, ადვოკატმა ძ-მა უხეშად დაარღვია სსსკ-ის 84-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები და დაცვის გარეშე დატოვა სამივე განსასჯელი.
განსასჯელებს არ მიეცათ საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობა და სხდომის ოქმი აქაც გაყალბებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულით უხეშად და არსებითად დაირღვა განსასჯელთა უფლებები, ისინი დატოვებულ იქნენ სრული დაცვის გარეშე, რის გამოც, სსსკ-ის 563-ე მუხლის I ნაწილისა და მე-2 ნაწილის „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „კ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაჩენი გასაუქმებელია ყველა შემთხვევაში. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე აღძრა და წინასწარი გამოძიება წარმართა პროკურორმა ბ. მ-მა.
მოცემული საქმის პირველ ტომში წარმოდგენილი მასალები ნათელს ხდის იმ გარემოებას, რომ 1995 წლის 30 აგვისტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მესტიის რაიონული პროკურორის ბ. მ-ის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მოქალაქეების _ ბ. მ-სა და გ. ს-ის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე (ს.ფ. 24) ე. ა-ის მიმართ. ს.ფ. 26-ზე წარმოდგენილია ბ. მ-ის მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნულია, რომ 1995 წლის 14 აგვისტოს ბ. მ-ნი გამომძიებელ ი. ჩ-თან და მოქ. გ. ს-თან ერთად იმყოფებოდა სოფ. ---ში, სადაც იგი გ. ს-თან ერთად მძევლად აიყვანა ე. ა-ემ და მოითხოვა მისი შვილის _ შ. ა-ის გათავისუფლება.
ს.ფ. 27-ზე წარმოდგენილია დადგენილება ბ. მ-ის დაზარალებულად ცნობის შესახებ 1995 წლის 31 აგვისტოს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის იმჟამინდელი რედაქციის 53-ე, 57-ე მუხლების თანახმად, ბ. მ-ი არ იყო უფლებამოსილი, ეწარმოებინა გამოძიება ა-თა მიმართ. სისხლის სამართლის საქმე 1995 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდზე აღძრული აქვს პროკურორ მ-ნს, მას ჩატარებული აქვს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რაც, მოქმედი სსსკ-ის 111-ე მუხლის 1 ნაწილის შესაბამისად, წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს.
საქმის პირველ ტომში, 150-ე ფურცელზე, წარმოდგენილია ჯ. ც-ის მოხსენებითი ბარათი, სადაც აღნიშნავს, რომ ა-ების საქმეზე იგი პროცესუალურად დაზარალებულს წარმოადგენს და ამდენად, იგი მიმართავს მესტიის რაიონულ პროკრუორს _ ი. ქ-ნს, რათა მოხდეს მისი აცილება. მართალია, აღნიშნული მოხსენებითი ბარათი დათარიღებულია 1997 წლის 27 ივნისით, მაგრამ არავითარი რეაგირება ამ მიმართებით არ მომხდარა და ჯ. ც-ს შემდგომშიც მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები აქვს მოცემულ ეპიზოდზე შესრულებული.
ყველა ზემომითითებული მოწმე დაკითხულია ბ. მ-სა და ჯ. ც-ის მიერ და, ამდენად, მოწმეთა ეს ჩვენებები წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს.
დაუშვებელ მტკიცებულებებად უნდა იქნეს მიჩნეული ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ა/მანქანის დათვალიერების ოქმი.
რამდენადაც საქმე განხილულია ტენდენციურად, მხოლოდ დაზარალებული მხარის ჩვენებებზე დაყრდნობით, ამდენად, ადვოკატები _ მ. ჯ-ლი და ი. ჭ-ა ითხოვენ უკანონო განაჩენის გაუქმებას, საქმის დაბრუნებას ხელახლა განსახილველად და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ბ-მა აღნიშნა, რომ განაჩენი მიაჩნია უკანონოდ, რადგან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ვ. მ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის უტყუარად დადასტურებულ მტკიცებულებებს. მსჯავრდებული თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღნიშნავს, რომ სასამართლო კოლეგიამ არაობიექტურად განიხილა მისი საქმე, მას არსოდეს უცხოვრია ზუგდიდში და ცხოვრობდა მესტიის რაიონის სოფელ ---ში, ა-ების ოჯახში. საქართველო-აფხაზეთს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დროს გაწევრიანდა შეიარაღებულ ფორმირებაში “---- ----”, რომელსაც ხელმძღვანელობდა გ. ყ-ლი. შეიარაღებული კონფლიქტის დროს თავში მიღებული ჭრილობის გამო არის არის ინვალიდი. მისი განმარტებით მას სდევნიან მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრობდა ა-თან და არის ეროვნებით რუსი.
