საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100216700091259
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №798აპ-19 ქ. თბილისი
შ. შ. 798აპ-19 24 თებერვალი, 2021 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ - ირაკლი კოძახიძის
ადვოკატების - გ. გ-ას, ი. ბ-ის, ა. ბ-ის
მსჯავრდებულების - შ. შ-ის, გ. ს-ს, ლ. მ-ის
მონაწილეობით ზეპირი მოსმენით განიხილა მსჯავრდებულ გ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის, მსჯავრდებულ შ. შ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. გ-ას, მსჯავრდებულ ლ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განაჩენზე.
(საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მართალია, თავდაპირველად საკასაციო სასამართლოს განჩინებით განსახილველ საქმეზე შემოტანილი საკასაციო საჩივრები დაშვებულ იქნა განსახილველად ზეპირი მოსმენის გარეშე, მაგრამ ამის შემდეგ საკასაციო სასამართლოში შემოსულია საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობა და შესაბამისად, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენით).
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებით:
შ. შ-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის(შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) ჩადენა;
გ. ს-ს, - დაბადებულს 1--- წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) ჩადენა;
ლ. მ-ს, - დაბადებულს 1... წელს, - ბრალად ედებოდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენით შ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 33 წლითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა. ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და განესაზღვრა 30 წლით, 6 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდა და განესაზღვრა 27 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენით კი განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის განაჩენით ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენით ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი) და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით აღნიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით, 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განაჩენით გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით აღნიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით, 3 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2014 წლის 12 თებერვალს სად-ის N.. დაწესებულებიდან N.. დაწესებულებაში ეტაპირებული მსჯავრდებულები - შ.შ. და ლ. მ-ი შეასახლეს მ.... სარეჟიმო კორპუსის N..- საკანში, სადაც სასჯელს იხდიდნენ მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები - გ. ფ-ე და გ. კ-ა. 2014 წლის 27 თებერვალს სად-ის N- დაწესებულებიდან ეტაპირებული მსჯავრდებული გ. ს. ასევე შეასახლეს N.. საკანში. 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, N--- საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს - შ. შ-ს, ლ. მ-სა და გ. ს-ს დაუდგენელი მიზეზით წარმოეშვათ კონფლიქტი თანასაკნელ გ. ფ-ესთან, რაც შემდგომში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შ. შ-მ, გ. ს-მა და ლ. მ-მა, მოქმედებდნენ რა ერთიანი განზრახვით, ჯგუფური ძალადობით შეძლეს გ. ფ-ის იატაკზე წაქცევა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა დაკარგა გონება და ხელმყოფელთა მოგერიება ვეღარ შეძლო. ნაცვლად იმისა, რომ შეეწყვიტათ ძალადობა, შ. შ. ჩაიმუხლა და ორივე ხელით თმაში ჩაჭიდებული, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებების მიყენების მიზნით, გ. ფ-ეს თავს, თხემითა და კეფით მრავალჯერ არტყმევინებდა საკნის ბეტონის იატაკზე. პარალელურად, ლ. მ-ი და გ. ს. ფეხებს ურტყამდნენ წინააღმდეგობის გაწევის უუნარო გ. ფ-ეს გულმკერდის, სახის, კისრისა და თავის არეში. შ. შ-ის, ლ. მ-ისა და გ. ს-ს მხრიდან გ. ფ-ის მიმართ ძალადობით გამოწვეული ხმაური და გინების ხმა გაიგონეს სად-ის N... დაწესებულების მ........ სარეჟიმო კორპუსის მესამე სართულზე განაწილებულმა უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა მ. ბ-ემ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორმა რ. კ-ემ, რომლებმაც ინციდენტის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად გააღეს N.. საკნის კარი და მოძალადეებისადმი მოწოდებით, შეეწყვიტათ გ. ფ-ის ცემა, შეეცადნენ შიგნით შესვლას, მაგრამ მათ კარში გადაეღობათ მსჯავრდებული გ. ს., რომელიც აქტიური მოქმედებით, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში არ აძლევდათ საკანში შესვლის საშუალებას და ხელს უშლიდათ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში. გ. ს-ს მიერ თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის პარალელურად, შ. შ-სა და ლ. მ-ს არ შეუწყვეტიათ გონებადაკარგული გ. ფ-ისათვის სხეულის დაზიანების მიყენება. მათ ძალადობა მხოლოდ მ. ბ-ისა და რ. კ-ის მიერ გ. ს-ს წინააღმდეგობის დაძლევისა და კონფლიქტში აქტიური ჩარევის შედეგად შეწყვიტეს. მათი ხელყოფით გ. ფ-ეს სხეულზე განუვითარდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ: სისხლნაჟღენთები მარცხნივ და მარჯვნივ თხემ-კეფის საზღვარზე, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემსა და მოგრძო ტვინში. ასევე, ნაკლებ მძიმე ხარისხის დაზიანებები - მრავლობითი სისხლნაჟღენთები კისრის მიდამოში, ენისქვეშა ძვლის მარჯვენა რქის მოტეხილობა, კისრის რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები, ასევე, უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე, ცხვირის ძვლების ღია მოტეხილობა შუა მესამედის დონეზე, მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში და მუქი მოწითალო სისხლჩაქცევები ორთავე თვალბუდის სკლერებზე. გ. ფ-ე გადაიყვანეს სად-ის N.. დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, თუმცა გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, დაახლოებით 03:25 საათზე, გონზემოუსვლელად, გარდაიცვალა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 14 მარტის N... დასკვნის თანახმად, გ. ფ-ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:
3.1. შ. შ. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
შ. შ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მე-8 ნაწილით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენით დანიშნული, ამნისტიის გამოყენების შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით შემცირებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 5 წლით, 8 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთიდან - ნაწილობრივ დაემატა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 15 დეკემბრიდან.
3.2. გ. ს. საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ. ს. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ს-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმა - 3000 ლარი. მას სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 10 აპრილიდან იმავე წლის 15 დეკემბრამდე და სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 15 დეკემბრიდან.
3.3. ლ. მ–ი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მე-8 ნაწილით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის განაჩენით დანიშნული, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შემცირებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ლ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2015 წლის 15 დეკემბრიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა.
4.1. ბრალდების მხარე საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულების - შ. შ-ისა და ლ. მ-ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის „ბ“ და ,,ე” ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, ხოლო გ. ს-ს - საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-8 ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მათთვის უფრო მკაცრი სასჯელების დანიშვნას სასჯელთა მთლიანი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში - განაჩენის უცვლელად დატოვებას, ხოლო დაცვის მხარე - გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს: დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დათო ცირეკიძემ; მსჯავრდებულმა გ. ს-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-ემ; მსჯავრდებულმა ლ. მ-მა და მისმა ინტერების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-ემ; მსჯავრდებულმა შ. შ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ამ.
6.1. პროკურორმა დათო ცირეკიძემ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ:
შ. შ-ისა და ლ. მ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებითა და მე-8 ნაწილით და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, მთლიანად შეკრების პრინციპის გამოყენებით;
გ. ს-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას დანაშაულის რეციდივის პრინციპის გამოყენებით.
6.2. მსჯავრდებულმა გ. ს-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
6.3. მსჯავრდებულმა ლ. მ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა.ბ-ემ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენის გაუქმება და ლ. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
6.4. მსჯავრდებულმა შ. შ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ამ საკასაციო საჩივრით მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენის გაუქმება და შ. შ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
7. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ შ. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ამ.
8. შ. შ-სთან მიმართებით პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია დანაშაული და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სსსკ-ის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, 2021 წლის 12 თებერვალს მსჯავრდებულ შ. შ-სა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსს - ირაკლი კოძახიძეს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
9. 2020 წლის 12 თებერვალს პროკურორმა ირაკლი კოძახიძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ შ. შ-ს შორის 2021 წლის 12 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა:
9.1. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენში და საქმის არსებითი განხილვის გარეშე შ. შ. დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით დაენიშნოს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.
9.2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენით დანიშნული, ამნისტიის გამოყენების შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით შემცირებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 წლით, 8 თვითა და 16 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. შ-ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2015 წლის 15 დეკემბრიდან.
10. საკასაციო სხდომაზე მსჯავრდებულმა შ. შ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ამ საკასაციო საჩივართან მიმართებით დააზუსტეს მოთხოვნა და იშუამდგომლეს, რომ საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენზე შ. შ-ის მიმართ.
11. საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ირაკლი კოძახიძემ, მსჯავრდებულმა შ. შ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. გ-ამ.
12. საკასაციო სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. ს-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ბ-ემ, მსჯავრდებულმა ლ. მ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ა. ბ-ემ, პროკურორმა ირაკლი კოძახიძემ (ლ. მ-ისა და გ. ს-ს ნაწილში) მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრებს და მოითხოვეს მათი დაკმაყოფილება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები მსჯავრდებულების: შ. შ-ის, გ. ს-სა და ლ. მ-ის მიმართ, შეამოწმა ბრალდების მხარის, მსჯავრდებულებისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრებში წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენში კი უნდა შევიდეს ცვლილება: სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ირაკლი კოძახიძესა და მსჯავრდებულ შ. შ–ს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე საპროცესო შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კანონის საფუძველზე და არ არის ვალდებული, დაამტკიცოს ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმება.
3. საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი. ამავე მუხლის მე-61 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, ან დაადგენს, რომ პროკურორის შუამდგომლობა ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევით არის წარმოდგენილი, იგი საქმეს პროკურორს უბრუნებს.
4. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას შ. შ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების, ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე.
4.1. შ. შ-ის განმარტებით, მას ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო ადვოკატისაგან ეფექტური დახმარება; მსჯავრდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
4.2. სასამართლო დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და მსჯავრდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს და ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ასახულია მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა.
4.3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ შ. შ. სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე.
4.4. სასამართლო დარწმუნდა, რომ შ. შ. სრულად აცნობიერებს: შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; დანაშაულს რომლის ჩადენაშიც ბრალი ედება; იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
4.5. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ მსჯავრდებულისათვის ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; ასევე ისიც, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან და აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
5. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება შ. შ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა.
6. სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ჩამოყალიბებული ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები სწორია. სასამართლო ასევე იზიარებს პროკურორის არგუმენტებს იმის თაობაზე, რომ ბრალდებულს გააჩნია პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ, მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან.
7. შ. შ-ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა დადასტურებულია საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: დაზარალებულის უფლებამონაცვლე კ. ფ-ის ჩვენებით, მოწმეების - მ. ბ-ის, რ. კ-ის, ა. ბ-ის, ა. გ-ის, დ. კ-ის, დ. გ-ას, პ. ჭ–ის, შ. ჯ-ის, მ. ზ-ის, თ. ჯ-ის, ბ. ხ-ს, ი. ჩ-ის, ნ. დ-ის, გ. ბ-ის, ო. დ-ის, ჯ. ლ–ის, ი. ჟ-ის, მ. თ-ისა და გ. კ-ის ჩვენებებით, გვამის დათვალიერების ოქმით, ფოტოილუსტრაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სად-ის N.. დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების 2014 წლის 4 მარტის N.. ოქმით, ამავე დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმის - ი. ჩ-ის 2014 წლის 4 მარტით დათარიღებული ცნობით და საქმეში არსებულ, სხვა მასალათა ერთობლიობით.
8. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლის მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულის პიროვნებას და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მოტივს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
9. ამდენად, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს უფროსი პროკურორის - ირაკლი კოძახიძის შუამდგომლობა მსჯავრდებულ შ. შ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „კასატორს უფლება აქვს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე გაითხოვოს თავისი საჩივარი. ასეთ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანოს განჩინება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, რომელიც საბოლოოა და არ გასაჩივრდება“. შესაბამისად, საკასაციო სხდომაზე კასატორების - შ. შ-ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. გ-ას დაზუსტებული საკასაციო მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, მათი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
11. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის, მსჯავრდებულ გ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის, მსჯავრდებულ ლ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ის საკასაციო საჩივრებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შემდეგს:
12. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას რ. კ-ემ განმარტა, რომ 2014 წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორად. 2014 წლის 3 მარტს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-.. კორპუსის მე-.. სართულზე, რეჟიმის ინსპექტორ-კონტროლიორ ა. გ-ესთან და ოფიცრებთან - მ. ბ-ესა და ა. ბ-ესთან ერთად. დღის განმავლობაში არანაირი ფაქტი არ დაფიქსირებულა. 2014 წლის 3 მარტს ზონა დაიკეტა 1900 საათზე. მსჯავრდებულების შემოწმება თითოეული საკნის მიხედვით ხდება ვახშმის შემდეგ და ბოქლომებით იკეტება საკნები (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 18:06:01 – 18:06:22). შემთხვევის დღეს შემოწმდა №.. საკანიც, რომელშიც მოთავსებული იყვნენ მსჯავრდებულები: გ. ფ-ე, შ. შ., გ. ს., ლ. მ-ი და გ. კ-ა(იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 18:07:20- 18:08:10). საღამოს 2300 საათზე, წესის შესაბამისად, ორი თანამშრომელი გავიდა დასასვენებლად სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, ხოლო თვითონ, მ. ბ-ესთან ერთად, განაგრძო ფხიზელ ცვლაში ყოფნა, ახდენდნენ შემოვლას. არანაირი ხმაური არ გაუგონიათ. 4 მარტს, ღამის 0200 საათზე, მ. ბ-ესთან ერთად იმყოფებოდა სამორიგეო მაგიდასთან, რა დროსაც გაიგონეს ტელევიზორის ხმამაღალი ხმა და ასევე მსჯავრდებულის ხმამაღალი ლაპარაკი. წავიდნენ დერეფნის სიღრმეში და №.. საკნიდან გაიგონეს ხმაური. სამორიგეო მაგიდიდან №.. საკანი დაახლოებით 20 მეტრით არის დაშორებული. ხმის ტემბრით და კილოთი იცნეს, რომ ხმამაღლა საუბრობდა პატიმარი გ. ფ-ე (იგი დიდი ხნის განმავალობაში იხდიდა სასჯელს აღნიშნულ დაწესებულებაში). მ. ბ-ემ გამოაღო საკნის ფანჯარა, ე.