ნ. ო-მა აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიება ჩატარებულია არასრულად და არაობიექტურად, მიკერძოებით და ტენდენციურად. გულდასმით არ არის შემოწმებული მსჯავრდებულის ჩვენებები მისი უდანაშაულობის შესახებ, არ არის გარკვეული გამამართლებელი გარემოებები, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი, მეტიც, განაჩენი ეფუძნება არა უტყუარ მტკიცებულებებს, არამედ ამ საქმით დაინტერესებული დაზარალებულებისა და მოწმეების ართანმიმდევრულ, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებსა და ვარაუდებს. რაც შეეხება მოწმე გ-ის ჩვენებებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ვ. მ-ვი იყო ა-ის მოსამსახურე, ხასიათდება დადებითად, და რომ მის ხელში არასოდეს უნახავთ იარაღი, სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა. სასამართლომ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები, სადაც აღნიშნულია, რომ სასამართლო განხილვაზე წინასწარი გამოძიების დროს მოწმის მიერ მიცემული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, მაშინ, როდესაც წ/გამოძიებაში დაკითხულ მოწმეთა (ი. გ-ნი, ტ. ფ-ნი, ო. გ-ნი, ა. გ-ლი რ. ა-ძე) ჩვენებები, რომლებიც მათ წ/გამოძიებაშივე შეცვალეს, მიიჩნია მტკიცებულებად. აქედან ჩანს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო დაეყრდნო მოწმეთა მხოლოდ იმ ჩვენებებს, რომლებიც წ/გამოძიებაში იძულებით მიაცემინეს და არა მათ შეცვლილ ჩვენებებს, სადაც აღნიშნავდნენ, რომ არასასურველი შედეგების თავიდან ასაცილებლად სპეცრაზმის მიერ მათ აკრძალული ჰქონდათ სახლებიდან გარეთ გამოსვლა.
ასევე აღსანიშნავია მოწმე მ. გ-ის ჩვენება, სადაც იგი ამბობს, რომ არ ახსოვს თუ სად, რა პირობებში და როდის დაკითხა ვ. მ-ვი, თუმცა ამბობს, რომ თავად დაკითხა ზ-ში, -- მარტს. საქმეში კი დევს -- მარტით დათარიღებული ვ. მ-ვის ეჭვმიტანილად დაკითხვის ოქმი.
საქმეში არ დევს არც შვეულმფრენის დაზიანების ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. შვეულმფრენის დათვალიერების ოქმი შედგენილია ამ ოპერაციის ჩატარებიდან რამდენიმე თვის შემდეგ იმავე პირების მიერ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ოპერაციაში. რამდენადაც გამოძიება ვერ მიუთითებს ვერტმფრენის დაზიანების ფაქტის გამოვლენისა და მისი მონაცემების ტექნიკურ აქტში მოხვედრის წყაროს, ამიტომ, სასამართლოს იგი უნდა ეცნო დაუშვებელ მტკიცებულებად. ამდენად, საქმეში არ არსებობს არც ერთი მოწმე ან დაზარალებული, რომელიც მიუთითებს, რომ ვ. მ-ვი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა სპეცრაზმს. ბრალდება ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს. საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი _ ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატმა ნ. ბ-მა აღნიშნა, რომ რადგან ვ. მ-ის ქმედებაში არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაული და ითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 1 მარტის განაჩენის გაუქმება და საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის I ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა ვ. მ-ის მიმართ. ალტერნატივის სახით კი _ საქმის დაბრუნება საოლქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორებმა _ ნ. ნ-მა და ტ. კ-ამ მხარი არ დაუჭირეს მსჯავრდებულების საკასაციო საჩივრებს, აღნიშნეს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო აქტით, სამედიცინო დასკვნით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით მთლიანად დასტურდება მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, განაჩენი ვ. მ-ის, გ. და შ. ა-ების მიმართ მიიჩნიეს კანონიერად და მოითხოვეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2006 წლის 1 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ მსჯავრდებულების _ ვ. მ-ის, გ. და შ. ა-ების საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა ადვოკატების მ. ჯ-სა და ი. ჭ-ას მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გ. და შ. ა-ების მიმართ როგორც წინასწარი, ისე სასამართლო გამოძიებისას დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რითაც არსებითდ შეილახა მსჯავრდებულთა მოთხოვნები. პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ გ. ა-ეს არ გააცნეს სისხლის სამართლის საქმის მასალები. როგორც სისხლის სამართლის საქმით, ასევე ადვოკატ მ. ჯ-ის განმარტებით დგინდება, რომ გ. ა-ეს გადაეცა საქმის მასალების ასლები, ხოლო იმ დროს მოქმედი საქართველოს სსსკ-ის 402-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ითვლებოდა საქმის გაცნობად. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამწესრიგებელი სხდომის ჩატარებისას ასევე არ დარღვეულა განხილვის დროს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები; კერძოდ: სასამართლო, გამწესრიგებელ სხდომაზე სამართალში მიცემის საკითხის გადაწყვეტისას, ვალდებული იყო განმარტების მისაცემად დაებარებინა შუამდგომლობის აღმძვრელი პირი, თუ კი ეს პირი აღნიშნულს მოითხოვდა. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ. და შ. ა-ების დამცველებისათვის ცნობილი იყო გამწესრიგებელი სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, ხოლო მათ მიერ სასამართლოში რაიმე სახის შუამდგომლობა შეტანილი არ ყოფილა. საოლქო სასამართლოში, გ. და შ. ა-ების ინტერესებს ასევე იცავდა ადვოკატი ნ. ძ-ლი. სასამართლო კამათის დროს ადვოკატმა ნ. ძ-მა ასევე დაიცვა განსასჯელ ვ. მ-ის ინტერესები. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულით არ დარღვეულა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, ვინაიდან განსასჯელ ვ. მ-ის მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენებით არ გამოიკვეთა ვ. მ-ვს და გ. და შ. ა-ების ინტერესებს შორის წინააღმდეგობა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს გ. და შ. ა-ების მიმართ საფუძვლად არ დადებია ვ. მ-ის არც წინასწარი და არც სასამართლო გამოძიებისას ჩვენებები. ამასთან, როგორც გ. და შ. ა-ები, ასევე ვ. მ-ვი თანახმანი იყვნენ, რომ ადვოკატ ნ. ძ-ლს დაეცვა მათი ინტერესები. საკასაციო პალატა ასევე თვლის, რომ უსაფუძვლოა დაცვის მხარის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულ გ. და შ. ა-ებს არ მიეცათ საშუალება სასამართლო კამათში მიეღოთ მიონაწილეობა და ესარგებლათ საბოლოო სიტყვის უფლებით. აღნიშნული არ დასტურდება სასამართლო სხდომის ოქმით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ დაზარალებულების გ. რ-ის, მ. მ-ის, რ. ა-ის, მ. გ-ის, ე. ნ-ის, ი. ჩ-ის, ე. კ-ის, შ. ქ-ის, ზ. ტ-ის ჩვენებებით მოწმეების ზ. ხ-ას, ჯ. ნ-ას, რ. მ-ის, ვ. ბ-ის ჩვენებებით, სასამრათლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, შემთხვევის ადგილების დათვალიერების ოქმებით, ვერტმფრენის დათვალიერების ოქმით, მესტიის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ა. დ-ის მიმართ და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, დასტურდება მსჯავრდებულების შ. და გ. ა-ების მიერ ჩადენილი დანაშაულები.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ვ. მ-ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ბ-ის მოთხოვნას ვ. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ უსაფუძვლობის გამო. პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულების დ. გ-ის, ა. ხ-ას, ბ. ჩ-ას, ზ. ქ-ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ვერტმფრენის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, ვ. მ-ვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ მსჯავრი სწორად აქვს დადებული.