წ. ,,საკვებური’’ (რომელიც მდებარეობს კარის ზემოთ და კვადრატის ფორმა აქვს. არის დაახლოებით 20 სმ და განსაზღვრულია მსჯავრდებულისთვის საჭმლის (თეფშის, ჭიქის) მიწოდებისათვის. საკვებურიდან საკანში თითქმის ყველაფერი ხვდება მხედველობის არეში, გარდა მარცხენა კარის კუთხის კედლისა, სადაც არის საპირფარეშოს შესასვლელი და ასევე მხედველობის არეში არ ხვდება საწოლის კუთხე(იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი18:08:30 – 18:09:30)) და დაინახეს, რომ გ. ფ-ე ხმამაღლა საუბრობდა. წინ, ხელნაკეთ სკამზე, ხელგადახვეულები ისხდნენ გ. კ-ა და შ. შ., ხოლო გ. ფ-ე გულდაწყვეტით ამბობდა - ,,ძმურად მიგიღეთ, გული დაგანახეთ და თქვენგანაც იგივეს მოვითხოვო’’ (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:44:40 – 17:46:10). მათ მოუწოდეს, რომ ტელევიზორისთვის დაეწიათ და ხმამაღალი ლაპარაკიც შეეწყვიტათ, რაზედაც გ-მ უპასუხა, რომ ,,მშვიდობა იყო და ხმადაბლა ილაპარაკებდა’’ (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:46:15 – 17:46:30). ტელევიზორსაც დაუწიეს. რამდენიმე ხანი შეყოვნდნენ საკანთან და როცა უკვე ძალიან ხმადაბლად საუბრობდნენ და თითქმის სიტყვების გარჩევაც შეუძლებელი იყო, დაბრუნდნენ სამორიგეო მაგიდასთან, რა დროსაც სართულზე ამოვიდნენ ოპერატიული მორიგე დ. კ-ე და ოპერატიული უფროსი თ. ჯ-ე. მათ აცნობეს №.. საკანში მომხდარი ფაქტის შესახებ (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:46:40 – 17:47:40). ისინი დარწმუნების მიზნით თავადვე გაემართნენ აღნიშნული საკნისაკენ, საიდანაც არანაირი ხმაური აღარ ისმოდა, რის შემდეგაც დაიწყეს სხვა კორპუსებში მოძრაობა. №.. საკნისათვის პირველი შენიშვნის მიცემიდან დაახლოებით 20 წუთში გაიგონეს მძიმე საგნის დაცემის ხმა და შეურაცხმყოფელი სიტყვები დედის მისამართით (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:48:20 – 17:48:58). მ. ბ-ესთან ერთად გაიქცნენ დერეფნის სიღრმეში. №.. საკანთან მიახლოებისას გაიგონეს ყრუ დარტყმების ხმა, საკნის ფანჯრის გახსნისას დაინახეს, რომ კართან ახლოს, საპირფარეშოში შესასვლელთან არსებულ ერთ საფეხურიან კიბესთან თავით ეგდო გ. ფ--ე, ფეხები საკნის მარჯვენა მხარეს ჰქონდა, მარცხნივ იდგა გ. ს., ცალი ხელი კედელზე ჰქონდა მიყრდნობილი და თავის არეში ფეხებით სცემდა გ. ფ-ეს, მარჯვნივ იდგა ლ. მ-ი, რომელიც თავისა და გულმკერდის არეში (სადაც ფეხი მიუწვდებოდა) სცემდა გ. ფ-ეს ფეხებით, ხოლო შ. შ. იყო ჩაკეცილი და გულაღმა დაწოლილ გ. ფ-ეს თმის მოქაჩვით ბეტონის იატაკზე თავს არტყმევინებდა კედლის მხარეს, სადაც წითელი ლაქების გუბეც კი იდგა (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:49:00 – 17:51:15). მათ დაუყვირეს, რომ შეჩერებულიყვნენ, რა დროსაც გ. ს. მივიდა ფანჯარასთან და ხელი ააფარა, რადგან მათი წესებით, როცა საკანში რაიმე კონფლიქტია, თანამშრომელს არ უნდა დაანახონ. როცა საკანში შეიხედეს და დაინახეს ცემის ფაქტი, მ. ბ-ე გვერდით იდგა, ინსტინქტურად მანაც შეიხედა საკანში. როცა ყრუ დაცემის ხმა გაიგონეს, საკანთან მისასვლელად, მისი საკვებურის გამოსაღებად და №. საკნის გასაღებად 2 წუთი დასჭირდათ. ვინაიდან მ. ბ-ეს რადიოგადამცემი ჰქონდა, მას დაუძახა, რომ ექიმი გამოეძახა, რადგან გ. ფ-ე უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და წინააღმდეგობას ვერ უწევდა თანასაკნელებს. სამორიგეო სართულის ყველა საკნის გასაღების აცმა თან ჰქონდა და დაიწყო კონკრეტული გასაღების ძებნა. როცა კარი გააღო ცალმხრივად, რადგან ორ პატიმარს ერთად არ შეძლებოდა საკნის დატოვება, გ. ს–მა წინააღმდეგობა გაუწია, ცდილობდა კარი არ გაეღოთ, თან იძახდა, რომ ,,ციხეში იყო გაზრდილი და პასუხს არაფერზე აგებდა’’, ამ დროს კარის მეორე მხარის გაღებაც შეძლეს. როდესაც საკანი გააღო, გ. ს-ც კარს გამოჰყვა და აღმოჩნდა დერეფანში (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:50:00 – 17:53:10). ერთ ნაბიჯში უკვე გ. ფ-ესთან იდგა და ინსტინქტური ძახილით მოუწოდა მსჯავრდებულებს, შეჩერებულიყვნენ. შ. შ. და ლ. მ-ი საკანში მის შესვლამდე აგრძელებდნენ გ. ფ-ის ცემას, ხოლო შემდეგ შეწყვიტეს და საკნის სიღრმეში შევიდნენ. ისე, რომ მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:53:20 – 17:53:51). ამ დროს საკნიდან გამოვიდა გ. კ-ა, რომელიც მანამდე მათი მხედველობის არედან არ ჩანდა. ის იყო შეშინებული და უცნაურად გამოიყურებოდა. გ. კ-ა გავიდა და გაჩერდა დერეფანში (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:54:00 – 17:54:15). როცა შ. შ. და ლ. მ-ი საკნის სიღრმეში გადავიდნენ, ამ დროს გ. ფ-ე უგონო მდგომარეობაში იყო. სახეზე დაზიანებები ჰქონდა, ასევე იყო შეშუპებულიც (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:54:18 – 17:54:45). მოწმემ აღნიშნა, რომ საკნის ფანჯრიდან დაახლოებით 1-1,5 მეტრის მანძილზე ხედავდა ცემის ფაქტს (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 18:13:20 – 18:13:35). შემდგომ გამოიძახეს მორიგე ექიმი ი. ჩ–ე, რომელიც ცდილობდა პირველადი დახმარების გაწევას, მან თქვა, რომ პულსი ესინჯებოდა. სწრაფად, საკაცით გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში. როდესაც გ. ფ-ე სამედიცინო პუნქტში გადაჰყავდათ, №.. საკნის გასაღები, სხვა გასაღებებთან ერთად, დ. კ-ეს დაუტოვეს. მალევე მოვიდა ციხის უფროსი კ. ბ., რომელმაც მოითხოვა ახსნა-განმარტება მომხდართან დაკავშირებით. როდესაც დაბრუნდნენ №.. საკანთან, რისთვისაც 20 წუთი დასჭირდათ, დერეფანში იდგნენ თანამშრომლები. გ. ს., შ. შ., ლ. მ-ი და გ. კ-ა ჩაკეტილები იყვნენ საკანში და თანამშრომლები იმყოფებოდნენ დერეფანში (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:58:42 – 17:59:10). №-.. საკნიდან ისმოდა ხმა, ერთ-ერთი მსჯავრდებული მღეროდა კიდეც რუსულ ენაზე. ამ დროს რაციით გაჟღერდა, რომ №... საკანში მყოფი მსჯავრდებულები უფროსის - კ. ბ-ს ბრძანებით უნდა გადაეყვანათ სამარტოო საკანში, ე.წ. ,,კარცერში’’ (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:59:49 – 18:00:10). გააღეს №.. საკანი, მაგრამ შიგ არ შესულან, კარიდან დაინახეს, რომ საკანში იატაკი ნახევრად მოწმენდილი და სველი იყო, კიბის სახელურთან, სადაც სისხლის ლაქების გუბე იდგა, აღარაფერი იყო, თუმცა სულ წაშლილი არ ყოფილა და სისხლის ლაქები მაინც შეიმჩნეოდა. მსჯავრდებულები კი ტანსაცმელს ალაგებდნენ და გამოხატავდნენ თავიანთ აზრს, თუ რომელ ციხეში გადაიყვანდნენ. მათ ტანზე გამოცვლილი ჰქონდათ, თბილად ეცვათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ სხვა ციხეში გადაიყვანდნენ (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 18:00:10 – 18:01:45). დ. კ-ემ გამოიყვანა მსჯავრდებულები კარცერში გადაყვანის მიზნით, მათ არ დაიშალეს და პარკით ტანსაცმელი წამოიღეს. მან დაკეტა N--- საკანი, გამომძიებლების და ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ №.. საკანში შევიდა დ. გ-ა, რომელმაც უკან მოიტანა ,,კარცერში’’ გადაყვანილი მსჯავრდებულების ტანსაცმელი, რაც მოთავსებული იყო საშუალო ზომის 2-3 პარკში.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას მ. ბ-ემ განმარტა, რომ 2014 წლის მარტის მდგომარეობით მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. დაწესებულებაში უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორად. 2014 წლის 3 მარტს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-6 კორპუსის მე-3 სართულზე, ა. გ-ესთან, რ. კ-ესა და ა. ბ-ესთან ერთად. როდესაც ავიდნენ მე-3 სართულზე, გადაიბარეს ცვლა და აღნიშნულის შესახებ აცნობეს დ. კ-ეს, ამის შემდეგ გააღეს 44-ივე საკანი და დაიწყეს დღის წესრიგის შესრულება. სადილის დარიგების დროს დაიკეტა საკნები, ხოლო შემდეგ კვლავ გაიღო. რაიმე ინციდენტი ამ შემთხვევაში არ მომხდარა. 18:00 საათზე ისევ დაიკეტა და დღის ბოლოს დაიწყო ე.წ. ,,პრავერკა”. საკნის კარს აქვს საკვებური ე.წ. ,,კარმუშკა”, რომელზეც აღნიშნულია საკანში მსხდომი მსჯავრდებულების რაოდენობა, სახელები და გვარები. ასევე აქვთ სააღრიცხვო ბარათები, რაზეც მსჯავრდებულების სურათია მიკრული და მითითებულია მათი სახელი, გვარი და მამის სახელი. ,,პრავერკის” დროს ხდება მათი სრულად შემოწმება. როდესაც №.. საკანში შევიდნენ, იქ დახვდათ გ. ფ-ე, გ. კ-ა, შ. შ., ლ. - მ-ი და გ. ს. მოხდა საკნის ვიზუალური დათვალიერება. ,,პრავერკის” დასრულების შემდეგ პატიმრებს უწევენ სამედიცინო მომსახურებას, ვისაც რა აწუხებს - იმის მიხედვით. ამის შემდეგ განაწილდა ცვლა ანუ ორი თანამშრომელი ისვენებს საღამოს 23:00 საათიდან ღამის 03:00 საათამდე, ხოლო შემდეგი ორი თანამშრომელი - ღამის 03:00 საათიდან დილის - 07:00 საათამდე. პირველად დასვენება მოუწიათ ა. გ-ეს და ა. ბ-ეს. ფხიზელ ცვლაში მყოფები ახორციელებდნენ შემოვლას პერიოდულად. 02:00 საათს აკლდა წუთები, როდესაც შემოესმათ ხმაური და ტელევიზორის მაღალი ხმა. ისინი წავიდნენ ხმაურის წყაროსაკენ, სადაც გაიგონეს №.. საკნიდან გამოსული გ.ფ-ის ხმა (ვინაიდან ის უკვე დიდხანს იჯდა №-- დაწესებულებაში, მისი ხმა იცნეს)(იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:00:10 – 15:02:14). მისი საუბრიდან გაიგონეს, რომ ,,მე თქვენ ძმურად მიგიღეთ და თქვენგანაც ანალოგიურს მოვითხოვ”. როდესაც შეიხედეს საკვებურში (№.. საკნის კარზე არსებული საკვებური არის 20-25 სმ. კვადრატული ფორმის, რომელიც კარის ზედა ნაწილში მდებარეობს, როდესაც საკანი არის განათებული, შიგ ყველაფერი ჩანს(იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:21:35 – 15:22:43)) დაინახეს, რომ გ. ფ-ე მოძრაობდა საკანში, შ. შ. და გ. კ-ა თვითნაკეთ სავარძელში ხელგადახვეულები ისხდნენ, გ. ს. წამოწოლილი იყო მარჯვენა მხარეს განთავსებულ ორიარუსიანი ნარის პირველ სართულზე, ხოლო ლ. მ-ი არ დაუფიქსირებიათ. მათ გ. ფ-ეს მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა ხმამაღალი საუბარი და დაეწია ტელევიზორისათვის. გ. ფ-ემ დაუწია ტელევიზორს და განაცხადა, რომ ხმამაღლა აღარ ისაუბრებდა. ამის შემდეგ დაკეტეს საკვებური და როდესაც დარწმუნდნენ, რომ სრული სიწყნარე იყო, გააგრძელეს მოძრაობა სამორიგეო მაგიდისკენ (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:02:20- 15:04:15). ამ დროს ამოვიდა უსაფრთხოების განყოფილების უფროსი თ. ჯ-ე, რომელსაც მოჰყვა დაწესებულების მორიგე დ. კ-ე. მათ იკითხეს მდგომარეობა, განუმარტეს, რომ მომხდარის გამო შენიშვნა მისცეს გ. ფ-ეს, ისინი წამოვიდნენ და შეჩერდნენ №.. საკანთან. ვინაიდან იქ სიმშვიდე იყო, გააგრძელეს შემოვლა. ამის შემდეგ 02:15-დან 02:20 საათის შუალედში გაიგონეს ბეტონის იატაკზე მძიმე საგნის დაცემის ხმა, რასაც მოჰყვა დედის გინება. ჩქარი ნაბიჯით წავიდნენ იმ მხარეს, საიდანაც ხმა გამოდიოდა, ანუ №.. საკნისაკენ. რ. კ-ემ გამოაღო საკვებური, შეიხედა საკანში, თვითონ რ. კ-ის უკან იდგა, მარჯვენა მხარეს, ძალიან ახლოს და ემოციურად, ხმამაღლა დაიძახა, რომ შეეწყვიტათ ცემა, თან იყვირა, მგონი მოკლესო და ექიმისთვის დაძახება მოითხოვა (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:06:20 – 15:08:10). რ. კ-ე მოსცილდა საკვებურს და დაიწყო გასაღების ძებნა (ვინაიდან გასაღებები მას ჰქონდა, რომ გაეღო №... საკნის კარები). ამ დროს გათავისუფლდა ადგილი საკვებურთან და საკანში გამოჩნდა გ. ფ-ე, რომელიც ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იწვა, ბეტონის იატაკზე, კარიდან დაახლოებით 1-1,5 მეტრის მოცილებით. გ. ს. გ. ფ-ის თავთან იდგა, ლ. მ-ი - გ-ს მარჯვენა მხარეს, ხოლო შ. შ. გ-ს მარცხენა მხარეს იყო ჩაცუცქული და მას თავს არტყმევინებდა კეფით ბეტონის იატაკზე, ლ. მ-ი წიხლებით სცემდა სხეულის ზედა ნაწილში, ხოლო გ. ს–მა მოიქნია წიხლი, რომელიც გ. ფ-ეს მოხვდა თავის არეში, კერძოდ საფეთქელთან (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:08:15 -15:09:02; 15:20:30 – 15:20:40). ამასობაში რ. კ-ემ გააღო საკნის კარი და როდესაც გამოაღო, გ. ს-მა გამოყო ხელები საკნიდან, თავისკენ იზიდავდა კარს და თან იძახდა ,,მე ზონაში გაზრდილი ბიჭი ვარ” თან მოაყოლა გინება თავისი დედის მისამართით, რადგანაც კრიმინალური სამყაროს წესია, რომ როდესაც ხდება საქმის გარჩევა ან დაპირისპირება, არ შეიძლება თანამშრომელი შეესწროს ასეთ ფაქტს (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:09:15 – 15:09:50). საკნის კარი იღება 90%-ით და 180%-ით, 180 %-ით გაღებას ხელს უშლის სახელური, ხოლო ვინაიდან კარის გაღებაში გ. ს. ხელს უშლიდა რ. კ-ეს, გააღეს სახელური და კარი გამოაღეს 180%-ით, რომელსაც (გაღებულ კარს) გარეთ გამოჰყვა გ. ს. (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:09:55 – 15:10:26). საკანში შევიდა რ. კ-ე და სანამ არ მივიდა გ. ფ-ესთან, მანამდე შ. შ–ს და ლ. მ-ს გ. ფ-ის ფიზიკური შეურაცხყოფა არ შეუწყვეტიათ (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:10:30 – 15:11:00) ხმამაღალი და ემოციური მოწოდების შემდეგ შეწყვიტეს ცემა. შ. შ–ს გ. ფ-ისათვის თმაში ჰქონდა ხელი ჩავლებული (რადგანაც გ. გრძელ თმას ატარებდა) და თავს არტყმევინებდა ბეტონის იატაკზე, ხოლო ლ. მ-ი სცემდა სხეულის ზედა ნაწილში (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:11:05 – 15:11:30), როდესაც რ. კ-ე მივიდა გ---სთან, ისინი გადავიდნენ საკნის სიღრმეში, გ. კ-ა კი საკნიდან შეშინებული გამოვარდა გარეთ (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:11:05 – 15:12:00). გაფითრებულ გ. ფ-ეს აღენიშნებოდა ცხვირის არეში და ცალ წარბზე დაზიანებები, ასევე თვალები ჰქონდა შეშუპებული, მძიმედ სუნთქავდა და იმ ადგილას, სადაც გ. ფ-ეს თავი ედო, წითელი ფერის გუბე იდგა (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:11:55 – 15:12:12). მე-6 კორპუსში განთავსებულია მცირე ზომის სამედიცინო პუნქტი, სადაც ღამით რჩება ექიმი, დაუძახეს ექიმს (ი. ჩ-ეს), რომელიც მალე ამოვიდა და დაიწყო გ-ს გასინჯვა. ექიმმა თქვა, რომ პულსი ესინჯებოდა და მოითხოვა საკაცის მოტანა. ამ დროს მოვიდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, გ. ფ-ე დააწვინეს საკაცეზე და წაიყვანეს სამედიცინო ნაწილში. რ. კ-ემ წასვლამდე საკნების გასაღებები გადასცა დ. კ-ეს. დაახლოებით 5-10 წუთი დასჭირდათ სამედიცინო ნაწილში მისვლამდე. შემდეგ დაბრუნდნენ ისევ მე-6 კორპუსის მე-3 სართულზე, სადაც №.. საკანი დახვდათ დაკეტილი, რომელშიც იმყოფებოდნენ შ. შ., გ. ს., ლ. მ-ი და გ. კ-ა, ჩართული იყო ტელევიზორი და ისმოდა სიმღერის ხმა, ხოლო ისინი ამ სიმღერის ხმას ღიღინს აყოლებდნენ. 10 წუთის შემდეგ რაციაში გაისმა ციხის დირექტორის - კ. ბ-ს ხმა, რომ მსჯავრდებულები, რომლებიც მოთავსებული იყვნენ №.. საკანში გადაეყვანათ სამარტოო საკნებში (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:17:20 -15:18:20). №.. საკანში შევიდა დ. კ-ე და მსჯავრდებულებს განუცხადა, რომ სამარტოო საკნებში უნდა გადაეყვანა ისინი. მსჯავრდებულები პარკებში აწყობდნენ თავიანთ ნივთებს, საკანში იყო არეულობა, ასევე სისხლის გუბე იყო მოწმენდილი, საკნის იატაკი კი - ნახევრად სველი (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:18:50 – 15:19:11; 15:28:30 – 15:28:40).
14. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დ. გ-ამ მიუთითა, რომ მუშაობს გ-ის №.. დაწესებულების რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორად. 2014 წლის მარტში მუშაობდა უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორად, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერტიული ვითარების შესწავლა. 2014 წლის 3 მარტს გამოცხადდა სამსახურში და განაწილდა მე-6 კორპუსის მე-4 სართულზე, სადაც ასევე განაწილებული იყვნენ უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი შ. ჯ-ე, რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორები - მ. და მ. ზ-ეები და ი-ე. იმ ღამეს, 23:00 საათიდან 03:00 საათამდე, მე-4 სართულზე ,,ფხიზელ ცვლაში’’ მასთან ერთად იყო მ. ზ-ე. დღის განმავლობაში სიმშვიდე იყო, ხოლო დაახლოებით ღამის 02:20 საათი იქნებოდა, როდესაც მასთან მყოფი თანამშრომლის საძახილიდან გაიგონა ხმა, რომ სამედიცინო დახმარებას ითხოვდნენ მე-6 კორპუსის მე-3 სართულზე, რის გამოც ის ჩავიდა მე-3 სართულზე, სადაც 3.. საკანთან იყვნენ თანამშრომლები, საკანი იყო ნახევრად ღია მდგომარეობაში. იგი საკანში არ შესულა, კარებთან ახლოს დაინახა, რომ უგონო მდგომარეობაში ძირს ეგდო მსჯავრდებული გ. ფ-ე, მასთან ახლოს იყო მოწითალო სისხლის გუბე (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:06:30 – 16:08:10). საკანში კიდევ იმყოფებოდა ოთხი მსჯავრდებული - შ. შ., გ. ს., გ. კ-ა და ლ. მ-ი (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:08:26 – 16:09:03). ამ დროს იქ მივიდა ექიმი და მიიტანეს საკაცე. აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებული გ. ფ-ე გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში, რა დროსაც დაინახა, რომ მსჯავრდებულს სახეზე ეტყობოდა სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:10:40 – 16:10:58). სამედიცინო ნაწილში გ. ფ-ეს ექიმმა გაუწია სამედიცინო დახმარება, ასევე სამედიცინო ნაწილში გადაყვანიდან 20 წუთში მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანაც (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:11:40 – 16:12:31). აღნიშნულის შემდეგ კი გამობრუნდა უკან. მოგვიანებით ხელმძღვანელისაგან მიიღო დავალება, რომ 3.. საკნის პატიმრები გადაეყვანათ სამარტოო საკნებში, რის შემდეგაც სართულზე მყოფ თანამშრომლებთან ერთად გააღეს 3... საკნის კარი და პატიმრებს - შ. შ–ს, გ. ს-ს, გ. კ-ას და ლ. მ-ს მან განუმარტა, რომ სამარტოო საკანში უნდა გადაეყვანათ და გამოსულიყვნენ, რაზედაც მათ რაიმე წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, ხოლო როდესაც მიჰყავდათ, ისინი მხიარულად მიდიოდნენ(იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:12:40 – 16:13:55). ამ დროს 3.. საკანში სისხლის გუბე უკვე აღარ იყო, მოწმენდილი იყო (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:21:45 – 16:22:00). მსჯავრდებულების სამარტოო საკნებში შეყვანამდე ინსპექტორ-კონტროლიორმა გ. მ-მა მათ ჩაუტარა ჩხრეკა-დათვალიერება. ამ დროს შ. შ–ს პოლიეთილენის პარკში ჰქონდა, მისი განცხადებით, საცვლები, მაგრამ დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა მოლურჯო ფერის სველი ჯინსის შარვალი, რომელსაც როგორც კონტროლიორმა აღნიშნა, ემჩნეოდა წითელი ფერის ლაქები. აღნიშნულ შარვალზე შ. შ-მ განაცხადა, რომ ახალი გარეცხილი ჰქონდა და სურდა გასაშრობად შეტანა, შემდეგ მსჯავრდებულები შეიყვანეს სამარტოო საკანში, ხოლო შარვალი გადაკიდეს გასაშრობ ოთახში (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:15:50 – 16:17:50). მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული გარემოებები მოახსენა ხელმძღვანელს - კ. ბ-ს, რომელმაც უთხრა, ჩამოეხსნა ეს შარვალი, რადგან შესაძლოა, ყოფილიყო მნიშვნელოვანი და დაედო ოთახში, რაც მან შეასრულა(იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:18:10 – 16:19:20). მას მ. ბ-ემ უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ.
15. მოწმის სახით დაკითხული ა. გ-ის ჩვენებით (გ-ის №.. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორი) და ა. ბ-ის (გ–ის №.. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორი) ჩვენებით დადასტურებულია, რომ ისინი ბრალდებულებს იცნობენ სამსახურიდან. 2014 წლის 3 მარტსაც 09:00 საათზე გამოცხადდნენ სამსახურში. ჩატარდა თათბირი და მ. ბ-ესა და რ. კ-ესთან ერთად გაანაწილეს მე-.. კორპუსის მე-.. სართულზე. დღის განმავლობაში რაიმე შემთხვევა არ მომხდარა. საღამოს, დაახლოებით 1930 საათზე, დაიკეტა ყველა საკანი ბოქლომით, მათ დაარიგეს საჭმელი და ა. გ-ემ და ა. ბ-ემ მ. ბ-ესა და რ. კ-ესთან ერთად დაიწყეს მსჯავრდებულების შემოწმება და დათვლა, ასევე საკნების ვიზუალური დათვალიერება, კერძოდ, აღებდნენ საკნებს და მსჯავრდებულები გამოდიოდნენ გარეთ, რომლებსაც ამოწმებდნენ ბარათის მეშვეობით, სადაც აღნიშნულია მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი და ასევე არის მსჯავრდებულის ფოტო. ადგენენ, რომ მსჯავრდებული არ იყოს გადასული და მოთავსებული სხვა საკანში, შემდეგ ახდენდნენ ერთ-ერთი მსჯავრდებულის თანდასწრებით საკნის ვიზუალურ დათვალიერებას, რომ რაიმე არ ყოფილიყო დაზიანებული, რის შემდეგაც საკანში შეჰყავდათ მსჯავრდებულები და კეტავდნენ საკნის კარს ბოქლომით, რაც განხორციელდა კიდეც აღნიშნულ დღეს მ.. კორპუსის მე-.. სართულზე მდებარე საკნებში. საღამოს შემოწმების დასრულების შემდეგ, 23:00 საათამდე, ახორციელებდნენ შემოვლას სართულზე დერეფანში და ამოწმებდნენ რაიმე ხმაური არ ყოფილიყო საკნიდან, თუმცა რაიმე დარღვევა არ შეუნიშნავს. ვინაიდან ოთხი თანამშრომლიდან 23:00 საათიდან 03:00 საათამდე ,,ფხიზელ ცვლაში’’ იმყოფება ორი თანამშრომელი, ხოლო ორი ისვენებს 03:00 საათამდე, 23:00 საათზე მათ დაისვენეს სამორიგეო ნაწილში, ,,ფხიზელ ცვლაში’’ კი დარჩნენ რ. კ-ე და მ. ბ-ე. რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ მათ გაიგონეს დაკაკუნება, რის გამოც ეგონათ, რომ უკვე მათი მორიგეობის დრო იყო მოსული, ადგნენ, მოწესრიგდნენ და გამოვიდნენ სამორიგეოდან, რა დროსაც დერეფანში მათ დახვდათ ოპერატიული მორიგე დ. კ-ე და რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი - მე-6 კორპუსის უფროსი პ. ჭ-ი, რომლებმაც უთხრეს, რომ 3.. საკანში მსჯავრდებულებს შორის მოხდა ჩხუბი და დაშავებული იყო გ. ფ-ე, რომელიც გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში. ამ დროს 3.. საკნის კარი დაკეტილი იყო, საიდანაც ლაპარაკის ხმა ისმოდა. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით ათ წუთში, სართულზე ავიდნენ რ. კ-ე, მ. ბ-ე და დ. გ-ა, რომლებმაც გამოიყვანეს საკანში დარჩენილი მსჯავრდებულები და გადაიყვანეს სამარტოო საკანში, ხოლო საკნის კარი დაკეტეს და გასაღები ა. ბ-ეს ჩააბარეს. აღნიშნულის შემდეგ ადგილზე მივიდნენ გამომძიებლები და ექსპერტები და დაიწყეს საკნის დათვალიერება, რაშიც მონაწილეობდნენ ა. გ-ეც და ა. ბ-ეც. საკნის კარი პირადად გააღო ა. ბ-ემ, ისინი ერთად შევიდნენ საკანში და დაიწყეს დათვალიერება, რა დროსაც ნახეს, რომ საკნის შესასვლელ კართან, მარცხენა მხარეს არსებულ საპირფარეშოს გარეთა კედელზე მიშხეფებული იყო წითელი ფერის ლაქები იმ ადგილას, სადაც მოწმენდილი იყო იატაკი. საკნის იატაკი იყო ნახევრად სველი, აშკარად ეტყობოდა, რომ დაახლოებით მესამედი ნაწილი იყო მოწმენდილი, დანარჩენი ნაწილი კი იყო მშრალი. მაგიდაზე იდგა ელექტროჩაიდანი, რომელიც ამოიღეს ექსპერტებმა და დაანახეს, რომ მას ჩატეხილი ჰქონდა ბოლო და ამომტვრეულ ნაწილში იყო წითელი ლაქა. ტანსაცმელი პარკებში მოუწესრიგებლად იყო ჩალაგებული, ხოლო ნაწილი არეული იყო საკანში. საკანში არსებული ერთ-ერთი ორსართულიანი საწოლის კიბეზე იდო მოსერო ფერის გრძელმკლავიანი მაისური წარწერებით, რომელსაც ასევე წითელი ლაქა ჰქონდა, ამავე საწოლის მეორე სართულზე იყო ჯინსის შარვალი. ასევე იატაკზეც იდო ორი სველი ჯინსის შარვალი. სულ ნანახი იქნა სამი შარვალი და სამივე - სველი. მათგან ერთი იყო ,,მოსერო’’ ფერის; საპირფარეშოში იყო პოლიეთილენის პარკში მოთავდებული პირსახოცი, რომელზეც აღინიშნებოდა წითელი ლაქები. რაც იყო იქ, ამოიღეს, დალუქეს და შეადგინეს ოქმი. მოწმეების განმარტებით, მესამე სართულზე არის ორი სამორიგეო - ერთ სამორიგეოში არის დოკუმენტაცია და დღის განმავლობაში იყენებენ, ხოლო მეორე სამორიგეოს საღამოს მოსასვენებლად იყენებენ. სამორიგეოს აქვს მეტალოპლასტმასის კარი და ფანჯარა, რის გამოც შეუძლებელია გაიგონო დერეფანში არსებული რაიმე ხმაური. მათ რ. კ-ისა და მ. ბ-ისაგან გაიგეს მომხდარი ფაქტის შესახებ. 2014 წლის 3 მარტს მე-.. კორპუსის მე-.. სართულის 3.. საკანში მოთავსებული იყვნენ მსჯავრდებულები - გ. ფ-ე, შ. შ., ლ. მ-ი, გ. კ-ა და გ. ს., რაც მათ პირადად შეამოწმეს და ნახეს.
16. მოწმე დ. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს გ-ის №.. დაწესებულებაში ოპერატიული მორიგე-ინსპექტორის თანამდებობაზე და ევალება სადღეღამისო უწყისის მიხედვით განაწილებულ თანამშრომლებზე ზედამხედველობა და დღის წესრიგის შესრულება. 2014 წლის 3 მარტს ის დილით გამოცხადდა სამსახურში, ათ საათზე ჩატარდა თათბირი, სადაც სადღეღამისო უწყისის მიხედვით, გაანაწილა თანამშრომლები ობიექტებზე, რასაც ესწრებოდა ასევე თ. ჯ-ეც, რის შემდეგაც დღის განმავლობაში იმყოფებოდა თავის სამუშაო კაბინეტში. საღამოს, როდესაც ზონა იკეტება, რვის ნახევარზე, გადადის ზონაში, რვა საათისათვის ამოწმებს, რომ სასადილოდან დროულად მოხდეს საკვების მიწოდება და ესწრება მსჯავრდებულებისთვის საჭმლის დარიგებას და ასევე საღამოს შემოწმებას, რაც მთავრდება ათის ნახევარზე, ხოლო შემდეგ, ღამის საათებში, პერიოდულად აწარმოებს შემოვლებს, თუ როგორ ასრულებენ თანამშრომლები ობიექტებზე თავიანთ სამუშაოს. 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით 01:20 საათზე, გავიდა შემოვლაზე მე-6 კორპუსში, კიბით ავიდა მე-4 სართულზე და შეამოწმა თანამშრომლები და იქ არსებული სიტუაცია, რის შემდეგაც, დაახლოებით 01:50 საათზე, ჩამოვიდა მე-.. სართულზე, სადაც შესასვლელ კარში მას დახვდნენ უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი მ. ბ-ე და სამართლებრივი რეჟიმის კონტროლიორი რ. კ-ე, რომლებმაც უთხრეს, რომ №.. საკანში ტელევიზორი ჰქონდათ ხმამაღლა აწეული და ცოტა ხმამაღალი საუბარი იყო, შეიხედეს ,,საკვებურიდან’’ და შენიშვნა მისცეს, რის შემდეგაც დაუწიეს ტელევიზორს და ხმამაღლა საუბარიც შეწყვიტეს, მას შემდეგ სიმშვიდე იყო’. ამ მომენტში იქ მივიდა უსაფრთხოების განყოფილების უფროსი თ. ჯ-ეც, რომელიც ასევე იმყოფებოდა შემოვლაზე და რომელსაც ასევე მოახსენეს აღნიშნულის შესახებ მ. ბ-ემ და რ. კ-ემ. მათ გაიარეს 3.. საკანთან, მაგრამ რაიმე ხმაური არ ყოფილა, სიწყნარე იყო, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა თ. ჯ-ემ დაავალა იქ მყოფ თანამშრომლებს - მ. ბ-ესა და რ. კ-ეს, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ. აღნიშნულის შემდეგ თვითონ წამოვიდა მე-2 სართულის შესამოწმებლად, ხოლო თ. ჯ-ე წავიდა პირველი სართულისკენ. დაახლოებით 10-15 წუთში, როდესაც მე-2 სართულის შემოწმება დაამთავრა და გამოვიდა ზემოთ ასასვლელ კიბეზე, დაინახა ექიმი ი. ჩ-ე, რომელსაც ეკავა სამედიცინო ყუთი და მიდიოდა მე-.. სართულისკენ. ი. ჩ-ემ მის შეკითხვაზე უპასუხა, რომ გამოძახებული იყო მე-.. სართულზე, რის გამოც ისიც გაჰყვა. როდესაც ისინი ავიდნენ მესამე სართულზე, დ. კ-ემ დაინახა, რომ 3.. საკანი იყო ღია, კართან იდგნენ მ. ბ-ე და რ. კ-ე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი დ. გ-ა, რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი პ. (ვ.) ჭ-ი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი. ექიმი ი. ჩ-ე შევიდა 3.. საკანში და მას შეჰყვნენ მ. ბ-ე და რ. კ-ე. ამ დროს იქ ავიდა თ. ჯ-ეც. მოწმის განმარტებით, მან საკნის ღია კარიდან დაინახა, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებული - გ. ფ-ე იატაკზე იწვა და მას ექიმი ი. ჩ-ე ადგა თავზე, რომელმაც თ. ჯ-ეს განუმარტა, რომ კონტაქტი არ ჰქონდა მსჯავრდებულს, წნევას უსინჯავდა და გადაიყვანდა სამედიცინო ნაწილში. აღნიშნულის შემდეგ თ. ჯ-ემ მოიკითხა, თუ რა მოხდა და მალევე გაბრუნდა, რომ დირექტორისათვის ეცნობებინა ამ ფაქტის შესახებ. თვითონ კი ჰკითხა იქ მყოფ თანამშრომლებს, თუ რა მოხდა, რაზედაც დ. გ-ამ და პ. (ვ) ჭ-მა უპასუხეს, რომ 3.. საკანში მსჯავრდებულ გ. ფ-ესთან თანასაკნელებს მოუვიდათ ჩხუბი და გ. ფ-ე იყო დასისხლიანებული. ექიმი მალე გამოვიდა და თქვა, რომ სასწრაფო დახმარება უნდა გამოეძახებინათ. დაახლოებით ხუთ წუთში ერთ-ერთმა თანამშრომელმა აიტანა საკაცე, მსჯავრდებული დააწვინეს საკაცეზე და დ. გ-ამ, მ. ბ-ემ და რ. კ-ემ გ. ფ-ე გადაიყვანეს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში. მალევე მათ გაჰყვა თავადაც, ხოლო მესამე სართულზე დარჩნენ ა. ბ-ე და ა. გ-ე და ამ დროისათვის 3... საკანში იმყოფებოდნენ ამავე საკანში განთავსებული მსჯავრდებულები. სამედიცინო ნაწილში მივიდა დაწესებულების დირექტორი კ. ბ-ც. აღნიშნულის შემდეგ დ. კ-ე წავიდა, რათა სასწრაფო დახმარება და სასწრაფოს ექიმები დროულად შეეყვანათ. დაახლოებით 20-25 წუთში მივიდა სასწრაფო დახმარება და მან შეიყვანა სასწრაფოს ექიმები, სასწრაფო დახმარებაც და ის პირადად მიჰყვა მათ დაწესებულების სანიტარულ ნაწილამდე. აღნიშნულის შემდეგ კი მას უნდა მოეყვანა გამომძიებლები და ექსპერტები. როდესაც ისინიც შეიყვანა და მივიდა დაწესებულების სანიტარულ ნაწილში, თანამშრომლებისაგან გაიგო, რომ მსჯავრდებული გ. ფ-ე გარდაიცვალა. დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ გადავიდა მე-6 კორპუსში და მ. ბ-ისა და რ. კ–ისაგან გაიგო, რა მოხდა და რა მდგომარეობა იყო. ანალოგიური ჩვენება მისცა გ-ის №.. დაწესებულების სპეცაღრიცხვის განყოფილების ინსპექტორმა თ. ჯ-ემ.
17. მოწმის სახით დაკითხულმა, გ-ის №.. დაწესებულების თანამშრომლებმა - პ. ჭ-მა, შ. ჯ-ემ, ბ. ხ-მ და მ. ზ-ემ თავიანთი ჩვენებებით დაადასტურეს მოწმეების - მ. ბ-ის, რ. კ-ის, ა. გ-ის, ა. ბ-ის, დ. კ-ის, თ. ჯ-ისა და დ. გ-ას მიერ მითითებული გარემოებები, რომელთა თანახმადაც, 2014 წლის 3 მარტს, საღამოს 07:00 საათზე, დაიწყეს საკნების დაკეტვა, ნახევარი საათის შემდეგ მიეწოდათ პატიმრებს ვახშამი და შემოწმდა საკნები, რის შემდეგაც დაიკეტა ყველა საკანი. მესამე სართულზე, 23:00 საათიდან 03:00 საათამდე ფხიზელ ცვლაში იმყოფებოდნენ მ. ბ-ე და რ. კ-ე, მე-2 სართულზე - ბ. ხ. და მ. ა-ე, ხოლო მე-4 სართულზე - დ. გ-ა, ი-ე და მ. ზ-ე. ღამის 02:00 საათის შემდეგ, 02:00 წუთი იქნებოდა, როდესაც პ. ჭ-ს მისმა თანამშრომელმა, მორიგე-კონტროლიორმა გ. ო-მა უთხრა ე.წ. ,,რაციით’’, რომ მე-3 სართულის თანამშრომლებმა სასწრაფოდ მოითხოვეს ექიმის დახმარება, ასევე აღნიშნული გაიგონა ბ. ხ-მ ,,რაციაში’’, რომელიც ჰქონდა მ. ა-ეს. ამ ვითარების შესახებ ,,რაციის’’ მეშვეობით გაიგო მ. ზ-ემაც. ბ. ხ-მ მიირბინა კიბესთან და გასძახა მე-3 სართულის თანამშრომლებს, თუ რა მოხდა, რა დროსაც მას უთხრეს, რომ 3.. საკანში მოხდა ჩხუბი. მ. ზ-ეც ჩავიდა მე-3 სართულის შესასვლელთან და იქ გაიგო, რომ 3.. საკანში მოხდა ჩხუბი და ერთ-ერთი პატიმარი იყო ნაცემი. პ. ჭ–ი კი ავიდა მე-3 სართულზე, 3.. საკანთან, რომელიც იყო ღია და სადაც მას დახვდნენ უსაფრთხოების ოფიცრები - დ. გ-ა, მ. ბ–ე და მორიგე-კონტროლიორი რ. კ-ე, რომლებისგანაც გაიგო, რომ მსჯავრდებულ გ. ფ-ეს მისმა თანასაკნელებმა სცემეს და იყო ცუდად. ამ დროს ავიდა ექიმი-ი. ჩ-ეც, რომელიც შევიდა საკანში და მას თან შეჰყვნენ მ. ბ-ე და რ. კ-ე. ცოტა ხნის შემდეგ ექიმმა განაცხადა, რომ საკაცე იყო საჭირო, რათა მსჯავრდებული გადაეყვანათ სამედიცინო ნაწილში. მათაც დაუძახეს სამორიგეო ნაწილს, რომ გადაეტანათ საკაცე. როდესაც ამოიტანეს საკაცე, გამოიყვანეს უგონო მდგომარეობაში მყოფი მსჯავრდებული გ. ფ-ე, რომელსაც სისხლით ჰქონდა მთლიანად სახე მოსვრილი. მოწმეების განმარტებით, მათ მომხდარი ფაქტის შესახებ გაიგეს მ. ბ-ისა და რ. კ-ისაგან.
18. მოწმის სახით დაკითხული ნ. დ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის მარტში სასჯელს იხდიდა გ-ის №.. დაწესებულებაში, მ... კორპუსის მესამე სართულზე არსებულ 3... საკანში, სადაც მასთან ერთად იყვნენ მსჯავრდებულები - გ. ბ-ე, რ. და ო. დ-ეები, ი. ჟ-ე და ჯ--- ლ-ე. 3.. საკანი მდებარეობს 3.. საკნის წინ, ხოლო ეს ფაქტი მოხდა 3.. საკანში, რომელიც არის 3.. საკნის გვერდით. 3.. საკანი 3.. საკნიდან დაშორებულია დაახლოებით 5-6 მეტრით და 3.. საკანი მდებარეობს 3... საკნის მოპირდაპირე მხარეს. 2014 წლის 3 მარტს საკნები დაიკეტა დაახლოებით შვიდ საათზე - რვის ნახევარზე, როგორც წესი. ჩვეულებრივი დღე იყო. გვიან ღამით, არ იცის რომელი საათი იქნებოდა, ძილში ჩაესმა რაღაც ლაპარაკის ხმა და წამოდგა, ამ დროს გ. ბ-ეს არ ეძინა, ის ტელევიზორს უყურებდა. ეს ხმები 3.. საკნიდან მოდიოდა. ის კარგად იცნობდა გ. ფ-ეს და მიხვდა, რომ გ. ფ-ის ხმა იყო - აქცენტით და ხმამაღალი ლაპარაკიც იცოდა. მოწმის განმარტებით, ხმას ძალიან თუ აუწევდი, შეიძლებოდა გაგონება, ისე საუბარს ვერ გაიგონებდნენ. მას ესმოდა ხმები, სიტყვები - არა, მრავლობითში ლაპარაკობდნენ და ვერ არკვევდა, ვინ რას ამბობდა. გ. ფ-ესთან 3.. საკანში მოთავსებული იყვნენ ს., მ-ი, შ.- და ერთი ბ-იც. 5-6 წუთის შემდეგ შეწყდა საერთოდ ხმა, გაჩუმდა ყველაფერი, სიწყნარე იყო და შემდეგ არავითარი ხმაური არ გაუგონია. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთი იქნებოდა გასული, ისევ გაგრძელდა ხმამაღალი ლაპარაკი, დაახლოებით 5-6 წუთი, შემდეგ ისევ გაჩუმდა ყველაფერი, კარი გაიღო და მოგვიანებით გაიგონეს უკვე, რომ ვიღაც გამოიყვანეს საკნიდან, ასევე გაიგონეს ნათქვამი, რომ ,,ბალიშიც გაეყოლებინათ’’, რის გამოც იფიქრა, რომ საკაცით ვიღაც გამოიყვანეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, მეტი ვერაფერი გაიგო. მეორე დღეს ტელევიზორის მეშვეობით გაიგეს, რომ გ. ფ-ე გარდაცვლილი იყო. ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა, გ-ის №.. დაწესებულების პატიმარმა - გ. ბ-ემაც.
19. მოწმის სახით დაკითხული გ. კ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქუთაისის შპს ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში’’ ექიმად. 2014 წლის 3 მარტს ის დილის ცხრა საათზე გამოცხადდა სამსახურში და მორიგეობდა 4 მარტის დილამდე. 2014 წლის 4 მარტს, გამთენიისას, ოპერატორმა გამოიძახა მათი ბრიგადა, გამოძახება იყო გ------ის კოლონიაში, რადგან პატიმარი იყო ცუდად. მათ გამოძახება მიიღეს დაახლოებით ღამის 230-240 საათზე და ადგილზე მივიდნენ ღამის 300 საათისათვის (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 იანვრის სხდომის ოქმი 14:28:20 – 14:29:22). გაიარეს შესაბამისი პროცედურა და შევიდნენ კოლონიის ეზოში, შემდეგ კი - ამბულატორიაში. პატიმარი იატაკზე იწვა, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა თავი ისე, რომ ვერ გაარჩევდი მამაკაცი იყო თუ ქალი, თავზე აღენიშნებოდა დიდი ზომის ჰემატომები, თვალის გუგების გახელა ვერ მოხერხდა ჰემატომების გამო, გატეხილი ჰქონდა ცხვირი, ჭრილობა იყო სისხლმდენი, ასევე ყურიდან სდიოდა სისხლი და სითხე, ჭრილობა ჰქონდა წარბზე, თავი იყო მთლიანად დეფორმირებული (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 იანვრის სხდომის ოქმი 14:29:30 – 14:30:05). ციხის ექიმი მას უტარებდა სამედიცინო დახმარებას, ხელოვნურ მასაჟს და ე.წ ,,ამბუს’’ აპარატით სუნთქვას პირში. მისვლისთანავე გასინჯა პულსაცია ძირითად მაგისტრალურ არტერიაზე და პულსაცია არ იყო, გულისცემა არ ჰქონდა და არ იყო სუნთქვა, პირიდან უკვე სისხლი მოდიოდა მასაჟის შედეგად და მან დააფიქსირა, რომ უკვე გარდაცვლილი იყო (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 იანვრის სხდომის ოქმი 14:30:10 – 14:30:50). ვინაიდან ამბულატორიაში კვალიფიციური ექიმის მიერ ნახევარ საათზე მეტხანს უტარდებოდა გულის მასაჟი, ხელოვნური მასაჟი, ,,ამბუს’’ აპარატით სუნთქვა, გაკეთებული ჰქონდა ადრენალინი როგორც ვენაში, ასევე გულის კუნთში და მიუხედავად ამისა, არც გულის ფუნქციონირება და სუნთქვა არ აღდგა, ამიტომ მან დააფიქსირა, რომ პატიმარი იყო გარდაცვლილი, რის გამოც სასწრაფომ სტაციონარში აღარ გადაიყვანა, გარდაცვლილი მათ მხოლოდ შესაბამისი ორგანოების მოთხოვნის შემდეგ გადაჰყავთ ექსპერტიზის ბიუროში (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 იანვრის სხდომის ოქმი 14:30:55- 14:31:40). მოწმის განმარტებით, მათ გარდაცვლილისათვის რაიმე ღონისძიება არ ჩაუტარებიათ, რადგან ის სამედიცინო დაწესებულებაში იყო და ექიმი უტარებდა ყველაფერს, რაც საჭირო იყო (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 იანვრის სხდომის ოქმი 14:31:50 – 14:32:15). გ. ფ-ეს თავზე ისეთი დიდი ზომის ჰემატომები ჰქონდა და თავის ქალა ისე იყო დეფორმირებული, რომ ამის გამო დაზიანებული იქნებოდა სუნთქვის ცენტრი, ხოლო როდესაც ყურიდან სითხე და სისხლი მოდის, ეს არის ქალაფუძის მოტეხილობა, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელია (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 იანვრის სხდომის ოქმი 14:33:25 – 14:34:01). როდესაც მან დააფიქსირა გ. ფ-ის სიკვდილი, საბოლოოდ ციხის ექიმიც დაეთანხმა, რომ იყო გვამი და შეწყვიტა გულის მასაჟი (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 იანვრის სხდომის ოქმი 14:35:10 – 14:35:40).
20. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის - კ. ფ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ. ფ-ე იყო მისი ძმა, რომლის გარდაცვალების შესახებ შეიტყო 2014 წლის 4 მარტს. მას დაურეკა ერთერთმა მსჯავრდებულმა, რომელსაც სახელი და გვარი არ უთქვამს და აცნობა, რომ მისი ძმა იყო პროზექტურაში. მას ძმასთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, ხშირად აკითხავდა. მხოლოდ თებერვლის თვეში არ შეხვედრია, რადგან იმ პერიოდში ციხის უფროსთან დაკავშირებით, შიმშილობა იყო და ამ მოტივით ვერ შეხვდა. სამი დღით ადრე დაურეკა მას გ-მ და უთხრა, რომ მის საკანში ახალი პატიმრები შეიყვანეს. ამ ფაქტამდე ცოტა ადრე გ-ს კონფლიქტი მოსვლია საკანში მყოფ პატიმრებთან, გ. კ-ას დაცვასთან დაკავშირებით. რის გამოც პატიმრებს უთქვამთ ,,ამ ადამიანს რომ იცავ, ჩვენ ,,კარგ ბიჭებს’’ რა პატივს გვცემო?!’’, რაზედაც გ-ს უპასუხია, მშობლებს გზავნილის შემოგზავნას ვთხოვ და ამით გცემთ პატივსო. გ-მ დარეკა სახლში და ითხოვა გზავნილის გაგზავნა, რაც დედამ გაუგზავნა. 2014 წლის 2 მარტს გ-მ დაურეკა დედას და უთხრა, რომ გზავნილი მიიღო, ცოტახანში ისევ დაურეკა და მადლობა გადაუხადა მისი და პატიმრების სახელით. მოწმე ფიქრობს, რომ ის პატიმრები იყვნენ, რომლებიც გ-ს საკანში ახალი გადმოყვანილი ჰყავდათ, რადგან მათზე თქვა გ-მ, ახალი ოჯახი შექმნესო და სწორედ ამიტომ გაუგზავნეს გზავნილი. გ. ნათესავებმა ჩამოასვენეს. მისი სხეული ძალიან იყო დაზიანებული. ნორმალური ადამიანი ვერ შეძლებს, ასე დაასახიჩროს ვინმე. გ-ს არც შუბლი ჰქონდა, არც - თვალები, არც - ცხვირი. სახის მიდამოში იყო ნაცემი, ეს იყო მიზანმიმართულად ჩადენილი იმ მოტივით, რომ ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი ყოფილიყო. როგორც მისთვის იყო ცნობილი, თბილისიდან იშვიათად გადმოჰყავთ პატიმრები დასავლეთ საქართველოში. მისი ძმა თურქი ეროვნების ადამიანის ცემის გამო, უსამართლოდ იჯდა ციხეში და მის საკანში გადმოიყვანეს ასეთი პატიმრები. მაშინ, როცა დ-ი ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და მათ სახლში მივიდა, მიხვდა, რომ ციხეში იყო რაღაც პრობლემა და წესების თანახმად არ იყო ყველაფერი, მითუფრო, რომ დ-ი ,,ქვემძრომულად’’ მივიდა, რაღაც ბინების პროექტები შესთავაზა, ანუ მოსყიდვის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. სწორედ მ-ემ და დ-მა მოაწერეს ხელი პატიმრების თბილისიდან გადმოყვანას რადგან მათ ყველა ციხეში საფრთხე ექმნებოდათ, მათივე უსაფრთხოების მიზნით გადაიყვანეს და სწორედ დ-ი და მ-ე უნდა დაისაჯონ, ასევე უნდა დაისაჯოს გ. კ-ა, რომელმაც არ თქვა რა მოხდა, ასევე დამნაშავეა ბადრაგი, რომელიც ციხის მაყურებელმა ე.წ. ,,ბუწალიჩმა’’ გააჩერა და არ შეუშვა საკანში ფაქტის აღსაკვეთად. ეს იყო კარგად დაგეგმილი დანაშაული, რადგან გ. ფ-ე სიმართლის მოყვარული ადამიანი იყო. ის გარემოება, რომ კ-ას შესახებ კონფლიქტი მოხდა ციხეში ფაქტამდე სამი დღით ადრე, არ უცნობებიათ, აღნიშნულის შესახებ შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი იმ პატიმრისგან, რომელიც ციხიდან გათავისუფლდა. ამ პირის სახელი და გვარი არ ახსოვს, მაგრამ შეუძლია გაიგოს და სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ გამომძიებლისთვის არ უთქვამს, რადგან ფაქტის გაგებიდან ერთ საათში მოვიდა გამომძიებელი და იმ პერიოდში არაფრის გაკეთება არშეეძლო. ე.წ. ,,ბუწალიჩის’’ მიერ ბადრაგის არ შეშვების შესახებ გაიგო პატიმრებისგან. ამ ფაქტამდე გ--- უკავშირდებოდა ტელეფონით, მაგრამ არანაირი აღელვება არ შეუნიშნავს. გ. იყო მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი. გ. კ-ას იცნობს, ის მისი ძმის ბავშვობის მეგობარია.