ამასთან, პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სიხსლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 მარტის განაჩენში შეტანილი უნდა იქნეს ცვლილებები მსჯავრდებულთა სასიკეთოდ, კერძოდ: გ. და შ. ა-ებს უნდა მოეხსნათ სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წარდგენილი რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. გ. და შ. ა-ებს და ვ. მ-ვს უნდა მოეხსნათ სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გავთალიწსინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი. სსკ-ში განხორციელებული 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებებიდან გამომდინარე, ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ნივთის დაზიანება ან განადგურება ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით) სასჯელის ზომად ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ახალი სიხსლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ გ. და შ. ა-ების და ვ. მ-ის მიმართ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მათ ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. და შ. ა-ებს უნდა მოეხსნათ სსკ-ის 19,109-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტით გათვალიწსინებული ბრალდება (1995 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი), ვინაიდან დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხილს სამართლის კოდექსის (1960 წლის რედაქცია) 104-ე მუხლის დისპოზიცია განზრახ მკვლელობის ჯგუფურად არ ითვალისწინებდა. ამასთან, ვინადიან დანაშაულის ჩადენის დროს (1995 წლის რედაქია 24 ოქტომბრის ეპიზოდი) მოქმედი სისხილს სამართლის კოდექსით (1960 წლის რედაქცია) დადგენილი სასჯელი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის იყო უფრო მსუბუქი, ვიდრე ის სასჯელი, რომელიც დადგენილი იყო საქმის სასამარათლოში განხილვისას მოქმედი კოდექსით, პალატა მიიჩნევს, რომ გ. და შ. ა-ების მიმართ სსკ-ის 19, 109-ე მუხლის “ა”, “გ” და “ზ” ქვეპუნქტებით (1995 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და 104-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებზე (1960 წლის რედაქცია). ამასთან, 2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი სსკ-ის 56-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დანაშაულის მცდელობისათვის დანიშნული სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა ყოფილიყო დამთავრებული დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედზე მეტი. ამდენად, ვინადიან სსკ-ის 104-ე მუხლი ვადიანი თავისუფლეიბს აღკვეთის მაქსიმალურ ზომად ითვალისწინებდა 15 წელს, პალატა თვლის, რომ გ. და შ. ა-ებს 1995 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელები 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეთ 3 წლით და 9 თვით და მათ ამ ნაწილში სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროთ 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხილს სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 მარტის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის საბოლოო სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ვინადიან საოლქო სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც შეესაბამება მათი ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას და რაც არ არის მეტისმეტი სიმკაცრის გამო აშკარად უსამართლო.
ამასთან, საქმეში არ მოიპოვება სისხლის სამართლის საპროცესო კანონისისეთი არსებითი ხასიათის დარღვევა, რაც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და “დ” ქვეპუნქტებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების _ ვ. მ-ის, გ. და შ. ა-ების საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამრათლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 1 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯარვდებულთა სასიკეთოდ:
გ. და შ. ა-ებს მოეხსნათ სსკ-ის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
გ. და შ. ა-ებს და ვ. მ-ვს მოეხსნათ სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
გ. და შ. ა-ების და ვ. მ-ის მიმართ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს ამჟამად მოქმედი სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მათ ამ ნაწილში სასჯელის ზომად განესაზღვროთ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. და შ. ა-ებს მოეხსნათ სსკ-ის 19, 109-ე მუხლის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება (1995 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი). გ. და შ. ა-ების მიმართ სსკ-ის 19, 109-ე მუხლის “ა”, “გ” და “ზ” ქვეპუნქტებით (1995 წლის 24 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვაილფიცირდეს სსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილზე და 104-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებზე (1960 წლის რედაქცია) და გ. და შ. ა-ებს სასჯელის ზომად ამ ნაწილში განესაზღვროთ 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის გაანჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის საბოლოო სასჯელის ნაწილში, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.