21. საქმეში წარმოდგენილი, N-- დაწესებულების მორიგე ექიმის - ი. ჩ-ის მიერ შედგენილი 2014 წლის 4 მარტის ცნობით დადასტურებულია, რომ 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, მე-6 კორპუსის მე-3 სართულზე ი. ჩ-ემ გამოძახებით ინახულა მსჯავრდებული გ. ფ-ე. მისვლისას მსჯავრდებული უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. სახე, თავი და ტანსაცმელი ჰქონდა სისხლით დასვრილი, სუნთქავდა, სუნთქვა იყო რითმული, პულსი ესინჯებოდა. დათვალიერებით, სახეზე, მარჯვენა თვალის მიდამოში, წარბის ზემოდან აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა 4-5 სმ. სიგრძით, 2მმ-მდე სიგანით. ცხვირი ჰქონდა დეფორმირებული, ზედა ტუჩი- შეშუპებული, ციანოზური, სახის არეზე - მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ორივე თვალბუდის მიდამო - შეშუპებული, გუგის დათვალიერება შეუძლებელი იყო შეშუპებისა და სისხლჩაქცევების გამო. მსჯავრდებულს მან სასწრაფოდ გაუკეთა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. მისი მისვლისას სისხლდენა პრაქტიკულად შეჩერებული იყო. მსჯავრდებულს შეძლებისდაგვარად გაუთავისუფლდა ზედა სასუნთქი გზები სისხლისა და ლორწოსაგან და სასწრაფოდ გადაყვანილ იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც მიყვანის მომენტში TA-130/75mmHg. სუნთქვა რჩებოდა რითმული, დამატებით გაუკეთდა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. სისხლდენის შემაჩერებელი, საგულე საშუალებები, წნევას უსინჯავდნენ რეგულარულად, დაახლოებით ყოველ 5 წუთში. გადაყვანიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დაიწყო წნევამ ვარდნა 100/60 mmHg-მდე, რის შემდეგაც დამატებით გაუკეთდა საგულე საშუალებები. მიუხედავად ამისა, წნევა განაგრძობდა ვარდნას, მსჯავრდებულს გაუკეთდა დამატებით ადრენალინის 2 ამპულა, დექსამეტაზონის 2 ამპულა, საგულე საშუალებები, დამატებით ადრენალინის 2 ამპულა ი/ვ-ად. მიუხედავად ამისა, არტერიული წნევა განაგრძობდა ვარდნას, აღენიშნებოდა სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები, პულსის შესუსტება, რითმის დარღვევა და ბოლოს პულსაციის გაქრობა სხივის არტერიაზე. მსჯავრდებულს დიდი ხნის განმავლობაში უკეთდებოდა გულის გარეგანი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა, რის ფონზეც პერიოდულად აღდგებოდა სუნთქვა, ისინჯებოდა პულსი სხივის არტერიაზე. ექიმი პერიოდულად ახდენდა პირის ღრუს გათავისუფლებას სისხლისა და ლორწოსაგან. ჩაუდგეს საინტუბაციო მილი, უგრძელდებოდა ხელოვნური სუნთქვა - ,,ამბუს’’ აპარატით და გულის გარეგანი მასაჟი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, აღინიშნა წნევის სრული ვარდნა, პულსაციის სრულად გაქრობა სხივის არტერიაზე და საძილე არტერიაზეც, სუნთქვის სრულად შეჩერება. საბოლოოდ დაფიქსირდა გვამის არსებობა, ეს დრო დაახლოებით იყო 03:25 სთ. წინასწარი დიაგნოზი - ქალატვინის დახურული ტრავმა.
22. სამედიცინო ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად:
- გ. ფ-ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით;
- წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის - N. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ 04.03.2014 წელს გაცემული ცნობის - მონაცემების თანახმად, მოქ. გ. ფ-ის ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებულ იქნა 2014 წლის 4 მარტს, 0325 საათზე. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს;
- გ. ფ-ის გვამს გამოკვლევით აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთები მარცხნივ და მარჯვნივ თხემ-კეფის საზღვარზე, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემში და მოგრძო ტვინში - განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან;
- გ. ფ-ის გვამზე ასევე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: მრავლობითი სისხლნაჟღენთები კისრის მიდამოში, ენისქვეშა ძვლის მარჯვენა რქის მოტეხილობა, მიმდებარედ კისრის რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები, განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ერთობლივად მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან;
- გ. ფ-ის გვამზე ასევე აღინიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე - ცხვირის ძვლების ღია მოტეხილობა შუა მესამედის დონეზე. მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში და მუქი მოწითალო სისხლჩაქცევები ორივე თვალბუდის სკლერებზე - განვითარებულია სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ცალ-ცალკე და ერთად აღებული, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან;
- გ. ფ-ის გვამზე ასევე აღინიშნებოდა სამედიცინო მანიპულაციების ინექციის შემდგომი კვლები - მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე, ზედა მესამედში, მარჯვენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე და მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე, ზედა მესამედში (ექსპერტი გ. გ-ი);
- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ, გ. ფ-ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 1,15%0 ეთილის სპირტი. არ აღმოჩნდა მეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში და შინაგან ორგანოებში აღმოჩნდა ანტიეპილეფსიური საშუალება - კარბამაზეპინი, ფსიქოტროპული ნივთიერება - დიაზეპამი და მისი მეტაბოლიტი - ნორდიაზეპამი. სისხლში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, მეტადონი, ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები, ფორმალინი, ფენოლი, კრეზოლი, ქლოროფორმი, ქლორალჰიდრატი, დიქლორეთანი, ოთხქლორნახშირბადი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები, დარიშხანი(ექსპერტი ც-ე).
22.1. დასკვნები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - გ. გ-მა და ც-ემ.
23. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად:
- გ. ფ-ის წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (მაისური, ორი ცალი სპორტული შარვალი, ტრუსი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი) მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში არსებული დაზიანებები განვითარებულია ხევით, მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ძალის ზემოქმედების შედეგად. ორ ცალ სპორტულ შარვალზე, ტრუსზე, ერთ წყვილ წინდაზე, ერთ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელზე ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლების გარდა, სხვა რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა;
- გ. ს-ს წარმოდგენილ ტანსაცმელზე (ჟაკეტი, შარვალი) გარდა ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლებისა, სხვა რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა;
- შ. შ-ის წარმოდგენილ ტანსაცმელზე (მაისური, სპორტული შარვალი) გარდა ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლებისა, სხვა რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა;
- ლ. მ-ის წარმოდგენილ ტანსაცმელზე (სპორტული მოსაცმელი და შარვალი) ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლების გარდა, სხვა რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა;
- გ. კ-ას წარმოდგენილ ტანსაცმელზე (ჟაკეტი, მაისური, შარვალი) გარდა ექსპლუატაციური ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლებისა, სხვა რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა;
- ჩაიდანს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში აღენიშნებოდა რაიმე საკმაოდ მყარ ზედაპირთან კონტაქტის შედეგად ტეხვით განვითარებული დაზიანება და ნარჩენი დეფორმაციის კვალი.
23.1. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ნ. ო-მ და ე. კ-ემ დაადასტურეს დასკვნის სისწორე.
24. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.... დასკვნის თანახმად, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: ”....N... საკნიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, სულ 6 ნიმუში...” მოთავსებული ნაცხის ასაღები ხუთი ჩხირის ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N.. -ის გენეტიკური პროფილი იდენტურია გ--- ფ-ის (ობ.N34) გენეტიკური პროფილისა. ობ.N--ის გენეტიკური პროფილი შერეული ტიპისაა და ეკუთვნის სულ მცირე ორ პირს. ობ.N--ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი იდენტურია გ--- ფ-ის (ობ.N..) გენეტიკური პროფილისა. ობ.N--ის პროფილში შ. შ-ის (ობ.N..; პაკეტი წარწერით: ,,...შ. შ-ისგან აღებული სისხლის ნიმუში...”), ნ. ნ-ის (ობ.N..; პაკეტი წარწერით: ”...ნ. ნ-ისგან აღებული სისხლის ნიმუში...”), გ. ს-ს (ობ.N..; პაკეტი წარწერით: ”...გ. ს-ს სისხლის ნიმუში...”), გ. კ-ას (ობ.N..; პაკეტი წარწერით ”... გ. კ-ას სისხლის ნიმუში...”) და ლ. მ-ის (ობ.N..; პაკეტი წარწერით: ”...ლ. მ-ის სისხლის ნიმუში...”) გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხა. ამავე პაკეტში მოთავსებული, ნაცხის ასაღები ჩხირის ბამბიან ბოლოზე (კოლოფი, წარწერით ”N1 შავი ფერის მაგიდის ქვემოთ ბეტონის იატაკიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა 1”) არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N1) სისხლს არ წარმოადგენს;
- პაკეტში წარწერით: ”.... ნაცრისფერი მაისური...” მოთავსებულ მაისურზე, პაკეტებში წარწერებით:”...საწოლიდან ამოღებული ჯინსის შარვალი...”, ”...3(10) ... N... საკნიდან ამოღებული ჯინსის შარვალი...” ”...4 (11)... N3---- საკნიდან ამოღებული ჯინსის შარვალი...” მოთავსებულ სამ ცალ ჯინსის შარვალზე და პაკეტში, წარწერით: ”...პირსახოცი და დოლბანდის ნაჭრები...” მოთავსებულ პირსახოცსა და დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია გ--- ფ---------ის (ობ.N..) გენეტიკური პროფილისა;
- პაკეტში წარწერით: ”...გ. ს-ს ტანსაცმელი...” მოთავსებულ ჯინსის შარვალსა და ჟაკეტზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N...) სისხლს არ წარმოადგენს;
- პაკეტში წარწერით: ”...გ. კ-ას ტანსაცმელი...” მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია გ------- კ-------ას (ობ.N.., პაკეტი წარწერით:”...გ. კ-ას სისხლის ნიმუში...”) გენეტიკური პროფილისა. ამავე პაკეტში მოთავსებულ ჟაკეტსა და მაისურზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ გამოვლინდა;
- პაკეტში წარწერით: ”...შ. შ-ის ტანსაცმელი...”, მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი შერეული ტიპისაა და ეკუთვნის სულ მცირე ორ პირს. ობ.N..-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი გ. ფ-ის (ობ.N..), ხოლო მეორე წილი შ. შ-ის (ობ.N.., პაკეტი წარწერით:”...შ. შ-ისაგან აღებული სისხლის ნიმუში...”) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ სპორტულ შარვალზე არსებული მოყვითალო-ღია მოყავისფრო ლაქა (ობ.N..) სისხლს არ წარმოადგენს;
- პაკეტში წარწერით ”...ლ. მ-ის სპორტული შარვალი და ზედა...” მოთავსებულ სპორტულ შარვალსა და ჟაკეტზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება;
- პაკეტში წარწერით ”...გ. ფ-ის ტანსაცმელი...” მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N..-დან გენოტიპირებისათვის საჭირო ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ იქნა მიღებული სისხლის ლპობისა და დნმ-ის სავარაუდო დეგრადაციის გამო. ამავე პაკეტში მოთავსებულ: მოლურჯო ფერის სპორტულ შარვალსა და საცვალზე არსებული მოყვითალო ლაქები (ობ.N..) სისხლს არ წარმოადგენს; წინდების ზედაპირიდან ამოღებული თმებიდან (ობ.N..) გენოტიპირებისათვის საჭირო ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ იქნა მიღებული; წინდებსა და წყვილ ფეხსაცმელზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება; მოშავო ფერის სპორტული შარვალი ბიოლოგიური კვლევისათვის უვარგისია;
- პაკეტში წარწერით: ”...ელექტროჩაიდანი...” მოთავსებულ ჩაიდანზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი შერეული ტიპისაა და ეკუთვნის სულ მცირე ორ პირს. ობ.N..-ის ერთი წილი ინდენტურია გ. ფ-ის (ობ.N..) გენეტიკური პროფილისა. ობ.N..-ის პროფილში შ. შ-ის (ობ.N..; პაკეტი წარწერით: ”...შ. შ-ისაგან აღებული სისხლის ნიმუში...”, ნ. ნ-ის (ობ.N..; პაკეტი წარწერით: ”...ნ. ნ-ისგან აღებული სისიხლის ნიმუში...”), გ. ს-ს (ობ.N..; პაკეტი წარწერით: ”...გ. ს-ს სისხლის ნიმუში...”), გ. კ-ას (ობ.N..; პაკეტი წარწერით: ”...გ. კ-ას სისხლის ნიმუში...”) და ლ. მ-ის (ობ.N33; პაკეტი წარწერით: ”...ლ. მ-ის სისხლის ნიმუში...”) გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხა;
- პაკეტში წარწერით: ”...თმის ნიმუშები, რომელიც აღმოჩნდა საკანში შესასვლელ მარცხენა მხარეს, საპირფარეშოს კარის გვერდით არსებული ურნის თავზე, კედელზე...” მოთავსებული თავის არედან ჩამოცვენილი ერთი ღერი თმიდან (ობ.N..) გენოტიპირებისათვის საჭირო ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ იქნა მიღებული;
- პაკეტში წარწერით: ”... შ. შ-ისაგან აღებული სისხლის ნიმუში...” მოთავსებული სისხლის ნიმუში (ობ.N..) მიეკუთვნება A (II), M ტიპს;
- პაკეტში წარწერით: ”... ნ. ნ-ისგან აღებული სისხლის ნიმუში...” მოთავსებული სისხლის ნიმუში (ობ.N30) მიეკუთვნება 0 (I) ჯგუფს, M ტიპს;
- პაკეტში წარწერით: (პაკეტი წარწერით: ”...გ. ს-ს სისხლის ნიმუში...” მოთავსებული სისხლის ნიმუში (ობ.N..) მიეკუთვნება AB (IV) ჯგუფს, M ტიპს;
- პაკეტში წარწერით: ”... გ. კ-ას სისხლის ნიმუში...” მოთავსებული სისხლის ნიმუში (ობ.N..) მიეკუთვნება A (II). ობ. N..-ში ტიპობრივი ფაქტორები არ გამოვლინდა;
-პაკეტში წარწერით: ”... ლ. მ-ის სისხლის ნიმუში...” მოთავსებული სისხლის ნიმუში (ობ.N33) მიეკუთვნება 0 (I) ჯგუფს. ობ. N33-ში ტიპობრივი ფაქტორები არ გამოვლინდა.
24.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - შ. კ-ემ და ი-მ.
25. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად:
- გ. ფ-ის შავი ფერის სპორტულ შარვალზე აღმოჩენილ ჩალისფერ ბამბის ბოჭკოებს და შ. შ-ის სპორტული შარვლის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები;
- გამოსაკვლევად წარდგენილ გ. ს-ს, ლ. მ-ის, გ. კ-ასა და გ. ფ–ის ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი ნიშნების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა;
- გ. ფ-ის, გ- ს-ს, ლ. მ-ის, შ. შ-ის და გ. კ-ას ტანსაცმელზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პირსახოცისა და ბინტის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა;
- შ. შ-ის ფრჩხილების გადანაჭრებში აღმოჩენილი მუქი, ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოს ფრაგმენტსა და გ. ფ-ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები;
- გ. ს-ს, ლ. მ-ისა და გ. კ-ას ფრჩხილების გადანაჭრებში გ. ფ-ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.
25.1. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - თ. მ-ემ დაადასტურა დასკვნის სისწორე.
26. 2014 წლის 4 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად:
გამომძიებელმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერა 2014 წლის 4 მარტს, 05:15 საათიდან 08:25 საათამდე პერიოდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა წ–ოს რაიონის დაბა გ-ში და წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N.. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მე-6 კორპუსის მე-3 სართულზე განთავსებულ N--- საკანს. აღნიშნული საკნის კარს თეთრი ფერის საღებავით გაკეთებული ჰქონდა წარწერა 3--- მარჯვენა მხარეს ასევე იყო წარწერა - მ-ი, კ–ა, ფ-ე, შ., ს.. კარი იღებოდა შიგნიდან გარეთ, მარცხნიდან მარჯვნივ; კარს შუა ნაწილში ჰქონდა საკვებური, ასევე საკეტი და საბოქლომე და შეღებილი იყო წითელი ფერის საღებავით. აღნიშნული კარის გავლით შესასვლელი იყო N.. საკანში. კარზე შიგნითა მხრიდან ზეწრის ნაჭრით დაკიდებული იყო ერთ ლიტრიანი ნაბეღლავის ბოთლი, რომელიც იყო წყლით სავსე. კარს ასევე ჰქონდა სათვალთვალო. საკნის სიგრძე იყო 6 (ექვსი) მეტრი, ხოლო სიგანე - 3 (სამი) მეტრი. იატაკი იყო ბეტონის. კედლები შეღებილი იყო მომწვანო ფერის საღებავით, ჭერი შეღებილი იყო თეთრი ფერის საღებავით. შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს დამაგრებული იყო ხის საკიდი, რომელზეც ჩამოკიდებული იყო ორი პირსახოცი, ხოლო ასევე მარჯვენა მხარეს არსებულ კედელზე, შუა ნაწილში დამაგრებული იყო მომწვანო ფერის აბრა. შესასვლელიდან მარცხენა მხარეს ნახევარ მეტრში აშენებული იყო საპირფარეშო, სადაც შესასვლელი იყო თეთრი ფერის პლასტმასის კარის გავლით, რომელიც იღებოდა შიგნიდან გარეთ, მარცხნიდან მარჯვნივ. საპირფარეშოს სიგრძე იყო ორი მეტრი, სიგანე ასევე ორი მეტრი. საპირფარეშოში აკრული იყო მოყავისფრო ფერის კაფელი, ჭერი შეღებილი იყო თეთრი ფერის საღებავით, ხოლო იატაკი იყო ბეტონის. საპირფარეშოში განთავსებული იყო თეთრი ფერის ნიჟარა, ხელსაბანი და სარკე, რომელსაც ჰქონდა სათავსები, სადაც დადებული იყო სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებები - საპონი, შამპუნი და ა.შ. გაბმული იყო თოკი, რომელზეც ჩამოკიდებული იყო წითელი და მორუხო ფერის პირსახოცები. საპირფარეშოში შესასვლელიდან პირდაპირ განთავსებული იყო მორუხო ფერის საღებავით შეღებილი საჰაერო. საპირფარეშოში შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს ბეტონის იატაკზე იდო თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ფერის პირსახოცი და მარლის ნაჭრების ფრაგმენტები, რომლებსაც ჰქონდათ მოწითალო ფერის ლაქები, რაც მოთავსდა მუყაოს პარკში და დაილუქა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ლუქის ბეჭდით პაკეტი N2. შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს განთავსებული იყო მოყავისფრო ფერის მცირე ზომის მაგიდა, რომლის ქვემოთ იატაკზე იყო მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა და აღებულ იქნა შესაბამისი ნიმუში. საპირფარეშოს შესასვლელი კარის გასწვრივ, კედლის ქვედა ნაწილში, საპირფარეშოს კართან მდებარე ურნის გარეთა ზედაპირზე და საფეხურზე იყო მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და აღებულ იქნა შესაბამისი ნიმუშები. ასევე საპირფარეშოში შესასვლელი კარის ქვედა ნაწილში და შესასვლელიდან პირდაპირ, მარჯვენა კედელთან არსებულ ორიარუსიანი საწოლის ფეხთან იატაკზე იყო და ამოღებულ იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ურნის თავზე კედელზე იყო სისხლისმაგვარი კვალი, რომელზეც შერჩენილი იყო თმის ღერი, რაც ასევე ამოღებულ იქნა. თითოეული მათგანი მოთავსდა ცალ - ცალკე მუყაოს მცირე ზომის კოლოფებში. სულ აღებულ იქნა 6 ნიმუში, რის შემდეგაც ერთად მოათავსეს და დალუქეს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პოლიეთილენის პარკში - პაკეტი N1. შესასვლელიდან პირდაპირ მდებარე, ორიარუსიანი საწოლის მეორე სართულზე ასასვლელ საფეხურზე განთავსებული იყო რუხი ფერის გრძელმკლავიანი მაისური წარწერით ,,BOSTON. MA RENSSEIAER COUNTY’’, რომელზეც იყო სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, რაც მოთავსდა მუყაოს პარკში და დაილუქა ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის პაკეტი N3. შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს, მარჯვენა კედელთან არსებული მცირე ზომის მოშავო - მოყავისფრო ფერის მაგიდაზე იდო ელექტროჩაიდანი, რომელზეც იყო სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქა, რაც მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს პოლიეთილენის პარკში პაკეტი N4. შესასვლელიდან მარცხენა მხარეს, საპირფარეშოს კარის გვერდით არსებული ურნის თავზე, კედელზე არსებულ მოწითალო ფერის სისხლისმაგვარ ლაქაზე აღმოჩენილი თმის ნიმუში მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პოლიეთილენის პარკში პაკეტი N... საკნის შესასვლელიდან მარცხენა მხარეს, ბოლოში, სარკმელთან მდებარე ორიარუსიანი საწოლის მეორე სართულზე ასასვლელ საფეხურზე დაკიდებული იყო ჯინსის შარვალი, რომელსაც ჰქონდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რაც მოთავსდა მუყაოს პაკეტში და დაილუქა სასჯელაღსრულების სამინისტროს ლუქის ბეჭდით პაკეტი N-. საკანში შესასვლელიდან მარცხენა მხარეს არსებული საწოლის ქვეშ, ბეტონის იატაკზე, დადებული იყო მომწვანო ფერის ვედრო, რომელიც მოთავსებული იყო მალულად, მასზე ზევიდან დაყრილი იყო პოლიეთილენის პარკები, ზეწრის ნაჭრები და პირსახოცი. აღნიშნულ ვედროში აღმოჩნდა მძაფრი სუნის მქონე მოყავისფრო ფერის სითხე - სავარაუდოდ, დაწესებულებაში აკრძალული საგანი, კუსტარული წესით დამზადებული ალკოჰოლური სასმელი ე.წ. ,,ბრაგა“, რაც მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ლუქის ბეჭდით პაკეტი N... შესასვლელიდან მარცხენა მხარეს, სარკმელთან არსებული საწოლის ქვემოთ, ბეტონის იატაკზე, იდო ლურჯი ფერის ნაჭერი, რომელშიც, სავარაუდოდ, შეხვეული იყო ქვის ნატეხები და ქვიშა და გაკეთებული იყო ხელმოსაკიდი. ის იყო საკმაოდ მძიმე და, სავარაუდოდ, გამოიყენებოდა სავარჯიშოდ, რაც მოთავსდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს პოლიეთილენის პარკში და დაილუქა პაკეტი N8. შესასვლელიდან მარცხნივ, საპირფარეშოს გარეთა კედელზე, გაკეთებული იყო სპეციალური ხის დაფა, რომელზეც იდო სამსუნგის ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, დახლზე დადებული იყო ორი ცალი მეხსიერების ბარათი, რაც მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს პოლიეთილენის პარკში და დაილუქა პაკეტი N9. შავი ფერის პოლიეთილენის პარკში, რომელიც იდო საკნის შუა ნაწილში, იყო მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც იყო სველი, რის გამოც არ დაილუქა პოლიეთილენის პარკში, ვინაიდან ექსპერტთა განმარტებით, მისი პოლიეთილენის პარკში დალუქვის შემთხვევაში გამოსაკვლევად იქნებოდა უვარგისი, დალუქვის გარეშე იქნა გამოტანილ საკნიდან, ასევე საკნის შუა ნაწილში პოლიეთილენის პარკში იდო ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ასევე იყო სველი, რის გამოც ისიც არ დაილუქა, რადგან ასეთ შემთხვევაში უვარგისი იქნებოდა გამოკვლევისათვის და დალუქვის გარეშე გამოტანილი იქნა საკნიდან, ზემოაღნიშნული სველი შარვლების საგამოძიებო სამმართველოს ნივთმტკიცებათა ოთახში გაფენისა და გაშრობის მიზნით. საკანში სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები ან რაიმე სხვა აკრძალული ნივთი ან საგანი არ აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა გადაიღეს ფოტოსურათები.
26.1. გამომძიებელმა ლ. ბ-ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები.
27. საქმეში წარმოდგენილი, 2014 წლის 6 მარტის მტკიცებულებების დალუქვის შესახებ ოქმების თანახმად დგინდება, რომ გამომძიებელმა ლ. ბ-ემ 2014 წლის 6 მარტს საგამოძიებო სამმართველოს ნივთმტკიცებათა შესანახი ოთახიდან გამოიტანა ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვლები, რომლებიც მშრალ მდგომარეობაში დალუქა პოლიეთილენის პარკებში, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. ამავე ოქმის თანახმად, აღნიშნული შარვლები 2014 წლის 4 მარტს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ამოღებულ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №.. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების №.. საკნიდან და ვინაიდან იყო სველი, ხოლო ექსპერტების განმარტებით, დალუქვის შემთხვევაში შარვლები იქნებოდა გამოსაკვლევად უვარგისი, ისინი გამოიტანეს საკნიდან და გასაშრობად გადაიტანეს ნივთმტკიცებათა შესანახ ოთახში.
27.1. ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ლ. ბ-ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.
28. საქმეში წარმოდგენილი, 2014 წლის 4 მარტის გვამის დათვალიერების ოქმის თანახმად დგინდება, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის - გ. გ-ის, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტების - გ. ტ-ის და გ. კ-ს მონაწილეობით გვამის დათვალიერება ჩატარდა 2014 წლის 4 მარტს, 07:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში. სასექციო მაგიდაზე გულაღმა მდგომარეობაში ესვენა მამრობითი სქესის გვამი. გვამს ტანთ ეცვა მოშავო ფერის უსახელო მაისური, მოშავო ფერის მოთეთრო ზოლებით სპორტული შარვალი, მოლურჯო ფერის მოწითალო-მორუხო ფერის ჩანართებით სპორტული შარვალი, მოიისფრო ტრუსი, მოშავო ფერის წინდები, მოშავო ფერის ტყავის სპორტული ფეხსაცმელი თასმებზე შესაკრავით, გვამი ხელის შეხებით იყო ცივი, სითბო შენარჩუნებული იყო თვალის და ბოქვენის მიდამოებში, გვამური გაშეშება სუსტად იყო გამოხატული სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში. მოწითალო მოიისფრო ფერის გვამური ლაქები განლაგებული იყო სხეულის უკანა და უკანა გვერდითა ზედაპირზე, თვალის ქუთუთოები იყო დახურული და თვალის გუგები - გაფართოებული ორივე მხარეს თანაბრად. პირის ღრუში ჩადებული იყო ყვითელი ფერის რეზინის საინტუბაციო მილი. სახის მიდამო მოსვრილი იყო მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქებით. კისერი ჰქონდა საშუალო სიმაღლის, გულმკერდი - ცილინდრული ფორმის, მუცელი - ოვალური. გვამს გარეგნულად აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: თხემის მიდამოში, მარჯვნივ - მოწითალო - მოიისფრო სისხლნაჟღენთი ზომით 3,5X3,0სმ; თხემის მიდამოში მარცხნივ - ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი 4,5X2,5სმ; აღნიშნული მიდამოები იყო შეშუპებული. შუბლის მიდამოში თითქმის მის მთლიან ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი სხვადასხვა ზომის და ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთები, მაქსიმალური ზომით 3,0X1,0სმ და მინიმალური 1,0X0,5სმ; შუბლის მიდამოში, მარჯვნივ აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი ზომით 1,0X0,5სმ; მარჯვენა წარბის მიდამოში, გარეთა კიდესთან აღენიშნებოდა განივად მდებარე ნაპრალისებური ფორმის, უსწორო კიდეებიანი ჭრილობა ზომით 3,0X0,7სმ; მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ზედა და ქვედა ქუთუთოებზე თითქმის მათ მთლიან ზედაპირზე აღენიშნებოდა ვრცელი მოწითალო - მოიისფრო სისხლნაჟღენთები, მარჯვნივ ფართობზე ზომით 6,5X5,0სმ და მარცხნივ - 6,0X4,0სმ, აღნიშნული მიდამოები იყო შეშუპებული. ორივე თვალბუდის სკლერებზე თითქმის მათ მთლიან ფართობზე აღენიშნებოდა მუქი მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთები. მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ზედა ქუთუთოზე შიგნითა კუთხესთან აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი ზომით 1,0X0,5სმ; მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ზომით 2,5X0,3სმ; მარჯვენა თვალბუდის მიდამოში, ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა ნაჭდევი ზომით 2,0X1,5სმ; ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე, შუა მესამედში აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობა - აქვე ხელით გასინჯვისას აღენიშნებოდა ცხვირის ძვლების პათოლოგიური მოძრაობა ძვლოვანი კრეპიტაცია - ცხვირის ძვლის მოტეხილობა შუა მესამედის დონეზე; ცხვირის მარჯვენა ფრთის მიდამოში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაკაწრი. მარჯვენა და მარცხენა ლოყის მიდამოში, ნიკაპის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები; ზედა ტუჩის მიდამოში, მარჯვნივ, შიგნითა ზედაპირზე, ლორწოვანზე აღენიშნებოდა უსწოროკიდეებიანი ჭრილობა, ირგვლივ მუქი, მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, აღნიშნული მიდამოები იყო შეშუპებული. კისრის მარჯვენა, გვერდითა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი; კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი. კისრის წინა ზედაპირზე, ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა ყურის ნიჟარაზე, შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა სხივმაჯის სახსრის გარეთა ზედაპირზე, აღენიშნებოდა ნაჭდევი. მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ნაჭდევი. მარჯვენა მტევნის მეორე თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე, აღენიშნებოდა ორი ნაჭდევი. მარცხენა წინამხრის შიგნითა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნებოდა ნაჭდევი. მარცხენა მხრის შიგნითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ორი სისხლნაჟღენთი. ცხვირის ზურგზე თითქმის მის მთლიან ზედაპირზე აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში, მარჯვენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე და მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა მრავლობითი წერტილოვანი ხასიათის ნაჩხვლეტი ჭრილობები დიამეტრით 0,1სმ. (ინიექციის კვლები). მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები. გვამზე გარეგნულად სხვა დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
29. გ.ს–ს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N... დასკვნის თანახმად - გ. ს-ს ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმება ჩაუტარდა 04/03/2014წ. 14:51 საათზე, რა დროსაც გ. ს-მა განმარტა, რომ ღამით მიიღო სასმელი ,,ბრაგა’’, ხოლო ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა 0,00 პრომილე.
29.1. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მ. ჭ-მა დაადასტურა დასკვნის სისწორე.
30. შ. შ-ის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N.. დასკვნის თანახმად - შ. შ–ს ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმება ჩაუტარდა 04/03/2014წ., 10:52 სთ-ზე, რა დროსაც შ. შ-მ უარყო ალკოჰოლის მოხმარება, ხოლო ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა 0,13 პრომილე.
30.1. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - თ. ბ-მა დაადასტურა დასკვნის სისწორე.
31. ლ. მ-ის ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N..- დასკვნის თანახმად - ლ. მ-ს ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმება ჩაუტარდა 04/03/2014წ., 11:33 სთ-ზე, რა დროსაც ლ. მ-მა უარყო ალკოჰოლის მოხმარება. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად მას დაუდგინდა 0,00 პრომილე.
31.1. მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა მ. ჭ–მა დაადასტურა დასკვნის სისწორე.
32. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნის თანახმად:
04.03.2014წ. 15:00-15:20 საათების პერიოდში ჩატარებული პირადი გასინჯვით გ. ს-ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, სისხლჩაქცევისა და დამწვრობითი უბნის სახით (პირადი გასინჯვის მონაცემები: მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომისა და ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით მრავლობითი ნაჭდევები მაქსიმალური ზომით: 1,5X1,0 სმ და მინიმალური ზომით 0,8X0,2სმ. ზედა ტუჩის მიდამოში, მარჯვნივ, ლორწოვანზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა ზომით: 2,2X1,0 სმ. მარჯვენა წვივის გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის დამწვრობითი უბანი (პირველი ხარისხის) ზომით: 7,0X2,0 სმ. სხეულზე გარეგნულად მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა) - დაზიანებები, ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევის სახით, განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება დამწვრობითი უბნის სახით განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლივად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
32.1. დასკვნის სისწორე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა მ. ნ-ემ.
33. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N.. დასკვნის თანახმად: 04.03.2014წ. 12:10-12:30 საათების პერიოდში ჩატარებული პირადი გასინჯვით შ. შ–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით (პირადი გასინჯვის მონაცემები: მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 7,0X0,8სმ. მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე, შუა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთის ფონზე აღენიშნებოდა გასწვრივად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 1,5X0,1სმ. მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევები მაქსიმალური ზომით: 1,0X0,1 სმ და მინიმალური ზომით: 0,2X0,1სმ. შუბლის მიდამოში მარცხნივ აღენიშნებოდა განივად მდებარე ზოლისებრი ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით: 2,0X 0,3სმ. სხეულზე გარეგნულად მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა - განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
33.1. დასკვნის სისწორე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა მ. ნ-ემ.
34. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N... დასკვნის თანახმად - 04.03.2014წ. 12:30-12:45 საათების პერიოდში ჩატარებული პირადი გასინჯვით ლ. მ-ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
34.1. დასკვნის სისწორე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა ექსპერტმა მ. ნ-ემ.
35. ქიმიური ექსპერტიზის N.. დასკვნის თანახმად - გამოსაკვლევად წარდგენილი ,,მომწვანო ფერის პლასტმასის სათლში მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე სითხე“ წარმოადგენს ბრაგის ნარჩენ მასას, რომლის წონა 950 გრამია. ნიმუში თავის შემადგენლობაში შეიცავს 3,1 მოც.% ეთილის სპირტს. საკვლევი სითხის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები და ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობა, სავარაუდოდ, მიუთითებს, რომ მასში არსებული ეთილის სპირტი წარმოქმნილია სითხეში მიმდინარე პროცესების შედეგად და არა - გარედან დამატებით (ექსპერტი ლ.კ.). ქიმიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ ,,სპეციფიკური სუნის მქონე სითხეში“ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული, პრეკურსორი, ფსიქოტროპული და მომწამლავი ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კოკაინი; ეფედრინი, ნორეფედრინი, ფსევდოეფედრინი; ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, ბარბიტურის მჟავა, ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ნივთიერებები (ექსპერტი ც.გ.).
35.1. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ლ. კ-მ და ც-მ.
36. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N.. დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ:
- ,,შ. შ-ის სისხლის ნიმუშში’’ (ობ.N..) არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. ობიექტში აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ფსიქოტროპული ნივთიერება - დიაზეპამი, მისი მეტაბოლიტი (ორგანიზმში გარდაქმნის პროდუქტი) ნორდიაზეპამი, დიბენზოაზეპინის ნაწარმი ანტიეპილეფსიური ნივთიერება კარბამაზეპინი;
- ,,ლ. მ-ის სისხლის ნიმუშში’’ (ობ.N..) არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. ობიექტში აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ფსიქოტროპული ნივთიერება - დიაზეპამი, მისი მეტაბოლიტი (ორგანიზმში გარდაქმნის პროდუქტი) ნორდიაზეპამი;
- ,,გ. ს-ს სისხლის ნიმუშში’’ (ობ.N..) არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. ობიექტში აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ფსიქოტროპული ნივთიერება - დიაზეპამი, მისი მეტაბოლიტი (ორგანიზმში გარდაქმნის პროდუქტი) ნორდიაზეპამი, დიბენზოაზეპინის ნაწარმი ანტიეპილეფსიური ნივთიერება კარბამაზეპინი;
- ,,გ. კ-ას სისხლის ნიმუშში’’ (ობ.N..) არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. ობიექტში აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ფსიქოტროპული ნივთიერება - დიაზეპამი, დიბენზოაზეპინის ნაწარმი ანტიეპილეფსიური ნივთიერება კარბამაზეპინი;
- შ. შ–ის, ლ-. მ-ის, გ. ს-ს, გ. კ-ას სისხლის ნიმუშებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კოკაინი; ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, ბარბიტურის მჟავა, ნაწარმი ნივთიერებები (ექსპერტი ც.);
- ნ. ნ-ის სისხლის ნიმუშში (ობ.N..) აღმოჩნდა 1,11%0 ეთილის სპირტი. ობიექტში არ აღმოჩნდა: მეთილის, იზოპროპილის სპირტები; ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კოკაინი; ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, ბარბიტურის მჟავა, ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ნივთიერებები;
-,,ნ. ნ-ის სისხლის ნიმუშში’’ აღმოჩენილი 1,11%0 ეთილის სპირტი შეესაბამება მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლურ თრობას (ექსპერტი - ა.ო-ე).
36.1. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ როდესაც სისხლში არ აღმოჩნდება ალკოჰოლი, შესაძლებელია ის აღმოჩნდეს ბიოლოგიურ მასალა შარდში, რადგან როდესაც სისხლში იშლება ალკოჰოლი, შარდში შეიძლება დარჩეს; ალკოჰოლი იშლება დაახლოებით ყოველ ერთ საათში 0,15 პრომილე.
36.2. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს ექსპერტებმა - ც–მ და ა. ო-ემ.
37. ამოღების ოქმის თანახმად 2014 წლის 4 მარტს, 09:20 საათიდან 09:40 საათამდე პერიოდში, გამომძიებელმა მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N-- დაწესებულების სამარტოო და საკნის ტიპის შენობაში მსჯავრდებულ გ. ს–საგან, ამ უკანასკნელის თანხმობით, ამოიღო მისი კუთვნილი ტანსაცმელი, კერძოდ: მუქი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც უკანა მხარეს დაკერებული ჰქონდა მოზრდილი ჯიბეები, უკანა მარჯვენა მხარეს, ჯიბის თავზე, საქამრეზე ამძვრალი ჰქონდა მარკა, აღენიშნებოდა მხოლოდ ძაფის კვალი; შარვალს ორივე ტოტი ჰქონდა ამოკეცილი და უკანა მხარეს აღენიშნებოდა შემოკეცილ ადგილას გახევის კვალი, რაც უნდა ყოფილიყო ცვეთის შედეგად დატოვებული. მოშავო ფერის პულოვერი, რომელსაც ჰქონდა გრძელი სახელური, პულოვერი წინიდან იკვრებოდა შავი ფერის ღილებით, სულ ჰქონდა ცხრა ღილი; შიგნითა მხრიდან პულოვერს დაკრული ჰქონდა მონაცრისფრო მარკა, რომელსაც ეწერა ,,CROSSBT”. გულმკერდის არეში ამოქარგული იყო ,,CR”. სხვა ინდივიდუალური ნიშნები პულოვერს არ გააჩნდა. ამოღებული ტანსაცმელი მოთავსდა ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ერთ პაკეტად ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის.
37.1. ამოღების ოქმის თანახმად დგინდება, რომ 2014 წლის 4 მარტს, 17:05 საათიდან 17:20 საათამდე პერიოდში, გამომძიებელმა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N-- დაწესებულების სამარტოო და საკნის ტიპის სადგომების ადვოკატების შესახვედრ ოთახში მსჯავრდებულ გ. კ-ასაგან, ამ უკანასკნელის თანხმობით, ამოიღო მისი კუთვნილი ტანსაცმელი, კერძოდ: მოშავო ფერის ნაქსოვი გრძელმკლავიანი სვიტერი, რომელსაც წინა მხრიდან ჰქონდა შავი ფერის ელვაშესაკრავი, ასევე, ორივე გვერდზე ჰქონდა ჯიბე, სვიტერს კისერთან შიგნითა მხარეს ჰქონდა დაკრული იარლიყი, რომელსაც ჰქონდა წარწერა ,,XSIDF”; მოშავო ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, რომელსაც გულმკერდის არეში ჰქონდა დაკრული მომწვანო, მოთეთრო და მოწითალო ფერის ხაზები, ხოლო კისერში, უკანა მხარეს გადაკერილში ჩამაგრებული ჰქონდა მოშავო ფერის იარლიყი, რომელსაც ჰქონდა წარწერა ,,TOMMY-HILFIGER”, ზომა ,,XL“. ამოღებულ სვიტერს და მაისურს ვიზუალურად დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. ასევე ამოღებულ იქნა მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც უკანა მხარეს, საქამრეზე დაკრული ჰქონდა იარლიყი, სადაც ჰქონდა წარწერა ,,JEAN MACHIHE CO”; შარვალს ჰქონდა უკანა ორი ჯიბე, ჯიბეები ქვედა ნაწილში იყო გაცრეცილი; წინა ჯიბეებზე შარვალი იყო გაცრეცილი და ნაკერის მთლიანობა იყო დარღვეული; შარვალი იკვრებოდა ელვაშესაკრავით; მარცხენა მხარეს მუხლზე იყო გადახეული, შეინიშნებოდა მოთეთრო ფერის ძაფები, ასევე ორივე ბოლოში შემოკეცილი ადგილი უკანა მხარეს იყო გაცრეცილი. ამოღებული ტანსაცმელი მოთავსდა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის.
37.2. ამოღების ოქმის თანახმად, 2014 წლის 4 მარტს, 17:45 საათიდან 18:10 საათამდე პერიოდში, გამომძიებლემა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N-- დაწესებულების სამარტოო და საკნის ტიპის სადგომების ადვოკატების შესახვედრ ოთახში ლ.მ-ისაგან, ამ უკანასკნელის თანხმობით, ამოიღო მისი ტანსაცმელი, კერძოდ: მოშავო ფერის სპორტული ზედა, რომელიც წინიდან იკვრებოდა ელვაშესაკრავით, გულმკერდის არეში მარცხენა მხარეს ჰქონდა ,,ადიდასის“ ფირმის ლოგო და გაკეთებული ჰქონდა წარწერა ,,adidas”, სპორტულ მოსაცმელს გვერდებზე ჰქონდა ჩადგმული ჯიბეები, რომლებიც იკვრებოდა ელვაშესაკრავით, ხოლო ელვაშესაკრავის ყუნწზე მიბმული ჰქონდა პლასტმასის ზონარიანი გამოსაბმელი. მოსაცმელს კისერთან ჰქონდა იარლიყი, რომელსაც ასევე ჰქონდა თეთრი ძაფით ამოქარგული ადიდასის ლოგოს გამოსახულება და თეთრი ფერის ძაფით წარწერა ,,adidas”, იქვე ჰქონდა საკიდი თეთრი ფერის ზონრით, რომელსაც შავი ფერის ასოებით ჰქონდა წარწერა ,,OUTDOOR”, ხოლო უკან, ასევე კისერთან, გარეთა მხრიდან დაწებებული იყო მცირე ზომის იარლიყი თეთრი ფერის საღებავით გაკეთებული წარწერით ,,adidas” და ფირმის აღმნიშვნელი ლოგოთი, ასევე იყო მცირე ზომის ასოებით წარწერა ,,OUTDOOR’’. მარცხენა მხარეს, შიგნითა მხრიდან ნაკერში ჩამაგრებული იყო თეთრი ფერის ნაჭერი, რომელზეც გაკეთებული იყო ჩანაწერები და ასევე მითითებული იყო უცხოური ასოებით იარლიყზე წარწერა ,,MADE IN VIETNAM”, სხვა ინდივიდუალური ნიშნები არ აღენიშნებოდა. მის ქვემოთ იყო წარწერა ,,FABRIQVE AV VIETNAM”. ასევე ამოღებული იქნა მოშავო ფერის ,,ადიდასის“ ფირმის სპორტული შარვალი, რომელიც წინიდან გაწყობილი იყო შავი ფერის ,,პლაშოვკის“ მაგვარი ნაჭრით, მარცხენა ჯიბესთან ჰქონდა ფირმის ლოგო და მის ქვემოთ ამოქსოვილი იყო ლოგოსთან ერთად წარწერა ,,adidas”, შარვალს წინიდან, გვერდებზე ჰქონდა ორი ჯიბე, რომლებიც იკვრებოდა ელვაშესაკრავით. ელვაშესაკრავის ყუნწებზე ჰქონდა პლასტმასის თავი და მასზე ამოტვიფრული იყო ,,ადიდასის" ლოგოს გამოსახულება. შარვალს უკანა მხარეს, მარჯვნივ ჰქონდა ჯიბე, რომელიც იკვრებოდა ელვაშესაკრავით. შარვალს სათავეში ჰქონდა მონაცრისფრო ფერის ზონარი, ხოლო სათავეზე მიმაგრებული იყო იარლიყი, რომელსაც თეთრი ფერის საღებავით ჰქონდა წარწერა ,,adidas”, ფირმის ლოგო და იარლიყზე წარწერა ,,OUTDOOR“. სხვა ინდივიდუალური ნიშანი სპორტულ შარვალს არ აღენიშნებოდა. ვიზუალურად ზემოაღნიშნულ ტანსაცმელს დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. ამოღებული ტანსაცმელი მოთავსდა ორ მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის.
37.3. ამოღების ოქმებში მითითებული გარემოებები დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - ე. გ-ის ჩვენებით.
38. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, 2014 წლის 13 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №... დასკვნის თანახმად:
- ექსპერტიზის დასკვნა N-...ის მონაცემებით შ. შ–ს 04.03.14 წელს შუბლზე, მარცხნივ აღენიშნებოდა ზოლისებრი ფორმის დაზიანება ნაჭდევის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, დაზიანების ხასიათის (ბლაგვი ტრავმა) და ლოკალიზაციის გათვალისწინებით, სავსებით დასაშვებია შ. შ–ს დაზიანება მიეღო მისივე და საკანში მყოფი გ. ს-ს, გ. კ-ას და ლ. მ-ის მოწმის სტატუსით დაკითხვის ოქმებით ასახულ ვითარებაში, კერძოდ, ელექტროჩაიდნის შუბლში ჩარტყმის შედეგად.
- შ. შ–ს 04.03.14 წ. შუბლის დაზიანების გარდა, აღენიშნებოდა მარცხენა წინამხრის და მარცხენა იდაყვის სახსრის მიდამოს ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები; დაზიანებათა ხასიათის, მხარეობის (სხეულის მარცხენა ნახევარი) და ლოკალიზაციის (კიდურის უკანა ზედაპირი) მხედველობაში მიღებით, სავსებით დასაშვებია შ. შ–ს დაზიანებები მიეღო ჩაიდნის ჩარტყმის შედეგად საკუთარი სხეულის სიმაღლიდან მკვრივ-ბლაგვ ბეტონირებულ ზედაპირზე ერთჯერადი დაცემით.
- წარდგენილი სამედიცინო საბუთებით შ. შ–ს დროის წარსულ პერიოდებში მიღებული აქვს არაერთი ქალა-ტვინის ტრავმა, მათ შორის - მძიმე ტრავმა თავის ტვინის შერყევა-დაჟეჟილობით. 2009 წელს დასმული აქვს დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა-დაჟეჟილობის შემდგომი მდგომარეობა (დადასტურებული კომპიუტერული ტომოგრაფიით), ტრავმული ენცეფალოპათია, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია. ეპილეფსიური სინდრომი ფოკალური გულყრებით. 2011 წელს ფიგურირებს დიაგნოზი: პოსტკონტუზიური სინდრომი, ფსიქოზური მდგომარეობა. ნევროლოგიური პრობლემატიკის გარდა, არსებობს ქვემო კიდურების საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის საკმაოდ რთული პათოლოგია: ზოგადი ოსტეოპოროზი. ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია. ორმხრივი დისპლაზიური კოქსართროზი პირველი - მეორე მარჯვენა გავა-თეძოს შესახსრების არასრული ანკილოზი. ექსპერტიზების მიხედვით , მოსალოდნელია პათოლოგიური პროცესის პროგრესირება და გადასვლა ქვემო კიდურების სხვა მსხვილ სახსრებზეც. ასევე ტკივილის ინტენსივობის მომატების შემთხვევაში მითითებულია, რომ აუცილებელია სიარულისას ყავარჯნის გამოყენება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ პათოლოგიურმა პროცესმა 2014 წლის მდგომარეობით გადაინაცვლა, როგორც პროგნოზირებადი იყო, ქვემო კიდურების მუხლის სახსრებზეც.
ამდენად, ზემოთ მითითებული თავის ტვინისა და ქვემო კიდურების პათოლოგიის ფონზე 04.03.14 წ. მიღებულ თავის ქალას ტრავმას შემდგომი დაცემით ნეგატიურად უნდა ემოქმედა შ. შ-ის ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად, აქტიური ქმედებების განხორციელების უნარზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკლებ სარწმუნოა შ. შ-ის მხრიდან გ. ფ-ისთვის დაზიანებების მიყენების შესაძლებლობა სად N.. დაწესებულების თანამშრომელების - რ. კ-ის და მ. ბ-ის მოწმის სტატუსით დაკითხვის ოქმებით ასახულ ვითარებაში („....გ. ფ-ის სხეულთან, მარცხენა მხარეს ჩამჯდარი ან ჩამუხლული იყო შ. შ., რომელიც თმებში ჩაბღაუჭებოდა გ. ფ-ეს და თავს კეფითა და თხემით ხშირი პერიოდულობით არტყმევინებდა ბეტონის იატაკზე“).
- გ. ფ-ის გვამის გამოკვლევით სისხლში აღმოჩნდა 1.15 პრომილე ეთილის სპირტი, ხოლო სისხლსა და შინაგან ორგანოებში -ანტიეპილეფსიური მედიკამენტი კარბამაზეპინი და ფსიქოტროპული მედიკამენტი დიაზეპამი. აღნიშნული ინფორმაცია მათი მიმართვის საფუძველზე შეისწავლა პროფილურმა სპეციალისტმა, ექიმ-ნევროლოგმა და ამავდროულად ექიმ-ნარკოლოგმა ე.ი-მა, რომლის დასკვნით დადგინდა: “...აღნიშნული ფარმაკოლოგიური ჯგუფების პრეპარატების მოქმედება იწვევს პიროვნების მოდუნებას, მოთენთილობას, მოძრაობების ქაოტურობას, ფიზიკური ძალის დაქვეითებას, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევას, შენელებულ ფიზიკურ აქტივობას, კონცენტრაციის და მეხსიერების გაფანტულობას და სხვ. აღნიშნული პრეპარატების ალკოჰოლთან ურთიერთქმედებით განპირობებული კლინიკური გამოვლინება ინდივიდუალურია“.
- გ. ფ-ის გვამის გამოკვლევით არსებული დაზიანებების ხასიათისა და ლოკალიზაციის მიხედვით, მათი განვითარება მხოლოდ გ. ს-ს მხრიდან მისივე ჩვენებით მითითებულ ვითარებაში სავსებით დასაშვები იყო.
39. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი, 2015 წლის 27 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №...მედ. დასკვნის თანახმად, 2014 წლის 4 მარტს მსჯავრდებულ გ. ფ-ეს მიღებული ჰქონდა შემდეგი დაზიანებები:
- ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა სისხლნაჟღენთებით მარცხენა და მარჯვენა თხემ-კეფის საზღვარზე და ქალა-სარქვლის კან-კუნთოვან ქსოვილში, სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა (თავის ტვინის რბილი გარსების ქვეშ) ორივე თხემ-კეფის მიდამოში, ნათხემის რბილი გარსების ქვეშ (მ.ნ. შენიშვნა: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N.. ლოკალიზაცია დაუზუსტებელია), წვრილ და მსხვილკეროვანი სისხლჩაქცევები თავის ტვინის და ნათხემის ნივთიერებაში (მ.ნ. შენიშვნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N..- ლოკალიზაციები და ზომები დაუზუსტებელია), სასამართლო-მედიკური დიაგნოზის მიხედვით, სისხლჩაქცევები მოგრძო ტვინში (მ.ნ. შენიშვნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N..ში ექსპერტის დასკვნის
აღწერილობით ნაწილში და მიკროსკოპული კვლევის მონაცემებში სისხლჩაქცევები აღწერილი არ არის).
- თავის ტვინის შეშუპება, თავის ტვინის დისლოკაცია და თავის ტვინის ღეროს ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში. ფილტვების შეშუპება. კეროვანი ემფიზემა, ტარდიეს ლაქები.
- მრავლობითი სისხლნაჟღენთები კისრის მიდამოს კანზე, სისხლჩაქცევებით კისრის რბილ ქსოვილებში, ენისქვეშა ძვლის მარჯვენა რქის მოტეხილობა. ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილი ჭრილობები სახის მიდამოში, ცხვირის ძვლების ღია მოტეხილობა შუა მესამედის დონეზე. მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში და მუქი მოწითალო სისხლჩაქცევები ორივე თვალბუდის სკლერებზე. სამედიცინო მანიპულაციების - ინიექციების შემდგომი კვლები.
- გ. ფ-ის ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა გ. ფ-ეს შეეძლო მიეღო როგორც თავის მიდამოზე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ასევე თავის მიდამოთი დაცემით ისეთი ზედაპირის მქონე მკვრივ, ბლაგვ საგანზე, რომელსაც აქვს შემაღლებები (გამორიცხულია ფართო, სწორი ზედაპირის მქონე მკვრივ, ბლაგვ საგანზე დაცემით), ან სახის მიდამოში მნიშვნელოვანი ძალის ზემოქმედების დროს სახის ძვლების ძლიერი დეფორმაციის გამო.
- გ. ფ-ის სახის მიდამოში არსებული მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები, ჭრილობები და ცხვირის ძვლების მოტეხილობა მიყენებულია შემოსაზღვრული ზედაპირის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის ან საგნების მოქმედებით, მათგან ჭრილობები, რომელთაც აქვთ ერთმანეთის მსგავსი მორფოლოგიური მახასიათებლები, შესაძლებელია, წარმოქმნილი იყვნენ შემოსაზღვრული, კუთხოვანი ზედაპირის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის ამ მიდამოებზე არაერთჯერადი ზემოქმედებით. გ. ფ-ეს უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე და ცხვირის ძვლების ღია მოტეხილობა, სისხლჩაქცევები ორივე თვალბუდეში ზედა და ქვედა ქუთუთოების მიდამოებში და სკლერებზე განვითარებული უნდა იყოს ერთდროულად, ცხვირის ზურგზე მკვრივი ბლაგვი საგნით, მნიშვნელოვანი ძალის ერთჯერადი ზემოქმედებით
და ერთიანი მექანიზმით, ე.წ. „სათვალის სიმპტომი“. მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები სახის მიდამოში სიცოცხლისდროინდელია და განვითარებულია სიკვდილის დადგომამდე დროის მცირე მონაკვეთში, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში, ცალკე აღებული, ატარებს სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
- 04.03.2014წ. ტრავმასთან დაკავშირებით გ. ფ-ეს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი სისხლნაჟღენთები კისრის მიდამოში, სისხლჩაქცევებით კანქვეშა რბილ ქსოვილებში და ენისქვეშა ძვლის მარჯვენა რქის მოტეხილობა. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ან საგნების კისრის მიდამოებზე არაერთჯერადი ზემოქმედებით, ენისქვეშა ძვლის მარჯვენა რქის მოტეხილობა სიცოცხლისდროინდელია და ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას.
- გ. ფ–ის ენისქვეშა ძვლის მოტეხილობის მექანიზმის დადგენა შეუძლებელია საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით და ექსპერტის სასამართლოზე დაკითხვით არ დგინდება მოტეხილობის ხაზების ზუსტი ლოკალიზაციები).
- კისრის მიდამოზე მექანიკური ძალის არაერთჯერად, სიცოცხლისდროინდელ ზემოქმედებას ენისქვეშა ძვლის მოტეხილობით შეეძლო, გამოეწვია გ. ფ-ის სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული დახშობა, რაც დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ფილტვებსა და გულში აღწერილი პოსტასფიქსიური ცვლილებების მაკრო და მიკრომორფოლოგიური სურათით.
- აღწერილი მორფოლოგიური სურათი - თავის ტვინის სწრაფად განვითარებულ შეშუპებასთან, დისლოკაციასა და კეფის დიდ ხვრელში ღეროს ჩაჭედვასთან ერთად - წარმოადგენს ზოგადასფიქსიური ნიშნების მორფოლოგიურ გამოვლინებებს და მიუთითებს პოსტასფიქსიური (ასფიქსიის შემდგომი) მდგომარეობის არსებობაზე. ექსპერტიზას არ შეუძლია დაადგინოს, სასუნთქი გზების დახშობის და შესაბამისად, გარეგანი სუნთქვის მძიმე, შეუქცევადი მოშლის პათოგენეზურ ჯაჭვში რომელი პათოლოგიური პროცესი გახდა გ. ფ-ის სიკვდილის მიზეზი: ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ასპირაციული ასფიქსია (სისხლით) თუ ასფიქსია სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული დახშობის გამო. ექსპერტიზას არ შეუძლია კისრის ორგანოებზე ზეწოლის გამო გარეგანი სუნთქვის დარღვევის სიმძიმის ხარისხის განსაზღვრა, საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზით არ არის განსაზღვრული ენისქვეშა ძვლის მოტეხილობის მექანიზმი და საყლაპავის, ხორხის ლორწოვანის, სახმო იოგების მორფოლოგიური სურათი. ექსპერტიზა ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე ექსპერტის მიერ კისრის ორგანოებზე ზეწოლით გამოწვეული ასფიქსიის გამორიცხვას იმ მიზეზით, რომ „ასფიქსიით გარდაიცვლებოდა არა 1 საათში, არამედ 4-5 წუთში“. საექსპერტო პრაქტიკაში - ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში არ წარმოადგენს იშვიათობას და სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია კისრის ორგანოებზე ზეწოლის, მოხრჩობისა და ჩამოხრჩობის გზით ასფიქსიის შემდეგ პირთა გადარჩენის შემთხვევები და პოსტასფიქსიური მოვლენების მიხედვით სიმძიმის ხარისხის განსაზღვრა ხდება სწორედ კისრის ორგანოებზე ზეწოლის გამო სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის ნიშნით ან გამოსავლით (პოსტასფიქსიური სიმპტომების ხანგრძლივობა).
- გ. ფ-ის ზედა კიდურების მიდამოებში არსებული მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, მათგან მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე არსებული ნაჭდევები შესაძლებელია მიყენებული იყოს მკვრივი, ბლაგვი ზედაპირის მქონე საგანზე დაცემით. გ. ფ-ის ზედა კიდურების მიდამოებში არსებული დაზიანებები, ცალ-ცალკე და ერთობლივად ცოცხალ პირებზე შეფასდება როგორც მსუბუქი ხარისხის, ჯანმრთელობის მოუშლელად და სიკვდილის დადგომასთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება. გ. ფ-ის თავის მიდამოში არსებული არცერთი დაზიანება არ არის მიყენებული მკვრივი, ბლაგვი, შემოსაზღვრული, კუთხოვანი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ვინაიდან ასეთი საგნის კვალწარმომქმნელი თვისებები თხემ-კეფის მიდამოში არსებულ დაზიანებებზე არ აისახა. სახის მიდამოში არსებულ დაზიანებებს შეეძლოთ გამოეწვიათ გ. ფ-ის სახის ძვლების ანუ თავის ქალას სახის ნაწილის მნიშვნელოვანი დეფორმაცია და ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის წარმოქმნა ქალასშიდა სისხლჩაქცევებით.
- 04.03.2014წ. მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, გ. ფ-ეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N... მონაცემების მიხედვით, თავის მიდამოში აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: „თხემ-კეფის მიდამოში მარჯვნივ და მარცხნივ, თავის თმოვანი საფარის ფარგლებში, კანზე - უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთები ზომებით 3,5 X 3,0 სმ და 4,5 X 2,5 სმ, ხოლო მათ შესაბამისად, ქალა-სარქვლის რბილ ქსოვილებში არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები, ზომით მარჯნივ 4,5 X 3,5 სმ და 3,8 X 2,5 სმ. აღნიშნული დაზიანებების ერთდროული წარმოქმნა ფართო სწორი ზედაპირის მქონე მკვრივ, ბლაგვ საგანზე ერთჯერადი დაცემით შეუძლებელია, თავის ქალას ანატომიური შენებიდან გამომდინარე. გ. ფ-ის მარცხენა და მარჯვენა თხემ - კეფის მიდამოებში, კანზე და კანქვეშ აღწერილი სისხლნაჟღენთების არამკვეთრი კონტურები, არამკვეთრი კიდეები, გამორიცხავენ ამ დაზიანებების წარმოქმნას შემოფარგლული, კუთხოვანი გვერდების (ან დეტალების) მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის ისეთი ნაწილების მოქმედებით, როგორიცაა ჩაიდნის კუთხოვანი კიდე, რადგანაც ასეთი საგნის საკონტაქტო ზედაპირის ინდივიდუალური კვალწარმომქმნელი თვისებები კანზე, ქალა-სარქვლის რბილი ქსოვილების შიგნითა
ზედაპირსა და ქალასარქვლის ძვლებზე არ აისახა.
- ბეტონის იატაკზე კეფით მრავალჯერადი დარტყმების მიყენება გ. ფ-ის თავზე ისე, როგორც ამას თავის ჩვენებებში მიუთითებენ რ. კ-ე და მ. ბ-ე, კატეგორიულად გამორიცხულია, ვინაიდან კეფის მიდამოში გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დაზიანებები არ აღინიშნება და შესაბამისად, არ არის ასახული მკვრივი, ბლაგვი, ფართო ზედაპირის მქონე საგნის ზემოქმედების არცერთი კვალი (იხ. რ. კ–ის მიერ 05.02.2015 წ. სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება: „შ. შ. იმყოფებოდა ფ-ისაგან მარცხნივ საპირფარეშოს მხარეს ჩაცუცქულ მდგომარეობაში, ფ-ეს თმები ჰქონდა გრძელი და ქოჩრის მხარეს ხელი ჰქონდა მოკიდებული და გ. ფ-ე გულაღმა იწვა, სახით ზევით და უკან კეფის მხარეს არტყმევინებდა თავს. წითელი ლაქების გუბეც კი იდგა“) (იხ. მ. ბ-ის მიერ 24.02.2015 წ. სასამართლოზე მიცემული ჩვენება: „შ. შ-ს ჩავლებული ჰქონდა ხელი თმებში და არტყმევინებდა კეფით ბეტონის იატაკზე.......მე დავინახე ფ-ის თავის ირგვლივ იყო მოწითალო ფერის გუბე“). ექსპერტიზა კატეგორიულად გამორიცხავს რ. კ-ისა და მ. ბ-ის მიერ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებებში მითითებული გ. ფ-ეს გვამის სიახლოვეს აღწერილი სისხლის გუბის წარმოქმნას კეფის მიდამოდან თავის მრავალჯერადი დარტყმების შედეგად, ვინაიდან გ. ფ-ის თავის და კონკრეტულად კი კეფის მიდამოში ჭრილობები საერთოდ არ აღენიშნებოდა, ანუ კანის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა და შესაბამისად, სისხლდენაც არ იქნებოდა. ექსპერტიზას არ შეუძლია გამიჯნოს, გ. ფ-ის ქალასშიდა სისხლჩაქცევების წარმოქმნა გამოიწვია თხემ-კეფის მიდამოში არსებულმა დაზიანებებმა თუ ქალას სახის ნაწილის მნიშვნელოვანმა დეფორმაციამ, საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული ტვინის ნივთიერებაში არსებული სასხლჩაქცევების ზუსტი ლოკალიზაციები, ფორმები, სიღრმე და ზომები). სახის მიდამოში მკვრივი, ბლაგვი საგნების არაერთჯერად, მნიშვნელოვანი ძალით ზემოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს თავის ქალას სახის ნაწილის ძვლების მნიშვნელოვანი დეფორმაცია და სისხლჩაქცევების კონტუზიური კერების წარმოქმნა ძალის ზემოქმედების საპირისპირო მხარეს - ე.წ. „უკუდარტყმის“ მექანიზმით, ანუ თავის ტვინის ნივთიერებაში ისე, როგორც ეს აღწერილია კონკრეტულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნაში. საქმის მასალებიდან გამომდინარე, დაზიანებების მიღებიდან გ. ფ-ის დაღუპვამდე გასულია დაახლოებით 30-40 წუთი. ქალა - ტვინის ტრავმის შედეგად განვითარებული ქალასშიდა პირველადი სისხლჩაქცევების წარმოქმნა, თავის ტვინის შეშუპება, ქალასშიდა სისხლის მიმოქცევის მეორადი მოშლა, მეორადი სისხლჩაქცევების წარმოქმნა თავის ტვინის ნივთიერებაში, ტვინის ღეროს დისლოკაცია და შემდგომ მოგრძო ტვინის ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში დროში მიმდინარე რთული პათოგენოზური პროცესების ჯაჭვია და ასეთ მოკლე დროში ამ პროცესის განვითარება გამორიცხულია.
- გ. ფ-ის ცხვირის ძვლების ღია მოტეხილობას თან სდევდა ცხვირიდან სისხლდენა. ცხვირის ძვლების მოტეხილობის ფონზე გ. ფ-ის უგონო მდგომარეობაში ყოფნის დროს, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, განვითარებულიყო სისხლის ფილტვებში ასპირაცია (სისხლის მოხვედრა ფილტვებში). გ. ფ-ეს ცხვირის წინა ტამპონადა ან ცხვირის უკანა ტამპონადა არ ჩასტარებია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა სისხლის ფილტვებში მოხვედრის რისკის შემცირება. გ. ფ-ის თავის ტვინის შეშუპება ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით შესაძლოა, გამოწვეული იყოს გარეგანი სუნთქვის დარღვევით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობით, რომელიც შესაძლოა, განვითარებულიყო როგორც კისრის ორგანოებზე ზეწოლით, ასევე - ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო სისხლით ასპირაციით.
- ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მონაცემებით, გ. ფ-ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 1.15 პრომილე ეთილის სპირტი, რაც ცოცხალ პირებზე შეესაბამება საშუალო ხარისხის სიმთვრალეს. გ. ფ-ის გვამიდან აღებულ სისხლსა და შინაგან ორგანოებში აღმოჩნდა ანტიეპილეფსიური საშუალება-კარბამაზეპინი, ფსიქოტროპული ნივთიერება - დიაზეპამი და მისი მეტაბოლიტი - ნორდაზეპამი.
39.1. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ა. გ–მ და მ. ნ-მა დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
40. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ითხოვს სასჯელის გამკაცრებას, ხოლო დაცვის მხარე - მსჯავრდებულების (ლ. მ-ისა და გ. ს-–ს ნაწილში) უდანაშაულოდ ცნობას.
41. მსჯავრდებული გ. ს. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. ბ-ე სადავოდ ხდიან თვითმხილველ მოწმეთა - რ. კ-ისა და მ. ბ-ის ჩვენებებს. კასატორთა მტკიცებით, მითითებულ მოწმეთა ჩვენებები მოკლებულია სანდოობას (რაც ასახულია სასამართლო სხდომის ოქმში), სააპელაციო სასამართლოში არ მოხდა მათი ჩვენებების გამოკვლევა და არ დაიკითხნენ აღნიშნული მოწმეები, რომელთა ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებზეც არის აგებული ბრალი, იმისდა მიუხედავად, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მათი დაკითხვა განხორციელდა კანონის დარღვევით (დაცვის მხარეს არ მიეცა მოწმეებისათვის კითხვების დასმის შესაძლებლობა); კასატორების მტკიცებით, აღნიშნულმა მოწმეებმა სასამართლოს მისცეს ცრუ ჩვენებები, რადგან გ. ფ-ეს ჯანმრთელობის დაზიანება 3.. საკანში მიაყენეს სხვა პირებმა, რომლებიც შემოწმებაჩატარებულ და დაკეტილ საკანში აღმოჩნდნენ სწორედ დაწესებულების თანამშრომლების უშუალო ხელშეწყობით.
42. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მოწმეთა - რ. კ-ისა და მ. ბ-ის - ჩვენებების სანდოობისა და თანმიმდევრულობის შესახებ. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენებების უტყუარობის კრიტერიუმად მათი იდენტურობის მიჩნევა არასწორია. მოწმეთა ჩვენებების თანმიმდევრულობა არ გულისხმობს მათ აბსოლუტურ თანხვედრასა და იდენტურობას, რადგან ასეთი რამ მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება მოხდეს, როდესაც საქმეში არსებობს ობიექტური მტკიცებულებები (მაგალითად, ნივთმტკიცებები ან ფოტოდოკუმენტები), ხოლო მოწმეთა ჩვენებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს. მნიშვნელოვანია, რომ მოწმეთა ჩვენებები განსხვავებულად არ უთითებდეს მტკიცების მთავარ საკითხთან დაკავშირებულ გარემოებებზე. საკმარისია მოწმეთა ჩვენებების შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოადგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 4 აგვისტოს №305აპ-20 განჩინება). აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრულია, მათ ურთიერთთანხვდენილად მიუთითეს: სად და რა ვითარებაში დაინახეს შ. შ., გ. ს. და ლ. მ-ი; მათ მიერ გამოძიებისა და სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია - დანაშაულის ჩადენის დროის, ადგილის, მასში მონაწილე პირებისა და თავად მათ მიერ ჩადენილი ქმედებების შესახებ იდენტურია; ჩვენებებში არსებული ცალკეული ცდომილებები არ ეხება მტკიცების საგანში შემავალ, საქმის განხილვისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებს, არ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, არ ქმნის სასამართლოს მიერ აღნიშნულ ჩვენებათა უტყუარობაში ეჭვის შეტანისა და არ გაზიარებისათვის საკმარის საფუძველს.
43. სასამართლო ითვალისწინებს პატიმრობაში მყოფ პირთა მოწყვლად მდგომარეობას და სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს მათი დაცვა; იმ გარემოებას რომ სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობა თავისუფლებააღკვეთილ პირთა მიმართ მოპყრობაზე მძაფრდება თავისუფლებააღკვეთილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში
(Tsintsabadze v. Georgia, no. 35403/06, §72, ECtHR, 15/02/2011; იხ. Keenan v. the United Kingdom, no.27229/95, §91, ECtHR, 3/04/2001; Salman v. Turkey, [GC], no.21986/93, §99, ECtHR, 27/06/2000). შესაბამისად, სასამართლო განსაკუთრებული სიფრთხილით და კრიტიკულად აფასებს მითითებული თვითმხილველი მოწმეების ჩვენებების სარწმუნოობას, ვინაიდან ითვალისწინებს, რომ ჩვენებები შესაძლოა იყოს სუბიექტური და მიზნად ისახავდეს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას (იხ. Dvalishvili v. Georgia, no. 19634/07, §50, ECtHR, 18/03/2013).
44. იმავდროულად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს დაცვის მხარის პოზიცია გ. ფ-ის ჯანმრთელობის სხვა პირთა მიერ დაზიანების შესახებ, ვინაიდან აღნიშნული არ არის გამყარებული სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით და პრაქტიკულად მხოლოდ დაცვის მხარის ვარაუდს წარმოადგენს. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გამოძიების ორგანოებმა გადაამოწმეს, მათ შორის, ნ. ნ-ის კავშირი ჩადენილ დანაშაულთან, თუმცა ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.. დასკვნით ნ. ნ-ის შემხებლობა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ობიექტებთან (ელექტროჩაიდანი, საკნიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, რომლებიც წარმოადგენს ადამიანის სისხლს) გამოირიცხა, ხოლო განსახილველ დანაშაულთან სხვა პირთა შემხებლობის და მსჯავრდებულთა უდანაშაულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები (რაც დააკმაყოფილებდა საქართველოს სსსკ-ით დადგენილ მტკიცებით სტანდარტს) სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის.
45. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის პრეტენზიას, რომ დაცვის მხარეს არ მიეცა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეების: რ. კ-ისა და მ. ბ-ის დაკითხვის შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმით (დაიკითხა რ. კ-ე) და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმით (დაიკითხა მ. ბ-ე) დასტურდება, რომ დაცვის მხარემ, კერძოდ, ადვოკატებმა: ი. ბ–ემ (გ. ს-ს ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით)), ა. ბ-ემ (ლ. მ-ის ადვოკატი), რ. ჩ-მ, მ. ჩ-მა მოწმეებს დაუსვეს შეკითხვები; სხდომის ოქმით არ დასტურდება და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადვოკატებს ხანგრძლივი დროის მანძილზე დაკითხვისას (მოწმე რ. კ-ე დაცვის მხარემ დაკითხა 18:46:10-20:18:45 საათების შუალედში, ასევე - ხელახალი დაკითხვის ფარგლებში - 20:20-53-20:22:50, ხოლო მ. ბ-ე დაიკითა 15:31:01-17:09:33 საათების შუალედში) შეეზღუდათ მათთვის სასურველი/საინტერესო კითხვის დასმის შესაძლებლობა. დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნული მოწმეების კანონის არსებითი დარღვევით დაკითხვას და შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობას მტკიცებულების ხელახლა გამოკვლევისთვის.
45.1. მოცემულ შემთხვევაში, არსებით სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მოწმეებმა უარი განაცხადეს გამოძიების ეტაპზე მათი დაკითხვის ოქმთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე (კერძოდ, მოწმე რ. კ-ემ, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვის ოქმთან დაკავშირებით ადვოკატ ი. ბ-ის მიერ დასმული კითხვის განრიდების თაობაზე, მიუთითა, რომ არ არის თანახმა, მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებიდან დაუსვან შეკითხვები, თუმცა განაცხადა, რომ უპასუხებს სასამართლო სხდომაზე დასმულ მხარეთა კითხვებს (19:51:59; 19:56:41)).
45.2. მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესს, რომლითაც მხარეს ენიჭება მოწმის გამოკითხვის ოქმის საჯაროდ წაკითხვის უფლება არსებითი განხილვის სხდომაზე; ასევე იმ გარემოებას, რომ დაცვის მხარეს არ ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობა მოწმეთათვის დაესვა სასურველი შეკითხვები - მათ შორის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით; ასევე - საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის (განაჩენის დასაბუთებისთვის ის უნდა ემყარებოდეს სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას) დანაწესს.
46. დაცვის მხარის შეფასებით, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული მოწმეთა - რ. კ-ისა და მ. ბ-ის განმარტებები იმის თაობაზე, რომ გ. ს-მა საკნის კარის გაღებისას მათ გაუწია წინააღმდეგობა. კასატორი პოზიციის დასაბუთებისთვის უთითებს მოწმე რ. კ-ის ჩვენებაზე (გ. ს. შიგნიდან ეჭიდებოდა კარს და არ აძლევდა მისი გაღების საშუალებას, მაგრამ მან რაიმე დაბრკოლება ვერ შეუქმნა) და სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განმარტებაზე, რომ N.. საკნის კარი იღებოდა შიგნიდან გარეთ და მას შიდა მხარეს სახელური ან ხელჩასაჭიდი არ ჰქონდა. შესაბამისად, დაცვის მხარისათვის გაუგებარია როგორ ეჭიდავებოდა კარს გ. ს. და როგორ შეუშალა ხელი რ. კ-ეს მის გაღებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ნაწილში მოწმეების რ. კ-ისა და მ. ბ-ის ჩვენებების გაზიარება დაცვის მხარეს დაუშვებლად მიაჩნია.
46.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მ. ბ-ის ჩვენების თანახმად, „რ. კ-ემ გააღო საკნის კარი და როდესაც გამოაღო, გ.ს-მა გამოყო ხელები საკნიდან და თავისკენ იზიდავდა კარს“ (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:09:15 – 15:09:50), ხოლო რ. კ-ემ მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ „...როცა კარი გააღო ცალმხრივად, რადგან ორ პატიმარს ერთად არ შეძლებოდა საკნის დატოვება, კარის გაღებისას გ. ს-მა წინააღმდეგობა გაუწია მათ იმ მხრივ, რომ ცდილობდა კარი არ გაეღოთ, ...... ამ დროს მეორე მხარის გაღებაც შეძლეს, როდესაც კარი გააღო - გ. ს-ც კარს გამოჰყვა და აღმოჩნდა გარეთ“ (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:50:00 – 17:53:10). შესაბამისად, დაცვის მხარის მითითება შიგნიდან კარის გაღებისათვის ხელის შეშლის შეუძლებლობაზე, არ გამომდინარეობს მოწმეების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაციებიდან.
47. დაცვის მხარის მტკიცებით, მ. ბ-ის ჩვენება ირიბია, რადგან 2019 წლის 9 მარტის ჩვენების თანახმად, საკანში მიმდინარე მოვლენების შესახებ თავდაპირველად მან რ. კ-ისგან შეიტყო (აღნიშნულს დაეთანხმა მ. ბ-ეც სასამართლოზე დაკითხვისას), მას გარკვეული გარემოებები არ დაუნახავს.
47.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „პირდაპირი მტკიცებულება შესაძლებელია ასახავდეს მომხდარ ფაქტს, მაგრამ არა მთლიანად, არამედ მხოლოდ მის ერთ, თუმცა მნიშვნელოვან მონაკვეთს“ (მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი 213აპ-20). შესაბამისად, მ. კ–ის ჩვენება იმ ნაწილში რაც მან უშუალოდ ნახა (მათ შორის: მსჯავრდებულების განლაგება, ლ. მ-ის და გ. ს-ს მიერ გ. ფ-ისთვის დაზიანებების მიყენება), პირდაპირი ჩვენებაა და მისი გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებისათვის დასაშვებია.
48. საკასაციო სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ გ. ს-ს მიერ გ. ფ-ის ცემა და მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენება არ დასტურდება არცერთი მოწმის ჩვენებით.
48.1. სასამართლო ითვალისწინებს მოწმეების - რ. კ-ისა და მ. ბ-ის ჩვენებებს (რ. კ-ემ მიუთითა, რომ „...მარცხნივ იდგა გ. ს., ცალი ხელი კედელთან ჰქონდა მიყრდნობილი და თავის არეში ფეხებით სცემდა გ. ფ-ეს....“(იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 17:49:00 – 17:51:15). მ. ბ-ემ კი განმარტა, რომ „...გ. ს–მა მოიქნია წიხლი, რომელიც გ.ფ-ეს მოხვდა თავის არეში, კერძოდ საფეთქელთან...“ (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:08:15 -15:09:02; 15:20:30 - 15:20:40)); ასევე - მსჯავრდებულ შ. შ-ისა და მისი ადვოკატის - გ. გ-ას საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ 2021 წლის 10 თებერვლის განცხადებას (რომლის თანახმად, ის აღიარებს და ინანიებს გ. ს-სა და ლ. მ-თან ერთად იმ დანაშაულის ჩადენას, რომელიც ასახულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოსა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებში. იხ. შ. შ-ის განცხადება საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ) და საკასაციო სხდომაზე შ. შ-ის განმარტებას, რომ ეთანხმება აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
49. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ: ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის და ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნებით უდავოდ დასტურდება გ. ფ-ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასთან გ. ს-ს შემხებლობის არარსებობა.
49.1. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, რომლითაც ვერ დადგინდა, მათ შორის, გ. ს-ს, ლ. მ-ისა და გ. ფ-ის ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი ნიშნების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოების, ასევე, გ. ს-სა და ლ. მ-ის ფრჩხილების გადანაჭრებში გ. ფ-ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოების არსებობა - სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული არ გამორიცხავს, მათ შორის, გ. ს-ს ბრალეულობას, ვინაიდან საკვლევ ობიექტზე კვალის დარჩენა სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული.
49.2. ფრჩხილების გადანაჭრებში ბოჭკოების არსებობა/არარსებობასთან დაკავშირებით, სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებს: რ. კ-ის ჩვენების თანახმად, გ. ს-ს ცალი ხელი კედელზე ჰქონდა მიყრდნობილი და თავის არეში ფეხებით სცემდა გ. ფ-ეს, მარჯვნივ იდგა ლ. მ-ი, რომელიც თავისა და გულმკერდის არეში (სადაც ფეხი მიუწვდებოდა) სცემდა გ.ფ-ეს ფეხებით, ხოლო მ. ბ-ემ განმარტა, რომ ლ. მ-ი წიხლებით სცემდა სხეულის ზედა ნაწილში, გ. ს–მა კი მოიქნია წიხლი, რომელიც გ. ფ-ეს მოხვდა თავის არეში, კერძოდ, საფეთქელთან. ამდენად, თანამესაკნის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოების ფრჩხილების გადანაჭრებში არ არსებობა (არ აღმოჩნდა) სადავო დანაშაულის ჩადენის საკითხის გადასაწყვეტად არარელევანტურია.
50. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ მსჯავრდებულებმა შემთხვევის ადგილიდან სამარტოო საკნებში გადაყვანამდე გამოიცვალეს ტანსაცმელი; შეეცადნენ დანაშაულის კვალის განადგურებას; ექსპერტიზა ჩატარებულია მსჯავრდებულთა კუთვნილ სხვადასხვა (საერთო ჯამში ექვს შარვალზე) ტანსაცმელზე; ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N.. დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ ტანსაცმელზე, კერძოდ: „პაკეტში წარწერით: ”.... ნაცრისფერი მაისური...” მოთავსებულ მაისურზე, პაკეტებში წარწერებით:”...საწოლიდან ამოღებული ჯინსის შარვალი...”, ”...3(10) ... N.. საკნიდან ამოღებული ჯინსის შარვალი...” ”...4 (11)... N.. საკნიდან ამოღებული ჯინსის შარვალი...” მოთავსებულ სამ ჯინსის შარვალზე და პაკეტში არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია გ--- ფ---------ის (ობ.N..) გენეტიკური პროფილისა.
50.1. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ შარვლები, რომლებზეც ჩატარდა ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზა (N.. დასკვნა), არ ეკუთვნოდა გ. ს-ს ან/და ლ. მ-ს.
50.2. ამასთან, სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის გენეტიკური პროფილის ბიოლოგიური კვალის არარსებობა შემთხვევის ადგილზე ან დანაშაულის საგანზე a priori არ ნიშნავს ამ პირის უდანაშაულობას, რაც უკავშირდება კვალწარმოქმნის პროცესის თავისებურებას, მაგალითად, კონტაქტის ხასიათს, ხანგრძლივობას და ა.შ. (იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი საქმეზე N262აპ-17).
51. კასატორები (ლ. მ-ი, ა. ბ-ე) სადავოდ ხდიან თვითმხილველ მოწმეთა - რ. კ-ისა და მ. ბ-ის ჩვენებების სანდოობას და უთითებენ, რომ საკვებურიდან შეუძლებელია, მათ სრულად დაენახათ საკანში განვითარებული მოვლენები, რადგან შეუძლებელია, საკვებურიდან საკნის მთლიანი სივრცის, მით უფრო - საპირფარეშოში შესასვლელი კიბისა და იქ სამი პირის მოქმედების დანახვა; დაცვის მხარე ასევე, სადავოდ მიიჩნევს საკანში შესასვლელ კართან მოწმეების - რ. კ-ის, მ. ბ-ის და გ. ს-ს განლაგებასა და მოქმედებებს.
51.1. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე და დაცვის მხარეს ენიჭება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვების და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 8 იანვრის N951აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 4 იანვრის N925აპ-20 გადაწყვეტილება; 2020 წლის 17 ივლისის N30აპ-20 გადაწყვეტილება; 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი N669აპ-20, II-56). მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ დაცვის მხარეს სირთულეები შეექმნა საკასაციო საჩივარში მითითებული თავისი პოზიციის დასაბუთებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვებაში; ვერ შეძლო იმ მტკიცებულების დამოუკიდებლად, ან/და პროცესის მწარმოებელი ორგანოსთვის მიმართვის მიუხედავად, მოპოვება, რაც დაადასტურებდა კასატორის მიერ მითითებულ ვერსიას (მაგალითად, არ დგინდება, რომ კასატორმა დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ - საკვებურიდან თვითმხილველი მოწმეების მიერ სადავო ობიექტების დანახვის შესაძლებლობის გადამოწმებისთვის და მას დაუსაბუთებლად ეთქვა უარი. მაგალითისთვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 21 დეკემბრის განჩინება N504აპ-20).
52. საკასაციო ითვალისწინებს, რომ საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც მოიპოვეს და წარმოადგინეს მხარეებმა; სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესს, 44-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებს, მათ შორის - უფლებას ბრალდების უარსაყოფად საჭირო მტკიცებულებების მოპოვებაზე, გამოთხოვასა და წარდგენაზე საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე.
53. კასატორი დაცვის მხარის მტკიცებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა პირებმა არ ამოიღეს შემთხვევის ადგილას - საკანში არსებული ყველა ნივთი. კერძოდ, დაცვის მხარისათვის გაუგებარია, რატომ ამოიღეს, მაგალითად, ელექტროჩაიდანი და არა, მაგალითად, დანა ან/და ჰანტელის ფორმის ნივთი. ამ მოცემულობაში კასატორის ვარაუდით, საკანში დასახელებული ნივთები უკანონოდ მიიტანეს სისხლიანი შარვლის მსგავსად, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოეყენებინათ, თუმცა საჭიროება არ შეიქმნა, ხოლო დასურათებისას ზედმეტი ნივთების აღება დაავიწყდათ.
53.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის (შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი), 125-ე მუხლის პირველი ნაწილის (შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზანია დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენა, შემთხვევის ვითარების და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების გარკვევა), 111-ე მუხლის მე-6 ნაწილის (საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს დანაშაულის კვალის და ნივთიერ მტკიცებულებათა აღმოჩენის, ფიქსაციის და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები), ამავე მუხლის მე-9 ნაწილის (თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატერება განსაკუთრებულ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს მხარე მას ატარებს ექსპერტის მონაწილეობით), 52-ე მუხლის (ექსპერტის უფლებას გამომძიებლის ან/და პროკურორის ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას) დანაწესებს და იმ გარემოებას, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში სხვა პირებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები (იხ. 2014 წლის 4 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი). შესაბამისად, საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის (გამომძიებელი ვალდებულია, გამოძიება წარმართოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად) და იმ გარემოების გათვალისწინებით რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების აღმოჩენა-ფიქსაციის მიზნებისთვის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდნენ ექსპერტები, შემთხვევის ადგილიდან განტელის ფორმის ნივთის ამოუღებლობას ვერ მიენიჭება არსებითი და განმსაზღვრელი მნიშვნელობა მსჯავრდებულ ლ. მ-ის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის საკითხის გადაწყვეტისათვის.
54. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმეთა განმარტებებს საკანში სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მიერ მსჯავრდებულთა კონკრეტული ნივთების შეტანის მიზეზების შესახებ. მათ შორის: შ. შ-ისაგან ტანსაცმლის ამოღების ოქმის შენიშნვას (მსჯავრდებულ შ. შ-ის განაცხადებას, რომ მას N3---- საკანში შემთხვევის დროს ეცვა მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ის დასვრილი იყო სისხლით, რის გამოც ჰქონდა გარეცხილი, მაგრამ როდესაც თანამშრომლებმა გადაიყვანეს სამარტოო საკანში, მათ დაატოვებინეს გარეთ და არ შეატანინეს საკანში); მოწმე მ. ბ-ის ჩვენებას, რომ მსჯავრდებულები პარკებში აწყობდნენ თავიანთ ნივთებს, საკანში იყო არეულობა, ასევე სისხლის გუბე იყო მოწმენდილი, საკნის იატაკი კი ნახევრად სველ მდგომარეობაში (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის სხდომის ოქმი 15:18:50 – 15:19:11; 15:28:30 – 15:28:40); მოწმე რ. კ-ის განმარტებას, რომ მსჯავრდებულები ტანსაცმელს ალაგებდნენ, ტანზე გამოცვლილი ჰქონდათ, თბილად ეცვათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ სხვა ციხეში გადაიყვანდნენ (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 თებერვლის სხდომის ოქმი 18:00:10 – 18:01:45). მსჯავრდებულებმა ტანსაცმელები წამოიღეს პაკეტებით; მოწმე დ. გ-ას განმარტებას, რომ მსჯავრდებულების სამარტოო საკნებში შეყვანამდე ინსპექტორ-კონტროლიორმა გ. მ-მა მათ ჩაუტარა ჩხრეკა-დათვალიერება. ამ დროს შ. შ–ს პოლიეთილენის პარკში ჰქონდა, მისი განცხადებით, საცვლები, მაგრამ დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა მოლურჯო ფერის სველი ჯინსის შარვალი, რასაც, როგორც კონტროლიორმა აღნიშნა, ემჩნეოდა წითელი ფერის ლაქები. აღნიშნულ შარვალზე შ. შ-მ განაცხადა, რომ ახალი გარეცხილი ჰქონდა და სურდა გასაშრობად შეტანა, შემდეგ შეიყვანეს მსჯავრდებულები სამარტოო საკანში, ხოლო შარვალი გადაკიდეს გასაშრობ ოთახში (იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:15:50 – 16:17:50). აღნიშნული გარემოებები მოახსენა ხელმძღვანელს, კ. ბ-ს, რომელმაც უთხრა, ჩამოეხსნა ეს შარვალი, რადგან შესაძლოა, ყოფილიყო მნიშვნელოვანი და დაედო ოთახში, რაც მან შეასრულა(იხ.: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:18:10 – 16:19:20).
55. კასატორი დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ გ. ს. პირველი ინსტანციის სასამართლომ 2014 წლის 1 დეკემბრიდან უკანონოდ გააძევა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ბრალდებულს არ მიეცა სასამართლო განხილვაში მონაწილეობის შესაძლებლობა, რითაც დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 38-ე და ევროპული კონვენციის მე-6 მუხლებით გათვალისწინებული უფლებები; ასევე, გ. ს., ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა სამარტოო საკანში, ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობის ქვეშ - ხდებოდა მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება. აღნიშნულის გამო, ბრალდებული მიმართავდა თვითდაზიანებას, რითაც ასევე დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა - წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის შესახებ.
55.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სამართლიანი სისხლის სამართალწარმოებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრალდებულის დასწრება მის მიმართ წარმოებულ სასამართლო განხილვაზე (Lala v. the Netherlands, no. 14861/89, §33, ECtHR, 22/09/1994; Poitrimol v. France, no. 14032/88, §35, ECtHR, 23/11/1993; De Lorenzo v. Italy (dec.), no. 69264/01, ECtHR,12/02/2004). სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის დასწრების უფლების უზრუნველყოფა - თავდაპირველი სასამართლო განხილვის თუ განაჩენის გადასინჯვისას - მე-6 მუხლის ერთ-ერთ არსებით მოთხოვნას მიეკუთვნება (Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, § 58, ECtHR, 18/10/2006; Stoichkov v. Bulgaria, no. 9808/02, § 56, ECtHR, 24/03/2005).
55.2. იმავდროულად, ,,მართლმსაჯულების ჯეროვნად განხორციელებისთვის აუცილებელია ღირსების, ქცევის წესების დაცულობა და წესრიგი სასამართლო დარბაზში იყოს სასამართლო პროცესის დამახასიათებელი ნიშანი. ბრალდებულის მიერ სათანადო ქცევის ელემენტარული სტანდარტების აშკარა უგულებელყოფა არც შეიძლებოდა და არც უნდა ყოფილიყო შეწყნარებული“ (Ananyev v. Russia, no. 20292/04, § 44, ECtHR, 30/07/2009; Idalov v Russia[GC], no. 5826/03, §176, ECtHR, 22/05/2012). იმავდროულად, სასამართლო სხდომის თავმჯდომარეს ევალება, დაადგინოს შეეძლოთ თუ არა განსასჯელებს, გონივრულად განეჭვრიტათ თავიანთი ქცევის შედეგები (Ananyev v. Russia, no. 20292/04, § 45, ECtHR, 30/07/2009; Idalov v Russia[GC], no. 5826/03, §177, ECtHR, 22/05/2012).
55.3. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითად განხილვისას, 2014 წლის 2 დეკემბერს - გ. ს., ხოლო 2014 წლის 15 დეკემბერს - ლ. მ–ი წესრიგის დაცვის შესახებ რამდენიმე მითითებისა და ამ მითითების დაუმორჩილებლობის შემდეგ, განკარგულების საფუძველზე, გააძევა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. კერძოდ, გ. ს-ს გაძევება განაპირობა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობამ, სხდომის თავმჯდომარის მითითებების შეუსრულებლობამ, სასამართლო სხდომის დარბაზში წესრიგის უხეშად დარღვევამ და გაფრთხილების მიუხედავად, საქმის განხილვისთვის ხელის შეშლამ, რაც (სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა) გააგრძელა საოქმო განკარგულების გამოცხადებისა და დარბაზიდან გაყვანის დროსაც; ლ. მ-ის გაძევება განაპირობა სხდომის თავმჯდომარის არაერთი მითითების მიუხედავად, წესრიგის დაცვის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობამ, წესრიგის დარღვევამ და პროკურორის მიმართ შეგინებამ. ლ. მ-ი არაერთი მითითების შემდეგ გააძევეს, მაშინ, როდესაც იხილებოდა სასამართლო სხდომიდან გაძევებული - გ. ს-ს დაბრუნების საკითხი. სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ. ს. 2014 წლის 2 დეკემბრამდე - 2014 წლის 9 სექტემბერსაც გააძევეს სხდომის დარბაზიდან სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამო, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 17 სექტემბერს ბრალდებულ გ. ს-სა და მისი ადვოკატის - ი. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 9 სექტემბრის საოქმო განკარგულება, მათ შორის, გ. ს-ს სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაძევების შესახებ გაუქმდა (ვინაიდან დარღვეული იყო საქართველოს სსსკ-ის 85-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა - გაძევებამდე მოსამართლემ არ მისცა ზეპირი შენიშვნა და არ მოუწოდა არასათანადო ქცევის შეწყვეტისაკენ), 2014 წლის 2 დეკემბერს გ. ს-მა კვლავ დაარღვია წესრიგი (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 5 დეკემბრის განჩინებით დაცვის მხარის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის საოქმო განკარგულება დარჩა უცვლელად. სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ სასამართლო სხდომაზე გ. ს-ს მიეცა ზეპირი შენიშვნა წესრიგის დარღვევის გამო, მაგრამ მოსამართლის შენიშვნის მიუხედავად, მან სასამართლო სხდომაზე გააგრძელა წესრიგის დარღვევა, გამოხატა სასამართლოს მიმართ უპატივცემულობა, რის გამოც მოსამართლემ გააძევა სასამართლო სხდომის დარბაზიდან).
55.4. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების გაძევება სასამართლო სხდომის დარბაზიდან განაპირობა წესრიგის დაცვის შესახებ სხდომის თავმჯდომარის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობამ. სასამართლო სხდომის ოქმებით დგინდება, რომ სხდომის თავმჯდომარემ სხდომების გახსნისას, მათ შორის - 2014 წლის 2 დეკემბერს, გამოცხადებული პირები გააფრთხილა წესრიგის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის შესახებ (საქართველოს სსსკ-ის 85-ე მუხლი), ასევე სხდომის მიმდინარეობისას მოუწოდა როგორც, ზოგადად, წესრიგის დარღვევის, ისე - არასათანადო ქცევის შეწყვეტისკენ. სხდომაზე დამსწრე პირთათვის ცნობილი იყო, რომ მათ მიმართ სასამართლოს შეეძლო, გამოეყენებინა სხდომის დარბაზიდან გაძევება.
55.5. სასამართლო სხდომის ოქმით დგინდება, რომ გ. ს-ს გაძევების შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე სავალდებულო იყო გ. ს-სთვის სახელმწიფოს ხარჯზე ადვოკატის დანიშვნა (17:38:06), რის გამოც სხდომა გადაიდო. 2014 წლის 19 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა ადვოკატი ი. ბ-ე, რომელმაც წარმოადგინა ახალი ორდერი და განმარტა, რომ წინა სხდომებზე ბრალდებულმა მართალია მას მისცა აცილება, თუმცა ამჯერად პოზიცია შეთანხმებულია. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას გ. ს-ს ინტერესებს კვლავაც იცავს ადვოკატი ი. ბ-ე.
55.6. ამდენად, მსჯავრდებულები - გ. ს. და ლ. მ-ი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც მანამდე უკვე იყვნენ გაფრთხილებულები (შედარებისთვის იხ. Idalov v. Russia [GC] no. 5826/03, §§ 176-178, ECtHR, 22/05/2012). გარდა ამისა, მსჯავრდებულებს სათანადოდ წარმოადგენდნენ ადვოკატები, რომელთაც ჰქონდათ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შესაძლებლობა, ხოლო მსჯავრდებულების პოზიცია ასახულია სასამართლო სხდომის ოქმებში (კერძოდ, წინასასამართლო სხდომის ოქმში (ტ.N6; ს.ფ. N5-7), საქმის არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე (ტ. N7; ს.ფ. N8-11)). საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს განსასჯელების/მსჯავრდებულებისთვის საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 85-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება გამოცხადდა განსასჯელთა თანდასწრებით; სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმის განხილვა წარიმართა ზეპირი მოსმენითა და მსჯავრდებულების მონაწილეობით, სადაც მათ მიეცათ საკუთარი პოზიციის წარმოჩენის შესაძლებლობა; უზენაესი სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულებმა - გ. ს-მა და ლ. მ-მა საბოლოო სიტყვის ეტაპზე თავიანთი პოზიცია ჩამოაყალიბეს მოკლედ - მხოლოდ აღნიშნეს რომ ეთანხმებიან ადვოკატს.
56. კასატორი დაცვის მხარის (მსჯავრდებული ლ. მ-ი და მისი ადვოკატი ა. ბ-ე) მტკიცებით: გ. კ-ას მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება გამორიცხავდა ლ. მ-ის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენას ან მასში რაიმე სახით მონაწილეობას, რის გამოც ბრალდების მხარემ აღნიშნული მოწმე არ დაკითხა სასამართლოში და დაცვის მხარის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ გამოიძახა სასამართლოში დასაკითხად.
56.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე - მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში წარადგინოს დასაკითხ პირთა სია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ადვოკატ ა. ბ-ეს სასამართლოში არ წარუდგენია მტკიცებულებათა ნუსხა, მათ შორის - არ მოუთხოვია მითითებული მოწმის დაკითხვა არსებით სხდომაზე (იხ.: 2014 წლის 15 მაისის წინასასამართლო სხდომის ოქმი 15:49:32), მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარისთვის აღნიშნული მოწმის შესახებ ცნობილი იყო (მათ შორს, მოწმე გ. კ-ას დაკითხვის ოქმი 2014 წლის 10 მაისს გადაეცა, მათ შორის - ადვოკატ ა.ბ-ეს, რაც მას შესაძლო მტკიცებულებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ ოქმზე ხელმოწერით აქვს დადასტურებული) და თუ დაცვის მხარეს მიაჩნდა, რომ მოწმეს შეეძლო დაედასტურებინა მსჯავრდებულის უდანაშაულობა, ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენა, რომლისთვისაც მას ბრალი დაედო, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს ჰქონდა შესაძლებლობა, საქართველოს სსსკ-ით დადგენილი წესით მოეთხოვა მისი დაკითხვა არსებით სასამართლო სხდომაზე. ასევე - თუ დაცვის მხარეს საჭიროდ მიაჩნდა მოწმეთა სიაში მითითებული გ. კ-ას არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვა, უარი არ უნდა განეცხადებინა 2015 წლის 16 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გ. კ-ს მოწმის სახით დაკითხვაზე და არ უნდა მოეხსნა მოწმეთა დასაკითხ პირთა სიიდან სხვა მოწმეებთან ერთად (იხ: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 ოქტომბრის სხდომის ოქმი 14:41:55 – 14:42:20). ამდენად, საკასაციო სასამართლო, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორი დაცვის მხარის მტკიცებას/ პრეტენზიას, რომ უკანონოდ შეეზღუდათ მოწმე გ. კ-ას დაკითხვის უფლება.
56.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპის ,,მიზანია, უზრუნველყოს პროცესის მხარე შესაძლებლობით, გაეცნოს, აზრი გამოთქვას და თუ ეს მის ინტერესებშია, გააქარწყლოს ყველა მტკიცებულება და არგუმენტი, რომელზეც სასამართლომ შეიძლება დააფუძნოს თავისი მოსაზრება, აგრეთვე დაარწმუნოს სასამართლო თავისი პოზიციის სისწორეში, წარუდგინოს მას შესაბამისი მტკიცებულებები და მოსაზრებები, რასაც სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში, როგორც მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების, ისე უარყოფის შემთხვევაში" (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-18). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს.... მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15), ხოლო საქმის არსებითი განხილვისას სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც მოიპოვეს და წარმოადგინეს მხარეებმა.
57. მსჯავრდებული ლ. მ-ი და მისი ადვოკატი ასევე უთითებენ, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება დანაშაულის მოტივი.
57.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული „კონვენციის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სიცოცხლის დაცვის ვალდებულება გულისხმობს, ადამიანების მკვლელობის შემთხვევაში ეფექტური ოფიციალური გამოძიების ჩატარების ვალდებულებას. ამგვარი გამოძიების მოვალეობა წარმოიშობა მკვლელობის ან სიკვდილის სხვა საეჭვო შემთხვევების დროსაც, მიუხედავად იმისა, დამნაშავეები კერძო პირები არიან, სახელმწიფო მოხელეები თუ უცნობი პირები (Tsintsabadze v. Georgia, no. 35403/06, §74, ECtHR, 15/02/2011). გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო შესაძლო ზომა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოპოვების, მათ შორის - თვითმხილველთა ჩვენებების, ნივთმტკიცებებისა და საჭიროებისამებრ გვამის გაკვეთის შესასრულებლად (Tsintsabadze v. Georgia, no. 35403/06, §75, ECtHR, 15/02/2011; Salman v. Turkey [GC], no. 21986/93, §106, ECtHR, 27/06/2000; Tanrıkulu v. Turkey [GC], no. 23763/94, §109, ECtHR, 08/07/1999; Gül v. Turkey, no. 22676/93, § 89, ECtHR, 14/12/2000); გამოძიების დასკვნები უნდა ეყრდნობოდეს ყველა შესაბამისი ფაქტის ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს (Tsintsabadze v. Georgia, no. 35403/06, §85, ECtHR, 15/02/2011).
57.2. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მოტივი არ წარმოადგენს ლ. მ-ისთვის შერაცხული დანაშაულის შემადგენლობის არც სავალდებულო (განსახილველ შემთხვევაში მოტივი არ აფუძნებს ქმედების შემადგენლობას) ან/და მაკვალიფიცირებელ გარემოებას და მისი (დანაშაულის მოტივის) დაუდგენლობა არ გამორიცხავს ლ. მ-ის მიერ ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას ან/და ბრალეულობას, არ მიუთითებს მის უდანაშაულობაზე.
58. დაცვის მხარის მტკიცებით, დადგინდა, რომ შემთხვევის შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 112-ში გ. ფ-ის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ შეტყობინება არ შესულა, რაც ადასტურებს, რომ მოწმეებმა და სასჯელაღსრულების თანამშრომლებმა ცრუ ჩვენებები მისცეს. სასწრაფოს ექიმმა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა, რომ მის მისვლამდე გ. ფ–ე „დაგდებული“ ჰყავდათ ქვის იატაკზე და დეპარტამენტის ხელმძღვანელობა აიძულებდა მას, გადაეყვანა საავადმყოფოში, რაზედაც ექიმმა უარი განაცხადა, რადგან ფ---------ე უკვე გარდაცვლილი იყო.
58.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს მოწმე გ. კ-ის ჩვენებას, რომლის თანახმადაც, 2014 წლის 4 მარტს, გამთენიისას, ოპერატორმა მათი ბრიგადა გამოიძახა გ-ის კოლონიაში (გამოძახების მიღების დროს 02:30 – 02:40), რადგან პატიმარი იყო ცუდად. ადგილზე მისულებმა ( მისვლის დრო 03:00) ნახეს, რომ პატიმარს, რომელიც იატაკზე იწვა, ციხის ექიმი უტარებდა სამედიცინო დახმარებას, ხელოვნურ მასაჟს და ე.წ. „ამბუს“. გ. ფ-ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარება ექიმმა შეაფასა კვალიფიციური ექიმის მიერ ყველა ზომის მიღებად, რომლის მიუხედავადაც, დაზიანებების ხასიათისა და ხარისხის გათვალისწინებით, დადგა სიკვდილი. სწორედ ამ მიზეზით არ გადაიყვანეს საავადმყოფოში. შესაბამისად, დაცვის მხარის მოცემული მსჯელობა დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს მოწმის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაციიდან. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის- „112“ - ადმინისტრაციის უფროსის - დ. ჯ-ის წერილი, რომლის თანახმადაც, ადვოკატ ი. ბ-ეს შესაბამისი საფუძვლების არ არსებობის გამო ინფორმაციის მიწოდებაზე უარი ეთქვა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ იატაკზე გ--- ფ---------ის დაწვენა განპირობებული იყო სამედიცინო მანიპულაციების მოთხოვნებით. კერძოდ, მოწმე გ. კ-მა განმარტა, რომ ადამიანს ხელოვნური სუნთქვა და მასაჟი უტარდება იატაკზე (იხ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 12 იანვრის სხდომის ოქმი 15:01:50 – 15:02:20).
59. გ. კ-ას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის არ დაწყების საკითხზე კასატორი დაცვის მხარის (ლ. მ-ი და მისი ადვოკატი ა. ბ-ე) პოზიციასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა, ხოლო მე-12 და 166-ე მუხლების თანახმად - სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 24 ივნისის განჩინება №230აპ-13) და შეზღუდულია ბრალის ფორმულირებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალდებების ფარგლებში. ვინაიდან ბრალდების მხარეს გ. კ-ას ქმედება სამართლებრივად არ შეუფასებია სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, სამართლებრივი შეფასება მისცეს გ. კ-ას ქმედებას ( საქ. უზ. სასამართლოს 2021წლის 5 თებერვლის განაჩენი საქმზე N 16აპ-21).
59.1. საკასაციო სასამართლო იმავდროულად ითვალისწინებს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N... დასკვნას, რომლის თანახმად: პაკეტში წარწერით: ,,...გ. კ-ას ტანსაცმელი...” მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია გ. კ-ას (ობ.N.., პაკეტი წარწერით:”...გ. კ-ას სისხლის ნიმუში...”) გენეტიკური პროფილისა. ამავე პაკეტში მოთავსებულ ჟაკეტსა და მაისურზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ გამოვლინდა; პაკეტში წარწერით: ,,...ელექტროჩაიდანი...” მოთავსებულ ჩაიდანზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი შერეული ტიპისაა და ეკუთვნის, სულ მცირე, ორ პირს. ობ. N..-ის ერთი წილი ინდენტურია გ. ფ-ის (ობ. N..) გენეტიკური პროფილისა. ობ. N..-ის პროფილში, მათ შორის გ. კ-ას (ობ. N..; პაკეტი წარწერით: ”...გ. კ--ას სისხლის ნიმუში...”) გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხა; პაკეტში, წარწერით: ,,...N.. საკნიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, სულ 6 ნიმუში...“ მოთავსებული ნაცხის ასაღები ხუთი ჩხირის ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N..) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N..-ის გენეტიკური პროფილი იდენტურია გ. ფ-ის (ობ. N..) გენეტიკური პროფილისა. ობ.N--ის გენეტიკური პროფილი შერეული ტიპისაა და ეკუთვნის, სულ მცირე, ორ პირს. ობ. N--ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი იდენტურია გ. ფ-ის (ობ. N..) გენეტიკური პროფილისა. ობ.N--ის პროფილში, მათ შორის - გ. კ-ას (ობ. N..; პაკეტი წარწერით ”... გ. კ-ას სისხლის ნიმუში...”) გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხა. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N.. დასკვნასაც.
60. ბრალდების მხარე საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვს მსჯავრდებულების - გ. ს-სა და ლ. მ-ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას. მოთხოვნის დასასაბუთებლად კასატორი უთითებს მსჯავრდებულთა პიროვნულ მახასიათებლებსა და იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულები არ აღიარებენ დანაშაულს. ამასთან, ლ. მ-ის მიმართ ითხოვს სასჯელის სრულად შეკრების პრინციპის გამოყენებას, ვინაიდან იგი ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა ჩადენისათვის.
60.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ დანაშაულის ჩადენის დროისათვის (2014 წლის 12 თებერვალს) საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი (გ. ს.) სასჯელის სახით ითვალისწინებდა - თავისუფლების აღკვეთას რვიდან ათ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილი (ლ–ი მ-ი) - ათიდან ცამეტ წლამდე. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა, გაითვალისწინა მსჯავრდებულების ინდივიდუალური მახასიათებლები და განუსაზღვრა გ. ს-ს - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ლ. მ-ს - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა - სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებს, სასჯელის მიზნებს და შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია; ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია მტკიცებულება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა მსჯავრდებულისათვის სასჯელის დამძიმება.
60.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ კასატორის (ბრალდების მხარის) მიერ საჩივარში მითითებული: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული სანქცია - თავისუფლების აღკვეთას 8-11 წლამდე და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული სანქცია - 10-14 წლამდე, არის აღნიშნულ მუხლში ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2015 წლის 12 ივნისის N3705-IIს-ს საქართველოს კანონით დადგენილი გამკაცრებული სასჯელი მითითებული მუხლის მითითებული ნაწილებისათვის, ხოლო იმის მხედველობაში მიღებით, რომ აღნიშნული ცვლილებით სანქციის ზედა ზღვარი გაიზარდა (ცვლილებამდე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებდა რვიდან ათ წლამდე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-8 ნაწილი - ათიდან ცამეტ წლამდე), ხოლო საქართველო სსკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, ,,თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი“, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გამოიყენოს ბრალდების მხარის მიერ მითითებული რედაქცია/სასჯელი.
60.3. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარება ან/და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეწყობა წამახალისებელი ნორმებია და შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს პასუხისმგებლობის შემსუბუქებისას. არასწორია საპირისპიროს პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 5 იანვრის N641აპ-20 განჩინება). ,,ბრალის აღიარება, საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადება და თანამშრომლობა წამახალისებელი ნორმებია, რაც პირს არაფერს ავალდებულებს, პირიქით, საკანონმდებლო დონეზე და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განმტკიცებულია დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილის დუმილის უფლება და უფლება კანონით ნებადართული ყველა საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები. ამდენად, არასწორია ვალდებულების არარსებობისას პირის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლების გამოყენების პასუხისმგებლობის დამამძიმებლად მიჩნევა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის N932აპ-09 განჩინება).
60.4. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის განაჩენით დანიშნული, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შემცირებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ლ.ი მ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.
60.5. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ლ---- მ-სა და გ. ს-ს სასჯელი დანიშნული აქვთ რეციდივის გათვალისწინებით, იმავდროულად, ლ. მ-ის შემთხვევაში მისი წარსული ნასამართლობა სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია სასჯელის ზომის განსაზღვრისას ერთდროულად, როგორც საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ქმედების კვალიფიკაციისას (როგორც მაკვალიფიცირებელი გარემოება - „არაერთგზისობა“), ასევე - საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე - რეციდივის წესის გამოყენებით სასჯელის ხანგრძლივობის განსაზღვრისას. შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის ( „თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემობა სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება“) საკასაციო სასამართლო ვერ მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს ბრალდების მხარის მოთხოვნა წარსული ნასამართლობის საფუძველზე სასჯელის შემდგომი გამკაცრების შესახებ.
60.6. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს; სასჯელი უნდა განისაზღვროს ინდივიდუალური მიდგომის, კონკრეტული ქმედებისა და ამ ქმედებიდან გამომდინარე იდენტიფიცირებადი საფრთხეების შეფასების საფუძველზე. „სასჯელი უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხესთან გონივრულ პროპორციაში ... სასჯელის დაკისრება უნდა მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38).
60.7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დაზარალებულის უფლებამონაცვლის პოზიციის, მსჯავრდებულების ქცევის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების - გ. ს-სა და ლ. მ-ის მიმართ განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და არ არსებობს მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძველი.
61. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი გ. ს-სა და ლ. მ-ის მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო ბრალდებისა და დაცვის მხარეებს უარი ეთქვათ აღნიშნულ ნაწილში მათ მიერ საკასაციო საჩივრების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სახელმწიფო ბრალმდებლის - ირაკლი კოძახიძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განაჩენში შევიდეს ცვლილება;
3. დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ირაკლი კოძახიძესა და მსჯავრდებულ შ. შ–ს შორის:
4. შ. შ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-8 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯოს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენით დანიშნული, ამნისტიის გამოყენების შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით შემცირებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 დეკემბრის განაჩენით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 (ხუთი) წლით, 8 (რვა) თვითა და 16 (თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ. შ–ს სასჯელის ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა. მას დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2015 წლის 15 დეკემბრიდან;
6. მსჯავრდებულ გ. ს-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. ბ-ის, მსჯავრდებულ ლ. მ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. ბ-ისა და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დათო ცირეკიძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი
შ. თადუმაძე